ტარიფთან დაკავშირებით ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

სემეკ-მა სატარიფო საკითხებთან დაკავშირებით, ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე კომპანიების მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, კომისიამ სატარიფო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე კომპანიების მოთხოვნები სრულად არ დააკმაყოფილა. კერძოდ, კომისიამ სხდომაზე იმსჯელა სს “ენერგო პრო ჯორჯიას”, შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”, შპს “მცხეთის წყალის” მოთხოვნებზე და მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის დიდი ნაწილი, რომელიც შეეხება კომპანიების ტექნიკურ და ფინანსურ მონაცემებს საჯაროდ ცნო.
“კომისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საზოგადოების ფართო ფენების ინფორმირებულობა, როგორც კომისიის ზოგად საქმიანობასთან, განსაკუთრებით კი სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად ცნო მხოლოდ ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინა კომპანიების მოთხოვნები მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინფორმაცია ღია ხდება ინფორმაციის ღიაობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში არ გაასაჩივრა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები