რა წერია ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში
დოკუმენტების უსაფრთხოება, ინტეგრირებული საზღვრების მართვა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და მისი პრევენცია, სასამართლო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებზე, მონაცემთა დაცვა, გადაადგილების თავისუფლება და ასევე პირობები და პროცედურები, რომლებიც აუცილებელია სამგზავრო და იდენტიფიცირების დოკუმენტების უზრუნველსაყოფად, – ეს ის საკითხებია, რომელთა სრულად დაკმაყოფილება “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” განხორციელების შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით საქართველომ შეძლო.
ევროკომისიის დასკვნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც ასრულებს სამოქალაქო რეესტრის ფუნქციას, გასცემს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და ახორციელებს მოქალაქეობასთან დაკავშირებულ პროცედურებს, არის კარგად მართული უწყება.
“სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ასრულებს სამოქალაქო რეესტრის ფუნქციას, გასცემს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს და ახორცილებს მოქალაქეობასთან დაკავშირებულ პროცედურებს. ეს არის კარგად მართული უწყება, შესაფერისი და საქმის მცოდნე ზედა რგოლის მენეჯმენტით, რომლის ფუნქციები და პასუხისმგებლობა მკაფიოდაა განსაზღვრული. თანამშრომლების სამსახურში აყვანის პროცესი ჯანსაღია, ისევე, როგორც მიდგომა თანამშრომლების ტრენინგის მიმართ. უზრუნველყოფილია აუცილებელი ტრენინგი, მიმდინარე ტრენინგის ჩათვლით, რაც ფუნქციების ეფექტიანად და დროულად შესრულებას ემსახურება. საქართველოში განცხადებების მიღების და დოკუმენტების გაცემის სისტემა ეფექტიანი და უსაფრთხოა; უზრუნველყოფილია განცხადებების მიმღებთა, გადაწყვეტილების მიმღებდა და დოკუმენტების გამცემთა ფუნქციების გამიჯნვა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისი ბიომეტრიული პასპორტების შემოღება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ წარმატებით განხორციელდა“,-აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება საზღვრის ინტეგრირებულად მართვის საკითხებს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში სამართლებრივ ჩარჩოზე წერმატებულმა მუშაობამ და კანონმდებლობის ეფექტიანად განხორციელებაზე ზრუნვამ უზრუნველყო საქართველოს საზღვრის ინტეგრირებული მართვის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა.
“საქართველოს ხელისუფლებაში ჩანს მკაფი მზაობა სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების შემდგომი განმტკიცების მიმართულებით. საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგია განახლდა; ყველა შესაბამის უწყებას შორის არის ურთიერთგაგება საზღვრის მართვის გაუმჯობესების აუცილებლობასთან დაკავშირებით. სტრატეგიის განხორციელებას უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების, პასუხისმგებლობების და ვადების მითითებით შემუშავებული სამოქმედო გეგმა. სატრანსპორტო ნაკადის მოცულობასთან შედარებით სასაზღვრო წესების დარღვევათა რაოდენობა მცირეა, ხოლო ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო წესების დარღვევები ნაკლები. სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრის გადაკვეთის პუნქტები ჰარმონიზებული წესითაა მოწყობილი. თანამშრომლობა საპატრულო პოლიციასა და შემოსავლების სამსახურს შორის სამაგალითოა. სასაზღვრო – გამშვები პუნქტები, რომლებიც ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო ნაკადებს აკონტროლებენ თანამედროვეა და პრაქტიკული“,- აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება მიგრაციის მართვას, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიგრაციის მართვა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონი კარგად სრულდება.
“ყველა საჭირო კანონქვემდებარე აქტი მიღებულია. საქართველოს 2013–2015 წლების მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება ქვეყნის მიგრაციის მართვაში განხორციელებული ძირითადი ღონისძიებაა. გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება მიმდინარეობს. მიგრაციის საკითხებზე მომუშავე შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას ეფექტიან კოორდინირებას უწევს მთავრობის საკონსულტაციო ორგანო – მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო კომისია. საქართველოს სახელმწიფო ადმინისტრაციის შესაძლებლობების და ადამიანური რესურსების მართვა ზოგადად დამაკმაყოფილებელი და ეფექტიანია. ყველა შესაბამის სექტორსა და სამინისტროში უზრუნველყოფილია თანამშრომელთა ტრენინგის ადექვატური დონე. რეადმისიის პროცედურები და რეადმისიის საქმეების მართვის ელექტრონული სისტემა დანერგილია და კარგად ფუნქციონირებს. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის იმ ნაწილების ამოქმედება, რომელიც დაკავებას და დაბრუნებას 5 შეეხება, 2015 წლის 1 ივლისამდე გადაიდო. ხელისუფლებამ ყველა საჭირო მექანიზმი და საშუალება დანერგა. საჭიროა სიღრმისეული ანალიზი, რომ განისაზღვროს ნებისმიერი ტიპის ხარვეზი და სამართლებრივი საკითხი, რომელსაც მოგვარებას საჭიროებს“,-აღნიშნულია ანგარიშში.
ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პუნქტიც სრულად შესრულებულია.
“საკანონმდებლო ცვლილებებმა, სტრუქტურულმა რეფორმებმა და სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობებზე, მათ შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციის გაძლიერებაზე მიმართულმა საქმიანობამ, შესაძლებელი გახადა ეფექტიანი ზომების მიღება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. ორგანიზებული დანაშაულისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ამოღების თანამედროვე კანონმდებლობამ, შესაძლებელი გახადა ყველაზე ცნობილი ორგანიზებული დანაშაულებრივ ჯგუფებთან გამკლავება. ორგანიზებული დანაშაულის შესახებ საზოგადოების ინფორმირების პროგრამამ საზოგადოებრივი აზრი მის წინააღმდეგ განაწყო. სამართალდამცავი ორგანოებსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის კარგი კოორდინაციაა და ის კარგად ფუნქციონირებს. კოორდინაციის უზრუნველყოფა, სხვა საშუალებებთან ერთად, შესაძლებელი გახდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეშვეობით, რომელიც ინფორმაციისა და პასუხისმგებლობების გაზიარების ეფექტური უწყებაა. საბჭო ასევე უზრუნველყოფს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სწორად წარმართვას. შესაძლებლობა, რომელიც საქართველოში დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის სფეროში ჩამოყალიბდა, საფრთხეების საფუძვლიანად შეფასების საშუალებას იძლევა“,- ნათქვამია ანგარიშში ევროკომისიამ დასკვნა დღეს გამოაქვეყნა, “კვირა“ დასკვნის სრულ, ქართულენოვან ვერსიას გთავაზობთ, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა.
http://www.justice.gov.ge/Multimedia%2FFiles%2F2015%2F20150508vlap_ka.pdf