პრემიერი: ახლო მომავალში შსს-ს სისტემის გაყოფა იგეგმება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, უახლოეს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის გაყოფა იგეგმება.
ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც ის დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.
როგორც პრემიერმა განაცხადა, პოლიციის ორგანოების ძირითად ფუნქციად დანაშაულის თავიდან აცილება და აღკვეთა დარჩება.
„ახლო მომავალში იგეგმება სისტემის გაყოფა. ცალკე უწყებად დარჩება შინაგან საქმეთა სამინისტრო და შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი ამოცანებითა და სტრუქტურით. პოლიციის ორგანოების ძირითად ფუნქციად დანაშაულის თავიდან აცილება და აღკვეთა დარჩება“, – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ღარიბაშვილის განმარტებით, მას სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება, ასევე, სპეციფიკური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა დაეკისრება.
„ჩვენი პრიორიტეტი პოლიციის საქმიანობის არსებული სტანდარტების შემდგომი დახვეწაა. ამ მიმართულებით სამინისტრო ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში ძალადობის ფაქტების შემცირება და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაა. დაიხვეწება პოლიციელთა მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების მექანიზმები“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.