ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ დავაფინანსეთ 119 ახალი საწარმო
მთავრობამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 119 ახალი საწარმო დააფინანსა – აღნიშნული პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგინებისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობა მთავრობამ რეალურ პრიორიტეტად აქცია და ამ კუთხით არაერთი პროექტი განახორციელა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე პროექტის „დანერგე მომავალის“ შესახებ ისაუბრა, რომლის ბიუჯეტიც 15 მილიონია და რომლის ფარგლებშიც 1 400 – 1 500 ჰექტარი მრავალწლოვანი კულტურების ახალი ბაღები და პლანტაციები გაშენდება, ასევე, მოხდება სანერგე მეურნეობის თანადაფინანსება.
„გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, გასული წლის შემოდგომიდან მოქმედებს აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა. პროგრამის ფარგლებში უკვე გაცემულია 21 ათასზე მეტი პოლისი და დაზღვეულია 150 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა კულტურა. 2015 წლის პროგრამის ბიუჯეტი გახლავთ 10 მილიონი ლარი, სახელმწიფო სუბსიდია კი, 60 პროცენტამდეა. ეს პროგრამა ჩვენ მნიშვნელოვნად დაგვეხმარება აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ამავე გამოსვლაში იმ შეღავათიანი აგროკრედიტების შესახებაც ისაუბრა, რომელიც ფერმერებსა და მეწარმეებს იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფს.
„ეს სესხები 3, 2, 1, და შესაძლოა 0-პროცენტიანიც კი იყოს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის პირობები მიმზიდველია, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის და, მეორე მხრივ, თავად ბანკებისთვის. ფერმერები და აგრომეწარმეები იღებენ გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს, ხოლო ბანკებს შეუმცირდათ აგროდაკრედიტების რისკები. ჩვენ დავაფინანსეთ 119 ახალი საწარმო, 600-ზე მეტი საწარმო გაფართოებულია. მთლიანობაში გაცემულია 22 ათასზე მეტი სესხი, რომელთა ღირებულება 800 მილიონ ლარზე მეტია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.