სსმს-ს დირექტორმა უსაფრთხოების მეხუთე ფორუმში მიიღო მონაწილეობა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ ლევან ბუიღლიშვილმა 6-7 მაისს ბრიუსელში გამართულ ევროპის სამოქალაქო უსაფრთხოების მეხუთე ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.
ფორუმი „პარტნიორობა და ინოვაციები“ ევროპის სამოქალაქო უსაფრთხოების თემაზე ყველაზე მასშტაბურ საჯარო ღონისძიებას წარმოადგენს, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ, ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებითა და სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის ორგანიზებით იმართება.
ფორუმის ძირითადი თემები იყო: პარტნიორობა ევროპისა და გაეროს ორგანიზაციებთან, მსოფლიოს მასშტაბით, სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციებთან, ასევე, კერძო კომპანიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამეცნიერო ინსიტუტებთან და სხვა; ახალი ტექნოლოგიები, კვლევისა და განვითარების კავშირი, საზოგადოებისა და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობის ინოვაციური გზები.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი კონფერენციაზე, მაღალი დონის „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში – „ევროკავშრის სამეზობლო ქვეყნები-ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, სიტყვით გამოვიდა. სააგენტოს დირექტორი და მისი მოადგილე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრში მიწვეული იყვნენ როგორც PPRD East პროგრამის პარტნიორი ქვეყნის წამომადგენლები. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, სადაც 900-ზე მეტი მონაწილე იყო წარმოდგენილი, ღია და დახურული გამოფენები გაიმართა. ღონისძიებაზე დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმთან დაახლოების სტრატეგიული ხედვა განიხილეს, ასევე შეფასდა მიღწევები და დაისახა არსებული გამოწვევების დაძლევის გზები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები