შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „კონსტიტუციური სახელმწიფო გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ“. კონფერენცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ, ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩმა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა საზეიმოდ გახსნეს.
კონფერენციის ესწრებიან შსს-ს აკადემიის ხელმძღვანელი პირები, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მიგელ დე სერვანტესის ევროპული უნივერსიტეტის, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის და ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის აკადემიური პერსონალი.
კონფერენციის განმავლობაში მოხსენებით გამოვლენ შსს-ს აკადემიის წარმომადგენლები, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის და მიგელ დე სერვანტესის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორები და ანალიტიკოსები. ასევე განიხილება ორგანიზებული დანაშაულის, კიბერტერორიზმის, თანამედროვე საზოგადოების გეოსტრატეგიული უსაფრთხოების, საჯარო და კერძო უსაფრთხოების თავსებადობისა და ურბანული პოლიციის ადმინისტრაციული ფუნქციების საკითხები. კონფერენციის დასასრულს, მადრიდის ნებრიხას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.