ირაკლი ღარიბაშვილი: არ ვაპირებ, თქვენს დემაგოგიას ავყვე
არ ვაპირებ, თქვენს დემაგოგიას ავყვე და თქვენს აბსურდულ მონაცემებზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის წევრების გამოსვლას პარლამენტში. მან „ნაციონალური მოძრაობის“ საუბარი დემაგოგიად შეაფასა.
“მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ თქვენს დემაგოგიას ავყვე და თქვენს აბსურდულ მონაცემებზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო. ის ციფრები და შედეგები, რომლებზეც გესაუბრეთ, კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობა. არ ვაპირებ თქვენს შეურაცხყოფებს ვუპასუხო. ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ გეტყვით ერთს – ჩვენ ჩვენი საქმით ვაჩვენებთ, როგორია ჩვენი მიდგომები და ღირებულებები. რაც შეეხება თქვენს ბრალდებებს ნათესავებთან მიმართებაში, იქ კლანები ახსენეთ – არ ვაპირებ, რომ ამ მოგონილ, ცრუ, ცილისწამებებზე გაგცეთ პასუხი. მე დღეს ვიმყოფები საქართველოს პარლამენტში, რომ ვისაუბრო მთავრობის პროგრამაზე, გესაუბროთ გზებზე, რომლებიც პრობლემების გადასაჭრელად ჩვენ დავისახეთ, ასევე გესაუბროთ შესრულებულ სამუშაოებზე. ნამდვილად მიჭირს, გამოვარჩიო თქვენ მიერ დასმულ შეკითხვებში გონივრულობასთან ახლოს მყოფი კითხვა. ერთს გეტყვით, ჩემ მიერ მოყვანილ მონაცემებში ყველაფერი არის გადამოწმებული. ის არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობილი მონაცემები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.