თამარ ბერუჩაშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ნაბიჯის უკან არიან ძალები, რომელთაც ძალიან სერიოზული გეგმები აქვთ

ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე არ გაგვემწვავებინა მეტი იმ დონეზე, რომ არ გამოგვეწვია ელჩი თუნდაც კონსულტაციებისთვის, მაგრამ ეს საკითხი აყვანილია კონტროლზე. ვშიშობ, ეს არ იქნება ბოლო ეპიზოდი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარისა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მთიან ყარაბაღში შეხვედრას.
როგორც ბერუჩაშვილმა საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული შეხვედრა ძალიან სავალალო, ძალიან ნიშანდობლივი და ძალიან საშიში ტენდენციაა.
“დარწმუნებული ვარ, ამ ნაბიჯის უკან არიან ძალები, რომელთაც აქვთ ძალიან სერიოზული გეგმები. რასაკვირველია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გეგმები არ განხორციელდეს და ამ თემით სპეკულირება არ მოხდეს. ჩვენი ელჩი ორჯერ იყო სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესაუბრა კოლეგას და მათ პრაქტიკულად ბოდიში მოიხადეს ამ საუბრის შემდეგ. ჩვენ გადავწყვეტეთ, ამ ეტაპზე არ გაგვემწვავებინა მეტი იმ დონეზე, რომ არ გამოგვეწვია ელჩი თუნდაც კონსულტაციებისთვის, მაგრამ ეს საკითხი აყვანილია კონტროლზე. მე ვშიშობ, ეს არ იქნება ბოლო ეპიზოდი. იმ ვექტორის, იმ პრიორტეტების და იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც აქვს დღეს სომხეთს, რა რეალობაშიც ცხოვრობს დღეს ჩვენი მეზობელი სომხეთი, არ არის გამორიცხული ამ და კიდვე სხვა თემების გამოყენება საქართველოს საზიანოდ.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ საკითხს აქვს განსაკუთრებული ყურადღება და ჩვენ ამ თემაზე ვისუბრეთ ბრიუსელში. ეს საკითხი მათაც აქვთ, როგორც პრიოტიტეტულად”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ანატოლი ბიბილოვი სომხეთის პარლამენტმა ყარაბაღში მიიწვია. ამავე ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვი სომხეთის პარლამენტის სპიკერს, გალუსტ სააკიანს შეხვდა, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები