ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, უმცირესობის სხდომაზე შსს-ში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული და უწყება თავის საქმიანობას კანონის ფარგლებში ახორციელებს.
“პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული. სამინისტრო ინარჩუნებს დეპოლიტიზების აღებულ კურსს, პოლიცია აღარ ახორციელებს პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებას და თავის საქმიანობას წარმართავს კანონის, დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვით.
საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ნარკოტიკული დანაშაული, ოჯახში ძალადობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხების რეგულირება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა, განხორციელდა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. გამჭვირვალე გახდა დროებითი მოთავსების იზოლატორების საქმიანობა.
შეიქმნა მიგრაციის დეპარტამენტი და აშენდა არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი. განხორციელდა უსინათლოთათვის შსს-ს ვებგვერდის ადაპტირება, მომზადდა შსს–ს ვებგვერდის სპეციალური ხმოვანი ვერსია. მეტყველებისა და სმენის პრობლემების მქონე პირებისთვის უზრუნველყოფილია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრთან, “112”-თან წვდომა მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ვიდეოზარის მეშვეობით.
გრძელდება დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის გატარება. პრიორიტეტებს განეკუთვნება ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ. აშენდა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა შსს-ს 100-ზე მეტ ობიექტს. იმ ტერიტორიებზე, სადაც პატრულირება არ ხორციელდებოდა, დღეს უკვე შექმნილია ახალი საპატრულო დანაყოფები. აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 10 ახალი სასაზღვრო სექტორი. აღდგენილია სასაზღვრო სექტორებამდე მისასვლელი გზები. ჩატარდა სარემონტო, გაზიფიცირების, ელექტრიფიცირების, წყალმომარაგებისა და სხვა სახის მოწყობითი სამუშაოები. განახევრდა საპატრულო ჯარიმები და გამკაცრდა ნასვამი მძღოლების მიმართ სანქციები. შესაბამისი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახებისთვის გაიცემა 100 ათასი ლარი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები