ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის პრიორიტეტი – დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა უცვლელია
მიხარია, რომ გამოვდივარ იმ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არჩევანისა და სიცოცხლის უფლება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობის პრიორიტეტი, ძლიერი, ეფექტიანი და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, უცვლელია და ამ რეფორმას, მისი თქმით, წინ ვერაფერი აღუდგება.
“მე მიხარია, რომ გამოვდივარ იმ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არჩევანისა და სიცოცხლის უფლება. სწორედ ამიტომ, მე აღარ შევეხები ჩვენ შორის არსებულ ღირებულებით განსხვავებებს და დღეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დღევანდელობაზე და მომავალზე ვისაუბრებ. დღეს გამოჩნდება, შეგწევთ თუ არა ძალა, თვალი გაუსწოროთ პროგრესს და აღიაროთ ის გაკეთებული საქმეები და ციფრები, რომლებსაც მე დღეს მოგახსენებთ… მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავრობის პრიორიტეტი არის უცვლელი – ეს არის ძლიერი, ეფექტიანი და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. ამ რეფორმებს წინ ვერაფერი აღუდგება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცესი გახდეს შეუქცევადი”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.