თეა წულუკიანი: სამართლიანობის აღდგენა არ არის იუსტიციის სამინისტროს ხელში

სამართლიანობის აღდგენა ჩემს ხელში აღარ არის, ამიტომ ვერავინ მაგებინებს ამაზე პასუხს, მით უმეტეს, პარლამენტში – აღნიშნულით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დეპუტატების მხრიდან დასმულ შეკითხვას იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებებათა, თავდაცვის და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უპასუხა.
მინისტრმა უმცირესობას 2013 წელს მიღებული ის კანონი შეახსენა, რომლის მიხედვითაც იუსტიციის მინისტრს პროკურატურის მიმართ ყველანაირი უფლებამოსილება ჩამოერთვა.
“მე არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ მინდა, შეგახსენოთ ერთი რამ – სამთავრობო და საპარლამენტო გუნდმა 2013 წლის მაისში მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის მინისტრს ჩამოერთვა პროკურატურასთან მიმართებაში ყველანაირი უფლებამოსილება. ამას შეგახსენებთ ერთი მიზეზის გამო – დღეს ნუ წარმოაჩენთ საზოგადოების წინაშე სიტუაციას ისე, თითქოს სამართლიანობის აღდგენა ჩემს ხელშია და არ ვაკეთებ.
ხელები მე მომეჭრა 2013 წლის მაისში. ამის შემდეგ, ხმამაღლა ვამბობ, სამართლიანობის აღდგენა ჩემს ხელში აღარ არის, ამიტომ ვერც ვერავინ მაგებინებს ამაზე პასუხს, პარლამენტში – მით უმეტეს. ეს კანონი, რომელსაც კენჭი ეყარა მაშინ ერთსულოვნად, არ ვარგა და უნდა გასწორდეს, რადგან ეწინაამდეგება კონსტიტუციას, რომელიც ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი პროკურატურაზე ახორციელებს ზოგად ხელმძღვანელობას. მიიღეთ ჩემი ზომიერი აღშოფთება იმ ცუდ რეფორმასთან დაკავშირებით, რაც იქნა მიღებული. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ სამართლიანობის აღდგენა არ არის იუსტიციის სამინისტროს ხელში”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები