„ბევრი გაფუჭებული საქმეა, რომელიც ნელ-ნელა ისევ ჩვენ უნდა გამოვასწოროთ…“
„ჩემი მშობლები ელენე ახვლედიანთან მეგობრობდნენ. მე ალბათ, 5-6 წლის ვიყავი, როცა პირველად მის სახელოსნოში მოვხვდი, რომლის კარიც არასდროს იკეტებოდა და, სადაც ცნობილი საზოგადო მოღვაწეები იკრიბებოდნენ. პირველი ნაბიჯები იქ ავიდგი. ისეთი გარემო იყო, თუ ცოტა მონაცემები გქონდა, შეუძლებელი იყო, არ ჩამოყალიბებულიყავი. ქალბატონმა ელენემ შემაყვარა მხატვრობა. პირველი და ყველაზე მთავარი, რაც მასწავლა, პალიტრა ყოველთვის სუფთა უნდა ყოფილიყო. ხელსაწყო, რომლითაც მუშაობ, აუცილებლად უნდა გიყვარდეს. მახსოვს, უკვე დიდი ვიყავი, სახელოსნოდან წამოვედი და ერთი ფუნჯი გასარეცხი დამრჩა. ღამის 12 საათზე უკან მივბრუნდი მის გასარეცხად. მართალია, იმ ფუნჯს დილამდე არაფერი მოუვიდოდა, მაგრამ ის, შენ მერე აღარ გპატიობს. სამწუხაროდ, ამის ახსნა-განმარტება ჩემს სტუდენტებთან ხშირად მიწევს. იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში მეორე კურსზე ვსწავლობდი, როცა ქალბატონი ელენე გარდაიცვალა და სულ მგონია, რომ რაღაც ვერ მოვასწარი, განვიცდი მის არ ყოფნას…“ – მხატვარი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი.
– გამოფენები…
– ყველაზე კარგად მახსენდება ის საბავშვო გამოფენები, რომლებსაც ქალბატონი ელენე ახვლედიანი თავის სახელოსნოში აწყობდა. თავის ნამუშევრებს ხსნიდა და ბავშვების ნამუშევრებს ფენდა.
პირველი პერსონალური გამოფენა 1990 წელს თეატრის მოღვაწეთა კავშირში მქონდა. მსახიობების, რეჟისორების პორტრეტების სერია გავაკეთე. იმ ადამიანების, რომელთა გარემოშიც ვიზრდებოდი და, რომლებსაც კარგად ვიცნობდი. მეორე გამოფენა 1999 წელს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა, სადაც უკვე სერია „ქართველი მეფეები და საზოგადო მოღვაწეები“ იყო წარმოდგენლი. მაშინ 10 ნამუშევარი გამოიფინა, ხოლო მესამე გამოფენა, ამავე სერიიდან „ცისფერ გალერეაში“ გაიმართა, სადაც 22 ნამუშევარი გამოიფინა.
– პორტრეტების სერია „მეფეები და საზოგადო მოღვაწეები…
– ეს სერია 1994-95 წლებში შეიქმნა და თავისთავად გამოვიდა. ნიკოლაძის სასწავლებელში ძალიან კარგი პედაგოგი მყავდა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, კიდევ ერთხელ შემაყვარა ეს პროფესია. პორტრეტის შექმნა კი სასწავლო პროგრამაში ყოველთვის აუცილებელი იყო. პირველი პორტრეტი, რომელიც გავაკეთე და დღემდე შემომრჩა, გრძელი ულვაშით ქურთი ჯალილა იყო. მგონი, ყველას ჰყავდა დახატული, ვინც ნიკოლაძე დაამთავრა.
ამ სერიის შექმნა კი ყოველთვის მინდოდა. სამწუხაროდ, ჩვენი შვილები და მომავალი თაობა წიგნებს ნაკლებად სწყალობენ. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, იყო თაობა, რომელიც სკოლაში თითქმის არ დადიოდა, თითქმის არასდროს ისწავლებოდა საქართველოს ისტორია, ზნეობრივი ჩარჩოები პრაქტიკულად მორღვეული იყო. საბჭოთა კავშირის დროს ეკლესიაში შესვლას გვიკრძალავდნენ, მაგრამ კანონის შიში გვქონდა. მერე ეს კანონის შიშიც გაქრა. დაინგრა საბჭოთა კავშირი და უკვე არავის მიმართ ანგარიშვალდებულები აღარ ვიყავით. ვიფიქრე, თუ ახალგაზრდები წიგნებს არ კითხულობენ, იქნებ ეს ნამუშევრები ნახონ, მოეწონოთ, დაფიქრდნენ და რაღაცნაირად წიგნს დაუბრუნდნენ-მეთქი. რამდენად გამომივიდა არ ვიცი, მაგრამ თუ ბავშვს ეცოდინება, რომ მისი წინაპარი, მაგალითად, ცოტნე დადიანია, მას უღირსი საქციელისკენ შინაგანი „მე“ აღარ გაუშვებს.
– რამდენად რთული იყო ამ პორტრეტების შექმნა?
– გარკვეული სირთულეები ყველაფერს ახლავს. ეს თემა, ერთი მხრივ კარგია, თავისუფალი ხარ, როგორც გინდა, ისე აკეთებ, მაგრამ, მეორე მხრივ, შეზღუდუდლი ხარ. არ იცი, როგორი იყო, მაგალითად, ვახტანგ გორგასალი. მხოლოდ ფრესკებია შემორჩენილი, რაც ინფორმაციისთვის ძალიან ზედაპირულია. კონსულტაციები მქონდა ვახტანგ ბერიძესთან, მარიკა ლორთქიფანიძესთან, რომ მერე სადავო არ ყოფილიყო. ტიპაჟებს კი, ჩემს გარშემო ადამიანებს ვამსგავსებდი. ზუსტად ერთი ერთში არ ვიმეორებდი, უბრალოდ, გარკვეულ ელემენტებს ვიღებდი.
– ფერები…
– მე ვმუშაობ ტექნოლოგიით, რომელიც საუკუნეების მანძილზე, აღორძინების ხანის ოსტატებმა გამოიმუშავეს.
სამწუხაროდ, ახლა ზერელე დამოკიდებულება არის არა მხოლოდ ფერისადმი, არამედ იმ მასალისადმი, რომლისგანაც მხატვარმა ფერი უნდა მიიღოს. ეს ახლა არის, რომ „ტუბიკებში“ გამოდის ქარხნული წესით, თორემ, ადრე პიგმენტი იყიდებოდა აფთიაქებში და თვითონ ამზადებდნენ საღებავებს. მაგალითად, ტიციანის სახელოსნოში ერთი წლის განმავლობაში შეგირდი ფანქარს ვერ მიეკარებოდა. მას საღებავის მომზადება უნდა ესწავლა. ტიციანი ამბობდა: მთავარი ტონების სისუფთავე კი არა, ჰარმონიულობააო. ამ ჰარმონიულობის მიღებას კი სწავლა სჭირდება.
– გარემო მუშაობისთვის…
– სახელოსნო ორთაჭალაში, რომლის გაყიდვაც მომიწია. „მეფეების და საზოგადო მოღვაწეების“ მთელი სერია, სწორედ იქ შეიქმნა.
– სამხატვრო აკადემია, კულტურის სამინისტრო… ხატვისთვის დრო გრჩებათ?
– ძალიან ცოტა. მხატვარს თავისი პროფესია სულ მუდამ უნდა ახსოვდეს, მაგრამ ჩვენ ისეთ დროში მოგვიწია არსებობა, ყოფნა – არყოფნის ზღვარზე ვიდექით. შუაგულ ცეცხლში მომიწია ყოფნა.
90-იან წლებში ვასწავლიდი სამხატვრო აკადემიაში. ახლა, სამი წელია, რაც ჯგუფი ისევ ავიყვანე. სამწუხაროდ, სამხატვრო აკადემიის ძირითადი პრინციპები, ვგულისხმობ ოსტატის და შეგირდის დამოკიდებულებას, რაღაც სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო მორღვეულია. ნელ-ნელა ვცდილობთ, ამის აღდგენას.
კულტურის სამინისტროში მუშაობასაც სწორედ ამიტომ დავთანხმდი, რომ რაღაცით დავხმარებოდი ამ მიმართულებას. საქართველოში ყველა მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა. ბევრი გაფუჭებული საქმეა, რომელიც ნელ-ნელა ისევ ჩვენ უნდა გამოვასწოროთ.
ავამუშავეთ პროგრამა, რომლის დახმარებითაც სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ფლორენციაში, გერმანიაში მიდიან. იცით, იტალიაში სულ სხვა სამყაროა და თუ ეს არ ნახა მომავალმა მხატვარმა, გამოცდილების მიღება გაუჭირდება. ყოველთვის ასე იყო, როგორი დიდი მხატვარიც არ უნდა ყოფილიყავი, ვერ მიიღებდი მხატვრის სტატუსს თუ იტალიაში არ წახვიდოდი, იქ არ იმუშავებდი და არ ჩამოიტანდი შენს გამოცდილებას. ჩემი სტუდენტები იტალიიდან რადიკალურად განსხვავებულები ჩამოვიდნენ. გვაქვს აგრეთვე, გაცვლითი პროგრამა დრეზდენში.
მე დამაბრალეს „რეტროგრადია“ და თანამედროვე ხელოვნებას ბლოკავსო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მაგალითად, „არტ ვილა გარიყულას“ დაფინანსება არსდროს ჰქონია. ახლა კი, კულტურის სამინისტროსგან გარანტირებული მხარდაჭერა აქვს. წელს საიუბილეო წელი აქვთ და 150 ათასი გამოყო კულტურის სამინისტრომ. ასევე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წავა ვენეციის ბიენალეზე ახალგაზრდა დიზაინერების ჯგუფი. არც ისე, დიდი ხნის წინ, კორეამ გააკეთა პავილიონი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები მიიწვიეს. საქართველოდან ილიკო ზაუტაშვილს კულტურის სამინისტრო დაეხმარა. სამინისტროს მხარდაჭერით იყო საქართველო წარმოდგენილი ლონდონის ყოველწლიური მოდის კვირეულზე. გარდა ამისა, გამოიცა კატალოგები. სამწუხაროდ, კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი ძალიან ცოტა აქვს და, შეძლებისდაგვარდ, ვცდილობთ პრობლემების აღმოფხვრას.
მზევინარ ხუციშვილი