დღეს მთავრობის ახალი წევრები ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდებიან
დღეს ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ახალ წევრებთან პირველ აუდიენციას გამართავს.
კონკრეტულად დღის რომელ მონაკვეთში და სად იქნება შეხვდრა, უცნობია, მაგრამ იმას, რომ შეხვედრა დღეს გაიმართება, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელიც ადასტურებს.
ხიდაშელის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის მთავარი თემა ის სამოქმედო გეგმა იქნება, რომელიც მთავრობის მეთაურთან ერთად დაისახება.
მისივე თქმით, საუბარი იმ ვიზიტებს შეეხება, რომელსაც თინა ხიდაშელი მიმდინარე დღეებში თავდაცვის მინისტრის რანგში განახორციელებს.
“მე პრემიერთან უკვე თავდაცვის მინისტრის რანგში მექნება შეხვედრა. შეხვედრაზე იმ ვიზიტებს განვიხილავთ, რაც უკვე დაგეგმილია, შევეხებით იმ პროექტებს, რომელიც ამ წუთას მიმდინარე მდგომარეობაშია, ასევე მოხდება გადაბარების პროცესი”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
სავარაუდოდ, შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მინდია ჯანელიძეც დაესწრება, რომელიც თინა ხიდაშელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს განვითარებისთვის კონკრეტულ გეგმებს დასახავს.