გიორგი მარგველაშვილი: არანაირი გაბრაზება არ მქონია, მსურს პროცესი გახდეს ჯანსაღი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მას მთავრობის წარდგენის საკითხზე განცხადება გაბრაზებულ გულზე არ გაუკეთებია. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა, მისი სურვილი პროცესის გაჯანსაღება და ისეთი მთავრობის მიღებაა, რომლის დაკომპლექტებასა და ლეგიტიმაციის მინიჭებაში აქტიურად იქნებიან ჩართულები დეპუტატები.
“დღეს არანაირი გაბრაზება არ მქონია, მართლა მსურს პროცესი გახდეს ჯანსაღი და მშვიდი, მივიღოთ სტაბილური მთავრობა, რომლის დაკომპლექტებაში, ლეგიტიმაციის მინიჭებაში აქტიურად იქნებიან ჩართულები დეპუტატები, ასვეე აქტიური პოლიტიკური პროცესის შედეგად მივიღოთ ნათელი სურათი ერთი მინისტრი მოიხსნა, მეორე დაინიშნა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, ეს უნდა დაინახოს საზოგადოებამ, რაც გაამყარებს ნდობას.
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ჩემმა ამ განცხადებამ კატასტროფა გამოიწვია, რეალურად ვერავინ ვერ მიმითითებს რაიმე კატასტროფაზე, გარდა იმისა, რომ მე ვთხოვე პოლიტიკოსებს, უფრო გახსნილი იყვნენ საზოგადოებასთან, მეტი ინფორმაცია მოგვაწოდონ და შესაბამისად, მეტად დაგვაჯერონ თავის თავში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო. როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ჭირვეული ბავშვის საქციელს შეადარა, ეკა ბესელიამ კი მის განცხადებას გაბრაზებულ გულზე გაკეთებული უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები