„მუსკომედიის თეატრამდე არაფერი გამიკეთებია…“
„მიუხედავად იმისა, რომ მსახიობების ოჯახიდან ვარ, სურვილი არასდროს მქონია, მეც მსახიობი ვყოფილიყავი. მუსიკა უფრო მიყვარდა, ბლუზი, როკით ვიყავი გატაცებული და ბიჭებთან ერთად ვუკრავდი გიტარაზე. მშობლების სპექტაკლებზე, ხშირად არა, მაგრამ პრემიერებზე მაინც დავდიოდი.
ბავშვობაში მქონდა საოცნებო როლი. მინდოდა ტომ სოიერზე გადაეღოთ ფილმი და მე ჰეკლბერი ფინი მეთამაშა. ძალიან მიყვარს. დღემდე თავთან მიდევს წიგნი. ზუსტად ასეთი ბავშვი ვიყავი…“ – ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი.
– თეატრალური ინსტიტუტი…
– მშობლების რჩევით 1985 წელს ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში მუსკომედიის ფაკულტეტის საესტრადო განყოფილებაზე. სიმართლე გითხრათ, როგორ მოვხვდი, არც ვიცი. გიტარით შევედი, ვიმღერე და მიმიღეს. დიდი სურვილი არ მქონდა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, დღემდე შემოვრჩი თეატრში. თეატრი ისეთი სამყაროა, არ არსებობს, არ ჩაგითრიოს. მით უმეტეს, გენეტიკურადაც რაღაც მაქვს, ალბათ, რაც დამეხმარა, თორემ, რომ გითხრათ, დიდი შრომისმოყვარე არტისტი ვარ, მოგატყუებთ. ბუნებითაც მოუწესრიგებელი ადამიანი ვარ.
პირველი როლი ოპერეტა „ჩანიტას კოცნაში“ ვითამაშე, რომელიც ჩემმა პედაგოგმა თეიმურაზ აბაშიძემ დადგა. პატარა ეპიზოდი მქონდა.
– მინიატურების თეატრი…
– მინიატურების თეატრში რომ მივედი, მამუკა კიკალეიშვილი მოვიდა სამხატვრო ხელმძღვანელად. ვითამაშე სპექტაკლში: „ბატონებო, ჩვენ ვხუმრობთ“, რომელიც დალი კალატოზიშვილმა დადგა. შემდეგ დაიწყო ომი, 90-იანი წლები და თეატრი არავის აღარ აინტერესებდა. მთელი დღე ვისხედით და არაყს ვსვამდით.
– მუსკომედიის თეატრი…
– მუსკომედიის თეატრში 1995 წელს ნესტორ ჭილაძემ მომიყვანა, რომელიც სულ მეუბნებოდა, მე შენ ასე არ დაგტოვებ. ბატონი ნესტორი მინიატურების თეატრში იყო დირექტორი. იქ რომ სიტუაცია აირია, მუსკომედიის თეატრში გადმოიყვანეს და მისი დამსხურებაა აქ რომ მოვხვდი. ამ თეატრში უფრო ცოცხალი ორგანიზმი დამხვდა. 300 თუ 350-კაციანი დასი, ბალეტი, ორკესტრი, ცოცხალი მუსიკა. მამაჩემი აქ წლების მანძილზე მუშაობდა და ასე თუ ისე, ვიცნობდი ამ თეატრს. მაგრამ მეც თუ მოვხვდებოდი, არ მეგონა.
აქტიურად ჩავერთე სპექტაკლებში, პატარ-პატარა როლები მქონდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი დოი მოვიდა თეატრში და სრულიად შეიცვალა ყველაფერი ამ თეატრშიც და ჩემს ცხოვრებაშიც. კიდევ ერთხელ გამიჩნდა თეატრში დარჩენის სურვილი.
იცით, რომ ვამბობ, სწყინთ, მაგრამ მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ. უფროსმა თაობამ, საბჭოთა კავშირის დროს მოასწრო და თავის საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ ჩვენ უკვე სხვა თაობა ვართ, განსხვავებული აზროვნება გვქონდა და ბევრ რამეში ვერ ვეთანხმებოდით. დოი რომ მოვიდა, ისე გამოვიდა, ჩემს სამყაროში აღმოვჩნდი. ამიტომ ვთვლი, რომ მუსკომედიის თეატრამდე არაფერი არ გამიკეთებია. მე ვმაიმუნობდი და მეუბნებოდნენ, სახასიათო როლების მსახიობი ხარო.
– სპექტაკლი, რომელშიც ალეკო ბეგალიშვილი, როგორც მსახიობი შედგა…
– საერთოდ, კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. ვთვლი, რომ სიტყვა მსახიობი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ჩემზე. ბოლომდე არცერთი როლით არ ვარ კმაყოფილი. პირველი სპექტაკლი, სადაც „ვიკაიფე“, „მაკბეტი“ იყო. მეფის როლს ვთამაშობ. ამ როლმა იმედი მომცა, რომ რაღაც შემიძლია. არ ვამბობ, რომ რასაც ვაკეთებ, ის არ მომწონს, პირიქით, სცენაზე რომ გავდივარ, ამ ყველაფერს ადრენალინი მოაქვს, მაგრამ, როგორ გამომდის, ეს სხვა თემაა. მერე, გარედან რომ ვუყურებ, აღარ მომწონს.
ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ანსამბლს, ვისთან ერთადაც ვარ. იმ ბიჭებმა და გოგოებმა, ვისთან ერთადაც სცენაზე ვდგავარ, ძალიან დიდი სტიმული მომცეს. მათგან ბევრი რამ ვისწავლე. მათი დამსახურებაა, თუ რამე გამომივიდა და მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა.
– რეჟისორები…
– მე ბედნიერი კაცი ვარ, დოის რომ შევხვდი ცხოვრებაში. დოი რომ არ მოსულიყო ამ თეატრში, კაცმა არ იცის, ან თეატრი რა მდგომარეობაში იქნებოდა, ან მე რა გზით წავიდოდი. ამ ადამიანმა მე და კიდევ ძალიან ბევრი მსახიობი გაგვხსნა. ჩემს თაობას ვგულისხმობ, 90-იან წლებში რომ მოვხვდით და ვერ შევდექით. მახსოვს, ერთხელ საუბარში ვუთხარი დოის, მე მსახიობობა არ მინდა. მაგრამ ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ თურმე მინდოდა, რაც სწორედ, მისი დამსახურებაა.
თეატრში მოწვეული რეჟისორებიდან მუშაობა მომიწია პაატა ციკოლიასთან, მიშა ჩარკვიანთან, ბექა ქავთარაძესთან და მინდა ვთქვა, რომ სამივესთან ძალიან ვისიამოვნე.
– რომ არა თეატრი…
– არ ვიცი, ალბათ გიტარას გავაჩხაკუნებდი, სადმე ბარში ან ღამის კლუბში. ახლა შეძლებისდაგვარად ვუკრავ. დიდი ტექნიკით არ გამოვირჩევი. ასე მგონია, წლები გამოვტოვე. სიბერეში რაღაცების თავიდან დაწყება გვიანია, თუმცა ვნახოთ, ცხოვრება ჯერ წინ არის.
– 26 აპრილს სპექტაკლის „ეს ხომ სამხეცეა“ პრემიერა გაიმართა, სადაც ჯერის როლს თამაშობთ…
– ედვარდ ოლბის პიესას „რა მოხდა სამხეცეში“ ვიცნობდი. ამ პიესის მიხედვით, მე და ჩემი მეგობარი ფილმის გადაღებას ვაპირებდით. სცენარიც დავწერეთ, მაგრამ 90-იანი წლები იყო. მაშინ ციფრული კამერები ცოტას თუ ჰქონდა. გვინდოდა ფირზე გადაგვეღო. ჩემი მეგობრის ძმის დახმარებით, რომელიც მოსკოვში იყო, რამდენიმე კოლოფი ფირი ვიშოვეთ, მაგრამ საკმარისი არ იყო. დანარჩენი ფირების ძებნაში, რაც გვქონდა, ისიც გაფუჭდა და ვეღარ გადავიღეთ.
ახლა, ბექა ქავთარაძე რომ მოვიდა მუსკომედიის თეატრში და თქვა, ამ პიესის მიხედვით სპექტაკლი უნდა დაედგა, გამიხარდა, შევეჭიდეთ და მგონი კარგი გამოვიდა. ამ როლმა კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ ადამიანი მხეცია. კიდევ ერთი ახალი პერსონაჟი შეემატა, ჩემს პატარა გალერეას. თან ისეთი პერსონაჟი, რომელიც ჩემთან, ჩემს პიროვნებასთან ძალიან ახლოს არის. რასაც ვერ ვიტყოდი, ტვინი რომ წაიღეს: „დუდუ“, „დუდუ“…. ახლა გამოვჩნდი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ და ერთი ამბავი ატეხეს. მე კინო მაინტერესებს, მაგრამ სერიალი ხომ კინო არ არის. რამდენჯერმე დამირეკა ეკა მჟავანაძემ და თან მსახიობებს ფინანსური პრობლემები გვაქვს. არის მსახიობების კატეგორია, ვინც ამ ამბავს შემოქმედებითად არ უყურებს. თავიდან საერთოდ ვერ გავიგე, რაზე ან ვისზე იყო ლაპარაკი. მერე ნელ-ნელა განვითარდა ის გმირი. აბსოლუტურად, რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს მათამაშებენ. ასეთი ტიპების ბავშვობაში მეშინოდა. როგორ უნდა შემოვიდეს ჩემში ეს გმირი, მე შევდივარ, როგორც შემიძლია.
– მინდა, რომ…
– ჩვენი თეატრის ყველაზე დიდი პრობლემა შენობა არის. ამიტომ მინდა, ვინმემ თეატრი აგვიშენოს. რაც დოი მოვიდა, სულ ამ ამბებზე დარბის, არ დამთავრდა ეს შეპირებები და დღემდე ფოიეში ვთამაშობთ სპექტაკლებს. მინდა, ისეთი თეატრი, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაშია, სადაც მსახიობებს ხელი არ ეშლებათ, ნორმალურად იმუშაონ, აქეთ-იქით არ დარბიან და დამატებით სამსახურებს არ ეძებენ.
მზევინარ ხუციშვილი