საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს და პარლამენტს თხოვნით მიმართავს, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს. ღარიბაშვილის შეფასებით, იქიდან გამომდინარე, რომ სამიტთან დაკავშირებით, მომავალ კვირას მინისტრთა კაბინეტის წევრების ვიზიტები იგეგმება, მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცედურების მოკლე ვადებში დასრულება.
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადებისთანავე, მთავრობის პირველსავე სხდომაზე გავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის და პროკურატურის უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რათა პროცესი არ შეფერხდეს.
„პარლამენტი ხელახლა გამოუცხადებს ნდობას მთავრობას და პოლიტიკური გუნდი გააგრძელებს ჩვეულ ტემპში მუშაობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ამას სჭირდება 24-საათიანი მუშაობა. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – დაჩქარდეს რეფორმები, შედეგები გახდეს უფრო ეფექტური და ეს აისახოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა.
„მოახლოებულია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის რიგის სამიტი, EBRD-ის წლიური შეხვედრა, სადაც ჩამოდის 1500-ზე მეტი ბიზნესმენი, 63 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია, 20 ფინანსთა მინისტრი, 15 ეკონომიკის მინისტრი, მათ შორის არიან რამდენიმე ქვეყნის ვიცე-პრემიერი, EBRD-ის პრეზიდენტი, ბორდის წევრები და ა.შ. ასევე, ახლოვდება აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ინიცირებული ღია მმართველობის სამიტის ჩატარება თბილისში“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ დღეს ესაუბრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, რომელმაც საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა მოტივირებულია, რომ რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მიღწევები და იმედოვნებს, რომ პროგრესი ობიექტურად დაფასდება.
მან მოსახლეობას და პოლიტიკურ ძალებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, ლევან ყიფიანს კი გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება სპორტის განვითარებისთვის გამოსაყენებელია.