ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობის მხრიდან სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის განმტკიცება (ფოტო,ვიდეო)
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზენაეს სასამართლოს ეწვია. მთავრობის მეთაურმა მოსამართლეებთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან გამართა შეხვედრა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გაფართოებულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე თემებს. განიხილეს სასამართლოს რეფორმების მესამე ეტაპთან დაკავშირებული კანონპროექტი და ფინანსური საკითხები.
„ძალიან საინტერესო საუბრები მქონდა მოსამართლეებთან. ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ მიდგომებს და გვაქვს ერთიანი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სასამართლო, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი, აბსოლუტურად მიუკერძოებელი და, რაც მთავარია, გამჭვირვალე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოსახლეობის მხრიდან სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის განმტკიცება. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ფინანსურ საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად, მოსამართლეების უზრუნველყოფა ფინანსურად. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დროს მოსამართლეების ხელფასები გაიზარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებმა თავი იგრძნონ დაცულად,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაური უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს პირისპირ შეხვდა. პრემიერის განმარტებით, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ნინო გვენეტაძე შეძლებს სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებას.
“ვისაუბრეთ ხარვეზებზეც, რომლებიც სისტემაში წლების განმავლობაში იყო დაგროვილი. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ ქალბატონი ნინო, თავის გუნდთან ერთად, შეძლებს სასამართლოს მიმართ ნდობა გაიზარდოს და ის გახდეს მეტად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე”, – აღნიშნა პრემიერმა.
შეხვედრების დაწყებამდე, პრემიერმა უზენაესი სასამართლოს შენობა დაათვალიერა, მოინახულა მართლმსაჯულების მუზეუმი, საბჭოთა დარბაზი და №6 სხდომათა დარბაზი.