ჯონდი ბაღათურია იმ დეპუტატებს ამხელს, რომლებიც მანდატს “პირადი გამდიდრებისთვის” იყენებენ
ქვეყანა უნდა გავათავისუფლოთ ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც დეპუტატის მანდატს პირადი გამდიდრების მიზნით იყენებენ, – ამის შესახებ პარტია “ქართული დასის“ ხელმძღვანელმა ჯონდი ბაღათურიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრამდე განუცხადა. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში ინტერპარტიული ჯგუფის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს ხვდება.
შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაა.
“საარჩევნო კანონმდებლობის მთავარი პრობლემა ეს არის საარჩევნო სისტემა, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ პრობლემას წარმოადგენენ ის პარაზიტები, რომლებიც თავიანთ თავებს ეძახიან მაჟორიტარებს რეალურად კი რაიონის მოსახლეობას სისხლს სწოვენ და პარლამენტში ძირითადად დაკავებულები არიან ვაჭრობით – პირადი ქონების გაზრდის და გაფართოების მიმართულებით.
ქვეყანა უნდა გავათავისუფლოთ ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც დეპუტატის მანდატს პირადი გამდიდრების მიზნით იყენებენ“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.