ანი მიროტაძე: არ მგონია, რომ ხოკრიშვილმა თანამდებობა მის მიერ დასახელებული მოტივით დატოვა
ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტს “კვირასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ანი მიროტაძე აფასებს. მიროტაძე ფიქრობს, რომ ხოკრიშვილს დაკავებული თანამდებობის დატოვება მხოლოდ საზღვარგარეთ მცხოვრებ ოჯახთან სიახლოვის სურვილის გამო არ მიუღია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არ გამორიცხავს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროში იყო გარკვეული პრობლემები, ვერ დაიდო შესაბამისი შედეგი და პრემიერთან კონსულტაციების გავლის შემდეგ ხოკრიშვილმა თანამდებობა დატოვა.
“არ ვფიქრობ, რომ მთავრობის შიგნით რაიმე სახის დაპირისპირებას აქვს ადგილი და სწორედ ამ დაპირისპირებას შეეწირა ხოკრიშვილი. თუმცა არ მგონია, რომ ხოკრიშვილმა თანამდებობა მის მიერ დასახელებული მოტივით დატოვა. არ გამოვრიცხავ, რომ მის უწყებაში იყო გარკვეული ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც ისე ეფექტიანად ვერ მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო, მან ვერ დადო ის შედეგი, რაც უნდა დაედო. სავარაუდოდ, პრემიერთან კონსულტაციების გავლის შემდეგ ხოკრიშვილმა თანამდებობა დატოვა“,- აღნიშნა „კვირასთან“ საუბარში ანი მიროტაძემ.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ კიდევ ერთი მინისტრი დატოვებს თანამდებობას, რა პოზიცია ექნება საპარლამენტო გუნდს და დაუჭერს თუ არა პრემიერის მიერ დასახელებულ კანდიდატებს მხარს, მიროტაძე აცხადებს, რომ მთავრობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადების პრობლემა არ ექნება.
„ამ ეტაპზე მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადების საკითხი და ალბათობა არ დგას, მიუხედავად იმისა, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან ჩემს კოლეგებს კითხვები აქვთ, წინასწარ ვერ ვიმსჯელებთ ამაზე. თუ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება დღის წესრიგში, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და, შესაბამისად, ნდობის გამოცხადების პრობლემა არ იქნება. თუმცა ერთი განსხვავებით – ალბათ პრემიერს მოუწევს მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით საპარლამენტო გუნდთან კონსულტაციები გაიაროს“, – აღნიშნა ანი მიროტაძემ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა.
“ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას, განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს, გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემს შვილთან ერთად. ცხადია, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ვესაუბრე მთავრობის მეთაურს და მადლობელი ვარ, რომ მან ჩემი პოზიცია გაიზიარა“,-აღნიშნავს ხოკრიშვილი.
ელგუჯა ხოკრიშვილი რიგით მეექვსე მინისტრია, რომელმაც მინისტრთა კაბინეტი დატოვა. კონსტიტუციის მიხედვით კი 7 მინისტრის შეცვლის შემთხვევაში მთავრობა ხელახლა უნდა დამტკიცდეს. ამ შემთხვევაში, მთავრობის შემადგენლობას პრეზიდენტი პარლამენტს ნდობის მისაღებად ერთი კვირის ვადაში წარუდგენს.