ბაკურ გელაშვილი – ყველა თავისი სოფლის მეჭუჭურჭლეთუხუცესი უნდა გახდეს

“არ ვიცი, გვაქვს თუ არა (თუ გვაქვს მითხარით დიდი სიამოვნებით შევიძენ) საქართველოს ეკლესია-მონასტრების, ციხეების ენციკლოპედიური ცნობარი მაინც, სადაც შესული იქნება ყველა სოფლის არა მხოლოდ მეფეებივით ცნობადი ტაძრები და ციხეები, არამედ ყველა პატარა სალოცავიც და კოშკიც კი. მე ვფიქრობ ამ საქმეში ყველა უნდა გაერთიანდეს, ყველა თავისი სოფლის მეჭუჭურჭლეთუხუცესი უნდა გახდეს და ერთად მოეყაროს ყველა ფოტოს, თუ ცნობას თავი და ერთ დიდ სქელტანიან ნაშრომად ან ნაშრომებად გამოიცეს“, – ბაკურ გელაშვილი საკუთარ თავზე გვიამბობოს.1908206_963434237024090_623988788762582005_n
დავიბადე ბორჯომში და ამჟამადაც ბორჯომში ვცხოვრობ. ბავშვობას რაც შეეხება, ცუდი ბავშობა არ მქონია, თუმცა არც მთლად ია ვარდით მოფენილი. 90-იანებს დაემთხვა და შესაბამისად ნებსით თუ უნებლიედ ყველაზე აისახებოდა. საერთო ემოციური ფონი და განცდები ყოველთვის ისახება ბავშვზეც. მახსოვს უფროსები როცა საუბრობდნენ ქვეყნის ჭირ-ვარამზე, ეს ჩვენზეც მოქმედებდა. ვერ ვივიწყებ ჩემი თაობის, ისე როგორც ჩემზე უფროსი თაობის ადამიანების გაჭირვების სურათებს, რომლებიც მაშინდელი მოვლენების ეპიცენტრში ტრიალებდნენ.
პროფესია…
პროფესია დამოუკიდებლად ავირჩიე. ორი უნივერსიტეტი დავამთავრე: ივ. ჯავახიშვილის, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიით, და მაგისტრატურა საქართველოს ისტორიის განხრით, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ცხადია, მშობლებს თავის როლი ქონდათ ჩვენს აღზრდაში, თუმცა ბებიამ და ბაბუამ გამზარდეს და ჩემს ასეთად ჩამოყალიბებაზე, ზოგადად აღზრდაზე, განათლებაზე და საერთოდ ყველაფერზე განსაკუთრებული ღვაწლი სწორედ მათ მიუძღვით. ძალიან თბილი ადამიანები იყვნენ. ყველა შვილიშვილზე დიდი ამაგი ჰქონდათ და ყველა შვილი თუ შვილიშვილი ჩვენთან ერთად იყვნენ უმეტესად. თამამად შემიძლია ვთქვა და არავის ეწყინება, რომ მათ ის გააკეთეს, რასაც ბევრი მშობელი არ გაუკეთებს საკუთარ შვილებს. მათ აგღვზარდეს არა მარტო ჩვენ, მე და ჩემი დედმამიშვილები, მერე ჩვენს შვილების აღზრდაშიც გვედგნენ გვერდში. სამწუხაროა, რომ ისინი ცოცხლები აღარ არიან.11195290_963436520357195_1322851958_n
ოჯახს რაც შეეხება, მყავს მეუღლე- მარიამ ხარხელი და 2 ბიჭი- ლუკა და მათე. ლუკა პირველ კლასშია, ხოლო მათე 8 თვისაა. არ მინდა ბანალურად გამომივიდეს, მაგრამ ოჯახი ეს დიდი სამყაროა, სადაც თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.
ბევრ სასიკეთო საქმესთან ერთად პედაგოგიურ საქმიანობას ეწევით…
დიახ, სკოლაში, ვასწავლი საქართველოს ისტორიას. ჯერ დირექტორი ვიყავი, შემდეგ მხოლოდ პედაგოგად დავრჩი. მოგეხსენებათ, დღეს სკოლის ხელფასით მამაკაცი ოჯახს ვერ შეინახავს. ამიტომაც, პარალელურად სულ ვეძებდი სამსახურს. საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადდა კონკურსი. კონკურსი გავიარე, მანამდე ჩაბარებული მქონდა სტუდენტობისას ორჯერ სამოხელეო გამოცდა, ასევე მქონდა ამ მიმართულებით გამოცდილებაც, ვფლობდი სერთიფიკატებს და შესაბამისად ჩემით დაინტერესდნენ.
პრესაში ისტორიულ საკითხებზე არაერთი სტატია გაქვთ გამოქვეყნებული. ბოლო წიგნი რამდენიმე თვის წინ გამოვიდა და მშობლიური სოფლის ისტორიას მიუძღვენით.მაგრამ მანამდე კიდევ ორი წიგნი გამოიცა თქვენი ავტორობით…
2006-2007 წლებში ადგილობრივ პრესაში (გაზეთ ,,ბორჯომი, რეპორტი-2-ში
გამოქვეყნებული მაქვს 40 სტატია, რომელიც მხარის ისტორიას შეეხება, ასევე
საქართველოს ისტორიის სხვადსხვა საკითხებს.
2010 წელს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის კრებულში
დაიბეჭდა სამეცნიერო სტატია ,,ავალიშვილთა სათავადოს წარმოქმნა და მათი მამულები”;
2011 წელს ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტის კრებულში ,,გულანი’’ დაიბეჭდა სამეცნიერო სტატია ,,
,,ბორჯომის ხეობის თავდაცვითი ნაგებობები’’.
წიგნებს რაც შეეხება, პირველი წიგნი “მუმლი მუხასა ანუ საქართველო და მისი დამპყრობელნი”, – ეძღვნება საქართველოს დამპყრობლებს უძველესი დროიდან 1801 წლის ჩათვლით.11169054_963436540357193_116093131_n

მეორეში “ბორჯომის ხეობა” ბორჯომის ხეობის IX-XIII საუკუნეების მოვლენებია განხილული.
მესამე წიგნი გახლავთ “სოფელ ყვიბისისა და ბორჯომის ხეობის ისტორიის კვალდაკვალ”. თუმცა, რომ არა კეთილი ადამიანები, ჩემი წიგნებიდან ვერც ერთი გამოვიდოდა. ამის საშუალება მე არ მაქვს. ამაში ჩემი ლექტორები დამეხმარნენ. ხელისუფლებას რაც შეეხება, არასდროს მითხოვია დახმარება არავისთვის. ჩემი ლექტორები, პირველი წიგნი პროფესორ ვახტან გურულის დახმარებით და აკაკი ბრეგაძის ხელმძღვანელობით გამოვიდა. მეორე წიგნი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბუბა კუდავას და გამომცემლობა არტანუჯის წყალობით გამოიცა რაც შეეხება მესამეს, კომპანია „ბორჯომის“ დახმარებით გამოვეცი. გაყიდვაში არის “ბორჯომის ხეობა” მხოლოდ. დანარჩენი მცირე ტირაჟით გამოვიდა.
აღუნუსხველ ისტორიულ ძეგლებზე წერდით გულისტკივილით…
ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში დავდივარ აქეთ-იქით და ბევრი ადგილი ვნახე, ალბათ ათასჯერ უფრო მეტი უნახავი დამრჩება, მაგრამ ერთი აზრი მაწუხებს: რამდენი უნიკალური ძეგლი ნადგურდება ჩვენს თვალწინ, რამდენი უკვე მიწისქვეშა ისტორიის კუთვნილება გამხდარა. დიდი ილიას თქმისა არ იყოს, ჩვენი ისტორია მხოლოდ მეფეების ისტორიაო, ასეა ჩვენი ეკლესია-მონასტრების თუ ციხეების საქმეც. რამდენი სალოცავია, რომელიც თავისი მოკრძალებული უბრალოებით, სიმარტივით დიდ ,,ყურადღებას” არ იწვევს ფართო საზოგადოების მხრიდან, არადა ამასობაში ის ჟამთა კრიალოსანზე იმარცვლება მათი საუკუნოვანი ქვები. არ ვიცი გვაქვს თუ არა (თუ გვაქვს მითხარით დიდი სიამოვნებით შევიძენ)11166102_963436527023861_641254947_n საქართველოს ეკლესია-მონასტრების, ციხეები ენციკლოპედიური ცნობარი მაინც, სადაც შესული იქნება ყველა სოფლის არა მხოლოდ მეფეებივით ცნობადი ტაძრები და ციხეები, არამედ ყველა პატარა სალოცავიც და კოშკიც კი. მე ვფიქრობ ამ საქმეში ყველა უნდა გაერთიანდეს, ყველა თავის სოფლის მეჭუჭურჭლეთუხუცესი უნდა გახდეს და ერთად მოეყაროს ყველა ფოტოს თუ ცნობას თავი და ერთ დიდ სქელტანიან ნაშრომად ან ნაშრომებად გამოიცეს, აქვე უნდა მოხდეს ყველა ახალი აგებული ეკლესია-მონასტრის შესახებ ინფორმაციის მოძიებაც. ამ საქმეში უნდა გაერთიანდეს, ეპარქიები, კულტურული მემკვიდრეობა, მეცენატები. თავისუფლად შეგვიძლია ჩაერთნონ პედაგოგები და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საკითხებით დაინტერესებულია და მუშაობს. დამერწმუნეთ კარგი ორგანიზების შემთხვევაში და სათანადო მხარდაჭერით ყველა სოფელში თუ რაიონში რამდენიმე თუ არა, ერთი კარგი საქმის გამკეთებელი გამოჩნდება.
“ბორჯომის ხეობა” როგორც ვიცი მეორე წიგნია, რომელიც ამ კუთხეზე ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე ვინმემ გამოსცა….
დიახ, ბორჯომზე, არის წლების წინ გამოცემული სხვადასხვა სახის წიგნები, ხოლო ბოლოს მე რომ დავიბადე, 1983 წელს გამოიცა ბორჯომზე წიგნი. მაშ შემდეგ არ გამოცემულა. ყველა თაობაში არის წიგნიერი და უწიგნურიც. მე მაინც ვთვლი,რომ წიგნიერი ახალგაზრდები არიან, იყვნენ და იქნებიან. ჩემი წიგნებით ახალგაზრდებს ნამდვილად ვატყობ დაინტერესებას განსაკუთრებით ეს წიგნი, რომელზეც შედარებით მიუწვდებათ ხელი..
ის, რასც აუცილებლად ასწავლით შვილებს საკუთარ მოწაფეებს…11198870_963436483690532_2053461490_n
აუცილებლად ვასწავლი პირველ რიგში ადამიანობას, სიყვარულს, მეგობრობას და სიკეთის კეთებას. ვასწავლი იმას, რომ ყოველთვის ყველგან და ნებისმიერ სიტუაციაში პირველ რიგში უნდა დარჩნენ ადამიანებად. იმიტომ რომ ადამიანი ყველაზე დიდი ღირებულებაა. ამჟამად ვმუშაობ N36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიაში, კომისიის წევრად. ძალიან მიყვარს ეს სამსახური, განსაკუთრებით თანამშრომლები, არა მხოლოდ თანამშრომლები, უფრო მეტიც- მეგობრები.
ორი სიტყვით აღვნიშნავ, ჩემს მეგობრებზე, მეგობრებზე, რომლებთანაც წლები მაკავშირებს. ზოგადად მეგობრობა ჩემთვის ძვირფასია, წმინდაა და ბედნიერი ვარ რომ მყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც ერთმანეთს ვავსებთ, ჩვენ ერთმანეთის სულის ნაწილნი ვართ და ჩვენი მეგობრობა ეს არის შემთხვევა, სადაც ცნობილი ფრანგი დიპლომატის რიშელიეს სიტყვებს, რომელიც ადამიანური ურთიერთობებზე ამბობდა ,,ღალატი დროის შედეგიაო’’, ჩვენ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას ერთგულებას და ნდობას აქეთ უნდა გაუძლოს დრომ, თორემ ჩვენს ურთიერთობებს „ხანმა უნდობარმა“ ვერაფერი დააკლო.
რა არის თქვენთვის უსამართლობა და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?
ჩემი საყვარელი ფრაზა, ზოგადად ბევრი საინტერესო ფრაზა მომწონს და მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით მაჰათმა განდის ეს სიტყვები მომწონს, ალბათ უფრო იმიტომ, რომ უსამართლობას ვერ ვიტან. აი ეს სიტყვებიც: ,,ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით, უვიც ადამიანებს, სურთ დაგსაჯონ, იმისათვის, რომ ამბობ სიმართლეს, რომ ხარ მართალი, რომ ხარ ისეთი, როგორიც ხარ. არასოდეს მოიხადო ბოდიში, შენი სიმართლისათვის, ან იმისათვის, რომ უსწრებ დროს. თუ, შენ მართალი ხარ და ეს შენ იცი, გამოხატე შენი აზრი, მაშინაც კი, როდესაც უმცირესობაში ხარ, რადგან სიმართლე რჩება სიმართლედ.11185474_963436487023865_2007549344_n
ადამიანურ ურთიერთობებში ყველაზე ძვირფასი რამ…
ადამიანში განსაკუთრებით არ მომწონს უმადურობა, როცა ადამიანი ხდები უმადური. არა აქვს მნიშვნელობა ვისი ან რისთვის.
ყველაზე ძვირფასი, რაც ჩემთვის ურთიერთობებში ესაა ნდობა. თუ ადამიანს არ ენდობი ან არ გენდობიან, მაშინ ყველანირი ურთიერთობები ეს იქნება ოჯახში, სამსახურში თუ მეგობრობაში გაფუჭდება და ეს ყველაფერზე უარყოფითად აისახება. ამ მხრივ ბედს არ ვემდური არც ოჯახში და არც სამსახურში.
როგორც პედაგოგი და ყოფილი სკოლის დირექტორი, როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა ძნელად აღსაზრდელი ბავშვი?
ძნელად აღსაზრდელი ბავშვი მე არ შემხვედრია. მე მაინც ვფიქრობ, ძნელად აღსაზრდელი ბავშვი კი არ არის, მისადმი მიდგომაა ალბათ ძნელი. რაც შეეხება ახალგაზრდობასთან და ზოგადად ადამიანებთან, ყოველთვის კარგი და მეგობრული ურთიერთობები მაქვს.
როგორ უნდა გავხადოთ ბავშვი წიგნიერი?
ბავშვი კითხვას ასაკის შესაბამისად უნდა მივაჩვიოთ. მთავარია ბავშვს არ შეძულდეს წიგნი. აქ ფრთხილი ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. შეიძლება ეს პატარა ასაკში მშობლის მიერ ზღაპრების კითხვით დაიწყოს.
ელექტრონულ წიგნზე რას გვეტყოდით?11198857_963436523690528_805119201_n
წიგნს ვერაფერი შეცვლის, ერთადერთი რამაა რასაც დამფასებელი და მომხმარებელი სულ ეყოლება. ყველა პროდუქტს თავისი მომხმარებელი ყავს. მე, მაგალითად მირჩევნია წიგნის კითხვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელექტრონული ცუდია. გადაჭარბებული ყველაფერი შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ადამიანისთვის. ამიტომ ზომიერება იგივე გონიერებაა.
ფოტოგრაფია. როდის დაინტერესდით ამ ხელოვნებით.პერსონალურ გამოფენას თუ გეგმავთ?
ჩემი ფოტოგრაფიით დაინტერესება უკავშირდება ისტორიკოს ბუბა კუდავას, მისი ფოტოებით აღვრთოვანებულს შემიყვარდა ხელოვნების ეს დარგი, ბევრიც მასწავლა. რაც შეეხება ფოტო გამოფენას, ბორჯომში მქონდა 2007 წელს და ის მიუძღვენი გიორგი მთაწმიდელის 1000 წლის იუბილეს, სახელწოდებით ,,ტაძრისიდან ხახულამდე”. მას მერე ბევრი საინტერესო ფოტო გადავიღე საქართველოს სხვადასხვა ადგილებში. გამოფენის სურვილი კი მაქვს, მაგრამ ძვირი სიამოვნებაა. როცა მექნება საშუალება, მაშინ გავაკეთებ. თუ, რათქმაუნდა, სურვილი შემრჩა. ჩემზე, ზოგადად, განწყობა ძლიერ მოქმედებს. ისე, როგორც ყველა ადამიანზე. ჩემი ეს ნამუშევრებიც სწორედ ამ განწყობას გამოხატავს.
მომავლის გეგმები…
მომავალს რაც შეეხება, კონკრეტულად არაფერს ვგეგმავ. ვაგრძელებ იმ საქმიანობას, რასაც დღეს ვაკეთებ. დანარჩენს მომავალი თავად გვიკარნახებს. იმედია, ჯერ კიდევ ბევრ საინტერესო წიგნს თუ არ დავწერ, ფოტოებს მაინც გადავიღებ.
წიგნს რაც შეეხება, ერთი მაქვს გამზადებული და მცირე სამუშაოებია შესასრულებელი, მაგრამ რატომღაც ხელს არ ვკიდებ. განწყობა მიკარნახებს როდის მივუბრუნდე.

ირმა მიზაშვილი

11198725_963436573690523_410913127_n

11122506_963436577023856_931861741_n

11180136_963437147023799_237828080_n

11180214_963437117023802_1025059529_n

11186271_963436463690534_1603066122_n

11199009_963436543690526_1908611006_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები