„ამ ნამუშევრებს მარტო მე, მიწიერი არსება ვერ შევქმნი, არის რაღაც ძალა, რომელიც მეხმარება…“
„ძალიან პატარა, ჯერ კიდევ, სამი წლის ვხატავდი ბალერინებს, პრინცესებს კაბებს ვაცმევდი, რასაც ალბათ ყველა გოგო ხატავს. ცოტა რომ წამოვიზარდე, ბებიის ნივთებს ვალაგებდი. აღმოვაჩინე ბისერებით, თვლებით ჩემი გაკეთებული ხოჭოები და პეპლები, რომლებიც არ მახსოვდა და ძალიან ბევრი ვიცინე.
დედა მუსიკოსია, მამა კარგად ხატავდა, მაგრამ ამ სფეროთი ოჯახში დაკავებული არავინ იყო. ალბათ, გენეტიკურად ჩემშიც იყო რაღაც და თავი იჩინა…“ – ხელოვანი ნატალია კლდიაშვილი.
– სამხატვრო აკადემია…
– 17 წლის ვიყავი, სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტზე რომ ჩავირიცხე. მაშინ აკადემიაში ჩაბარება ძალიან რთული იყო . დახურული გამოცდები იყო და თუ ვერ ხატავდი, ვერ მოხვდებოდი. გარდა ამისა, ხალხი წლების მანძილზე აბარებდა და, ფაქტობრივად, 17 წლის სტუდენტები არ იყვნენ.
შეიძლება ითქვას, სტუდენტური წლები ძალიან მხიარულად გავატარეთ. საინტერესო კურსი მყავდა, ყველა მღეროდა. ხატვით თავი არავის მოგვიკლავს. მერე ოჯახიც შევქმენი და მუშაობისთვის დრო არც მქონდა.
– პირველი ნამუშევარი…
– პირველი ნამუშევარი 25 წლის წინ შევქმენი. ზღვაზე ვიყავი და ბოთლებში მოგროვებული ზღვის კენჭები ჩამოვიტანე. ჯერ კიდევ სველი კენჭები მაგიდაზე გავშალე და ძალიან ლამაზად გაიფანტა. ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ განმეთავსებინა ეს ყველაფერი ჭურჭელში, რომ ასე ლამაზად გამოჩენილიყო. დამებადა აზრი, რომ შემეძლო, რაღაცაზე გადამეტანა და დამეწებებინა. წებო „მომენტი“ მქონდა და მოზაიკურად კენჭების დაწებება დავიწყე. სამზარეულოში ვიყავი და აქეთ წიწიბურა დავინახე, იქით ბრინჯი, ჩაი, მძივი. ეს ყველაფერი შეგროვდა და გამოვიდა ძალიან ლამაზი, მოზაიკურად აწყობილი ნამუშევარი, რომელიც დღესაც მაქვს და დიდი მოწონება დაიმსახურა.
– თუმცა აქტიურად მუშაობა არ დაგიწყია…
– სიმართლე გითხრათ, რაღაც პერიოდი მინდოდა ექიმი გავმხდარიყავი. ბებია ძალიან კარგი ექიმი მყავდა და, როგორც ის ამბობდა, ვარ ინტუიციური ექიმი. ადამიანს თუ რამე აწუხებს, შემიძლია რჩევა მივცე. ასეთი შემთხვევები მქონდა და ამართლებდა. მაგრამ რომ გავიგე, რომელი საგნები უნდა ჩამებარებინა, გადავიფიქრე და, ეგრეთ წოდებული, ინტუიციური ექიმი დავრჩი.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩემი პირველი ნამუშევარი მამაჩემის მეგობარმა ნახა და ძალიან მოეწონა. საჩუქრად უნდოდა და ორი ნამუშევარი შემიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არაფერი გამეკეთებინა, არაჩვეულებრივი ნამუშევრები გამოვიდა, რაც თავადაც გამიკვირდა. შეკვეთები რომ აღარ მქონდა, მე თავადვე სიცარიელე ვიგრძენი და მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა რაღაცის გაკეთება. მოვაგროვე სხვადასხვა ნივთი და დავიწყე ნამუშევრების გაკეთება. 2012 წელს კი ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა.
– მიმდინარეობა, რომელიც საქართველოში არ არსებობს…
– დიახ, ეს სტილი მე მოვიგონე, სხვადასხვა მიმდინარეობის ნაკრებია – გრაფიკიდან, ფერწერიდან, ქანდაკებიდან. მინდა ყურადღება მიაქციონ, რადგან შესაძლოა, ახალი მიმდინარეობა წარმოიშვას. ეს არც კოლაჟია, უბრალოდ, ყველაფრის სინთეზია ერთად. შეიძლება ითქვას, 2012 წლის გამოფენა ექსპერიმენტული იყო, თუმცა დიდი ფურორი მოახდინა. ადამიანები ტიროდნენ, იცინოდნენ, მაგრამ ყველა ამბობდა, იმდენად სავსენი მივდივართ, რომ გვგონია, ძალიან კარგი ფილმი ვნახეთ, ან ძალიან კარგი წიგნი წავიკითხეთ, საოცრებათა ქვეყანაში მოვხვდითო. ერთმა ქალბატონმა მითხრა: მიკვირს, ასეთი ახალგაზრდა გოგო რომ აკეთებ ამას, ეს დიდი ფილოსოფიაა, ძალიან ბევრი ტკივილი და სიხარულიაო.
ჩემი მიზანი იყო, ადამიანებს გამოფენაზე ერთმანეთის სანახავად და სალაპარაკოდ არ შემოერბინათ. მე თუ შევძლებ და რამდენიმე წამი მაინც გავაჩერებ მნახველს ნამუშევართან, ჩავთვლი, რომ მოვიგე და ნამუშევარი შედგა. გამოფენას ძალიან ბევრი მნახველი ჰყავდა, წარმატებით ჩაიარა, თუმცა არც შემოთავაზებები ყოფილა და ვერც დაფინანსება მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სამინისტროს ვთხოვე. ხვდებით, ალბათ, რომ რასაც ვაკეთებ, ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
– სამხატვრო აკადემიის გალერეა, შარდენის 19 ნომერში…
– ამ გალერეაში მენეჯერად დავიწყე მუშაობა. ერთ-ერთი ნამუშევარი „მზე“ გამოვფინე, რომელსაც დიდი იმედით ვქმნიდი და ვამბობდი, რომ ეს შემოიყვანდა მზეს ჩემს ცხოვრებაში. ერთ დღეს შემოვიდა მამაკაცი, რომელიც ჩვეულებრივი ტურისტი მეგონა და შემეკითხა: რა არის ეს, რა კონცეფცია გაქვთ ჩადებული? ვუპასუხე, რომ მე ჩემს აზრს მნახველს არ ვახვევ თავს და ნამუშევრებს სახელებს არ ვარქმევ. მე მინდა მნახველი თავად გაიფანტოს ნამუშევარში-მეთქი. თქვენ უნდა მითხრათ, რა არის, ჩემთვის ეს უფრო საინტერესოაო… აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის ამერიკაში ძალიან ცნობილი მხატვარი დევიდ დათუნა. მას ჩემი სხვა ნამუშევრებიც ვაჩვენე და ძალიან მოეწონა. მითხრა: „შენ დაანგრიე წესიერების ყველანაირი ბარიერი მხატვრობაში და წახვედი ძალიან დიდ რისკზე. შექმენი ახალი პროდუქტი. რევოლუციონერი ხარ და, ეს მომეწონა.“ 10 დღის შემდეგ, იგი ისევ ჩამოვიდა ამერიკიდან და კონტრაქტზე შევთანხმდით.
– როგორ მოდის იდეა და გარემო მუშაობისთვის…
– მე ყველანაირი ცუდი ემოცია გამოვრიცხე. ეს საქმე ამას ჩემგან მოითხოვს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეს უარყოფითი ემოცია. ცუდ ხასიათზე ამას ვერ გავაკეთებ. აურა სუფთა უნდა გქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მნახველი ნამუშევრებში დაინახავს და ის იქნება ჩვეულებრივი, რომელსაც ყველა გააკეთებს.
უნდა იყოს სიმშვიდე. ვმუშაობ სახლში, როცა ყველას სძინავს. აუცილებლად მუსიკა უნდა იყოს ჩართული. შეიძლება არც მოვუსმინო, მაგრამ ყურს უნდა ესმოდეს და ესიამოვნოს. ქვეყანა რომ დაინგრეს, მე არაფერი არ მესმის. არ ვიცი, როგორ გადის მუშაობის 9-10 საათი. თითქოს მე არ ვაკეთებ, არის რაღაც ძალა, რომელიც მეხმარება. მე მძიმე ცხოვრება გამოვიარე და თითქოს ჩემში ტრანსფორმაცია მოხდა, თავიდან დავიბადე.
– გამორჩეული ნამუშევრები გაქვს?
– ყველა მხატვარი ნამუშევრიდან ნამუშევრამდე იზრდება. ამიტომ ვთვლი, რომ კოლექციის ბოლო ნამუშევარი ყველაზე უკეთესია. არის ნამუშევრები, რომლებშიც მე თვითონ ვიკარგები.
– ახლა, ემზადები ამერიკაში გამოფენისთვის…
– დიახ, მე დევიდ დათუნასგან მივიღე დაფინანსება და ივლისში ამერიკაში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, სადაც მთელი მსოფლიოს ახალგაზრდა მხატვრების საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინება და მათ შორის იქნება ჩემი შემოქმედებაც. ჩემი არტდირექტორი არის დევიდ დათუნას მეუღლე, რომელიც გამოფენაზე წარადგენს ჩემს 10 ნამუშევარს. ეს არის ადგილი, სადაც ვერსადროს მოხვდები, თუ ვინმე ძლიერმა მხატვარმა ან გალერისტმა არ წარგადგინა.
– ამერიკაში წასვლამდე ეს ნამუშევრები საქართველოში გამოფინე...
– დიახ, შარდენის 19 ნომერში, სამხატვრო აკადემიის გალერეაში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ჩემი გამოფენა და აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. მინდა გითხრათ, რომ ნახევარი კოლექცია უკვე გაყიდულია ამერიკაში და სანამ წავიღებ, მინდა საქართველოშიც ნახონ, რადგან ასეთ რამეს ვერსად ნახავენ, ეს ჩემი სამყაროა, ჩემი მოგონილია. მე არ ვიცი, საქართველოში გავაკეთებ თუ არა კიდევ გამოფენას. ამერიკაში ორ გალერეას უკვე უნდა ჩემი ნამუშევრები, სადაც მუდმივად იქნება გამოფენილი და, რასაც გავაკეთებ, მომავალში იქ გავაგზავნი.
მზევინარ ხუციშვილი