პრემიერმა ბერუჩაშვილსა და გომელაურს შვეიცარიის ელჩის მიერ გამოთქმული ბრალდებების გარკვევა დაავალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს შვეიცარიის ელჩთან შეხვედრას და გიუნტერ ბეხლერის მიერ სასამართლო სისტემაში კორუფციასთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიების შესწავლას სთხოვს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ შვეიცარელ დიპლომატთან შეხვედრისთვის თავადაც მზად არის.
“მინდა, ქალბატონ თამარს ვთხოვო, რომ იქნებ, დღეს შეხვდეთ შვეიცარიის ელჩს და გაარკვიოთ, რატომ არის ბატონი ელჩი შეწუხებული. მეც მზად ვარ, შევხვდე და მოვისმინო მისი წუხილი, რადგან ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა და მთავრობა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის ფარგლებშიც. სწორედ ამიტომ ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩი. ბოლო 2 წლის განმავლობაში მოვიპოვეთ აღიარება, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ნაკლებად კორუმპირებული მთავრობა, ზოგადად, ხელისუფლება, ქვეყანა. ასე რომ, ჩემთვის თითოეული კითხვის ნიშანი არის მნიშვნელოვანი”, – მიმართა პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს. ირაკლი ღარიბაშვილმა საჭიროების შემთხვევაში საკითხში ჩართვისკენ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურსაც მოუწოდა. “გთხოვთ, ყველაფერი გაარკვიოთ ბოლომდე და კონკრეტული ფაქტების დონეზე შეისწავლოთ თითოეული საკითხი. ბატონო ვახტანგ, თუ საჭიროა, თქვენც ჩაერთეთ და გაარკვიეთ ყველაფერი. მეც მზად ვარ, რომ დავინტერესდე ამ საკითხით, თუ რაიმე რეალური ფაქტი არსებობს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. რამდენიმე კვირის წინ ინგლისურენოვან გამოცემა FINANCIAL-თან ინტერვიუში გიუნტერ ბეხლერმა განაცხადა, რომ უცხოელ ინვესტორებს საქართველოში სერიოზული პრობლემები აწუხებთ. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებობს მოულოდნელი საგადასახადო პრობლემები და ჯარიმები, რომელიც შესაძლოა, უცხოელი ინვესტორებისთვის რისკებს წარმოადგენდეს. “უცხოელი ინვესტორები ჩივიან, რომ მათ აიძულებენ გადასახადებისა და ჯარიმების გადახდას, რაც გაუმართლებელია, ან დაკავშირებულია ყოფილი ხელისუფლების გაურკვეველ საგადასახადო დავებთან”, – აღნიშნა ბეხლერმა FINANCIAL-თან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები