“თბილისი 2015″ თავისი არსით ემთხვევა იმ კურსს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს გაცხადებული”

ირაკლი ღარიბაშვილმა “ექსპო ჯორჯიაში” ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015” სამზადისის ფარგლებში სემინარი გახსნა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, “თბილისი 2015” თავისი არსით ემთხვევა იმ კურსს, რომელიც საქართველოს აქვს გაცხადებული.
მან ასევე ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრციდან პირველია, რომელსაც აღნიშნული ფესტივალის ჩატარების პატივი ერგო.
პრემიერის თქმით, ეს ღონისძიება მეტია, ვიდრე მხოლოდ სპორტული შეჯიბრება.
“ჩვენთვის, მთელი საქართველოსთვის, ძალიან დიდი პატივია, რომ ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი სწორედ ჩვენს დედაქალაქში, თბილისში იმართება. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური სპორტული ღონისძიება. თბილისი პირველია პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელსაც ასეთი პატივი ერგო. ეს არის გამოხატულება ნდობისა ჩვენი ხელისუფლების მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ის ფაქტი, რომ თბილისი ამ ფესტივალის მასპინძლად აირჩიეს, ძალიან ბევრს ნიშნავს. ესაა წარმატებაა ჩვენი ქვეყნის. ასე რომ, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ ნდობისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავამართლოთ ეს ნდობა. ეს ღონისძიება გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სპორტული შეჯიბრება”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისი ოლიმპიადის პერიოდში სპორტის ევროპულ დედაქალაქად იქცევა და თავს მოუყრის ევროპის 50 ოლიმპიურ კომიტეტს.
მისივე თქმით, ღონისძიების ღირსეულად მასპინძლობისა და საუკეთესო პირობების შექმნისთვის, საქართველოს მთავრობა, თბილისის მერია და ,,თბილისი-2015″-ის საორგანიზაციო კომიტეტი ძალისხმევას არ იშურებენ. “ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც სხვადასხვა ქალაქი აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენს, რომლებიც პირველ ოლიმპიურ გამოცდილებას იძენენ და სტარტს იღებენ დიდ სპორტში შესასვლელად. ასეთი ასპარეზობები ხელს შეუწყობს ახალგაზრდობაში ისეთი ღირებულებების პოპულარიზაციას, როგორიცაა – სწრაფვა გამარჯვებისკენ, მოტივაცია, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ქვეყნების დაახლოებას. მინდა გითხრათ, რომ ის, რომ თბილისი ოლიმპიადის პერიოდში იქცევა სპორტის ევროპულ დედაქალაქად და თავს მოუყრის ევროპის 50 ოლიმპიურ კომიტეტს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი რეგიონისთვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს დედაქალაქი მზად არის ისე უმასპინძლოს ფესტივალს, როგორც ჩვენ ქვეყანას ეკადრება. მთავრობა, თბილისის მერია და ,,თბილისი-2015″-ის საორგანიზაციო კომიტეტი ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ყველა პირობა შევუქმნათ და ღირსეულად მივიღოთ ჩვენი სტუმრები – სპორტსმენები, ოლიმპიური კომიტეტების წევრები, გულშემატკივრები. დარწმუნებული ვარ, ეს ფესტივალი წარმატებით ჩატარდება და საქართველო გაამართლებს იმ დიდ ნდობას, რომელიც ჩვენ გამოგვიცხადა ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები