„წარმატებულია ყველა ის ღონისძიება, რომელიც კარგ გაკვეთილს გიტარებს…“

„როგორც ქართველების უმრავლესობა, მეც ბავშვობიდან ვმღერი. ჯერ ქალაქ ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საშუალო სკოლის გუნდში, შემდეგ კი ქალაქ ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებულ ანსამბლ „რეტროში“, რომელსაც შესანიშნავი მუსიკოსი, ქალბატონი ნანა ნოდია ხელმძღვანელობს. სწორედ ანსამბლ „რეტროში“ ვეზიარე კლასიკურ მუსიკას. პირველი ნაწარმოები, რომელიც დიდი ენთუზიაზმით ვისწავლე, დიმიტრი არაყიშვილის რომანსი „ღამეა ბნელი“ იყო. სწორედ ამ ენთუზიაზმმა განაპირობა ის, რომ მომინდა პროფესიონალურად შემესწავლა სიმღერა და მამას მეგობრის, ოთარ ჭითანავას წყალობით 2002 წლის 5 აგვისტოს მოვხვდი მაესტრო ნოდარ ანდღულაძესთან სახლში მოსმენაზე. სწორედ ამ დღემ გადაწყვიტა ჩემი მომავალი შემოქმედებით მოღვაწეობა…“ – ოპერის მომღერალი მიხეილ ქირია.

– ლა – სკალას აკადემია – არჩევანი, მზადება…11134235_842574512458269_1658792020_n
– ვინაიდან ოპერა ერთადერთი სინთეზური ხელოვნებაა, რომელიც მოითხოვს ტექნიკურად გამართულ სიმღერას, ინტერპრეტირებას, ინდივიდუალურობას და უამრავი სხვა ნიუანსის კარგად ფლობას, მაესტროს ჰქონდა სურვილი, ხშირად მიმეღო მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსებში, მოსმენებზე და მქონოდა წარმოდგენა, რა ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა ევროპაში საოპერო ხელოვნება. სწორედ ამ პერიოდში ჩამოვიდა მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, ბატონი ვაჟა ჩაჩავა საქართველოში საცხოვრებლად და ისევე, როგორც მაესტრო ნოდარ ანდღულაძეს, უდიდესი წვლილი მიუძღვის ბატონ ვაჟა ჩაჩავას ჩემი, როგორც შემსრულებლის ჩამოყალიბებაში. ბატონ ვაჟასთან თითქმის ყოველდღე, დილის 10:00 საათზე ვიწყებდით მუშაობას ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო ზაფხულობით, მაესტროს პირადი ექიმის და მეგობრის, ქალბატონი მანანა კოპლატაძის აგარაკზე ვისვენებდით მე, მაესტრო, ბატონი ვაჟა, რამდენიმე ჩვენს მეგობართან ერთად და დღეში რამდენიმე საათი ვმეცადინეობდით, ნაწარმოების ხასიათზე, ტექსტზე, პერსონაჟებზე… 2011 წელს, ლა – სკალას აკადემიის გამოცდებზე დასაშვები მოსმენა ჩატარდა თბილისში. სკალადან მოსმენაზე ჩამოვიდა ლუკა ტარჯეტი და რამდენიმე ქართველ მომღერალთან ერთად, მეც მომეცა შესაძლებლობა გავმგზავრებულიყავი მილანში, ლა სკალას აკადემიაში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მგზავრობის ხარჯები, ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ აანაზღაურა. გამოცდები ლა – სკალას სცენაზე სამ ეტაპად მიმდინარეობდა, სამივე ეტაპის გავლის შემდეგ, 180 მონაწილიდან ლა – სკალას აკადემიაში ცხრა მომღერალი ჩავირიცხეთ.
– 2013 წელს კულტურის საიმინისტრომ ფინანსურ დახმარებაზე უარი გითხრათ. როგორ მოხდა სწავლის გაგრძელება?11157922_842574525791601_987627257_n
– ჩემი სწავლის პერიოდში ლა სკალას აკადემიაში სწავლა უფასო იყო, თუმცა ცხოვრების ხარჯებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მიფინანსებდა, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, მაშინდელ კულტურის მინისტრს, ბატონ ნიკოლოზ რურუას. 2013 წლიდან სამინისტრომ კონტრაქტი არ გააგრძელა და დაფინანსება შემიწყვიტეს. სწორედ იმ პერიოდში მივმართე თბილისის მერიას დახმარებისთვის და მათ განათლების სამინისტროსთან მიშუამდგომლეს, სწორედ მერიისა და განათლების სამინისტროს დამსახურებით განვაგრძე მშვიდად სწავლა და 2013 წლის 16 ივნისს დავამთავრე ლა სკალას აკადემია.
– სოციალურ ქსელში, თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  კულტურის სამინისტრომ დახმარებაზე ახლაც უარი გითხრათ…
– დიახ, 16 მაისს უნდა მემღერა ლა – სკალაში ბატისტელის ოპერა co2-ის მსოფლიო პრემიერა. რადგან ამ სპექტაკლის ბიუჯეტი მწირია, ჩემი ანაზღაურებაც მწირი იყო. ამიტომ კულტურის სამინისტროს დახმარებისთვის მივმართე, მათაც არ უღალატეს უკანასკნელი 2-3 წლის ტრადიციას და უარის წერილი გამომიგზავნეს. აქედან გამომდინარე, ლა- სკალასთვის უარის თქმა მომიხდა და ინგლისში დავთანხმდი სხვა კონტრაქტს, თუმცა მერჩია ლა -სკალაში მემღერა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს აღარ აქვს ხედვა კლასიკურ მუსიკასთან დაკავშირებით, არ ჰყავს კადრები ამ მიმართულებით და ვერც ვხედავ, რომ უნდოდეთ ამ პრობლემის აღმოფხვრა. აღარ აქვთ გეგმა. გეგმის არ ქონა კი ნიშნავს ქაოსს და სწორედ ქაოსია გამეფებული სამინისტროში.
– მარია კალასის სახელობის სპეციალური პრემია…11160388_842574515791602_281752105_n
– იტალიის ქალაქ ბრეშას მეათე საერთაშორისო კონკურსზე, საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის მარია კალასის სპეციალური პრემია, კალასის ბიოგრაფმა, მიკელე ნოჩოლამ გადმომცა.
– წარმატებული კონცერტი – თუ შეგიძლიათ გამოარჩიოთ?
– გააჩნია, რას დავარქმევთ წარმატებას, ჩემი აზრით, წარმატებულია ყველა ის ღონისძიება, რომელიც კარგ გაკვეთილს გიტარებს, და რომელიც არაფრით არ უნდა დაივიწყო მომავალში.
– ადამიანები, პედაგოგები – რომლებმაც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს…
– რა თქმა უნდა, გამოვყოფდი ჩემს ოჯახს, დედას – ნანი ბჟალავას და დას – თამუნა ქირიას. სამწუხაროდ, მამა, თორნიკე ქირია 2001 წელს ავტოკატასტროფაში გარდამეცვალა. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემს ცხოვრებაში უდიდესი გარდატეხა შეიტანეს ჩემმა პედაგოგებმა, პროფესორებმა: ნოდარ ანდღულაძემ და ვაჟა ჩაჩავამ, ასევე გამოვყოფდი ლეგენდალურ რენატო ბრუზონს, რომლის დამსახურებაცაა ჩემი, როგორც შემსრულებლის ჩამოყალიბება და ასევე უდიდეს ბრიტანელ რეჟისორს ჯონათან მილერს.
– რა გრძნობაა პრემიერამდე, კონცერტამდე და შემდეგ…
– შეგრძნებები კონცერტსა და სპექტაკლს შორის ძალიან განსხვავებულია. მე სპექტაკლი უფრო მიზიდავს, პერსონაჟი, სიუჟეტი, მიზანსცენა, დეკორაცია, ორკესტრი, გრიმი, კოსტიუმი, განათება, ეს ყველაფერი ძალიან სხვა ატმოსფეროს ქმნის. მოულოდნელად ჩნდები იმ ეპოქაში, სადაც ვითარდება სიუჟეტი და მაშინ ხვდები, რომ შენ, შენ არ ხარ. ამ ყველაფრისთვის მზადება კი ცალკე თემაა, რომელსაც რამდენიმე ეტაპად ვყოფ: 1. სამაგიდო სამუშაო, ისტორიული პირველწყაროს გაცნობა 2. ლიბრეტოს (შინაარსი) გააზრება 3. პერსონაჟის გააზრება 4. თარგმნა 5. მეტყველებაზე მუშაობა. ამ ყველაფრის შემდეგ იწყება: 6. ფორტეპიანოსთან სწავლა 7. კონცერტმეისტერთან სწავლა 8. რეჟისორთან მიზანსცენების გავლა 9. დირიჟორთან მუშაობა 10. წინა გენერალური რეპეტიცია 11. გენერალური რეპეტიცია, რომელიც უმეტესწილად პუბლიკისთვის ღიაა, და ბოლოს, 12. სპექტაკლი. ეს პროცედურა იმდენად სასიამოვნოა, რომ სპექტაკლის მოახლოებას ვერ გრძნობ და  სპექტაკლში შენი შესვლა ძალიან ბუნებრივად ხდება.
– მსმენელი – თუ შეგიძლიათ, შეადარეთ ქართველი და უცხოელი მსმენელი…11164095_842574519124935_1354529456_n
– იტალიელი მსმენელი რადიკალურად განსხვავებულია ქართველ მსმენელთან შედარებით. იტალიელები კარგ სიმღერასთან ერთად პერსონაჟს აქცევენ ყურადღებას, ბელკანტო მათია და შესრულებისას აუცილებელია იდეალური გამოთქმა, ტექნიკურად კარგი შესრულება, ავტორის მითითებების გათვალისწინება, ზუსტი ჟესტიკულაცია, სწორი რეაქციები, ემოციების კონტროლი, ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის პერსონაჟს. ქართველები ძალიან ემოციურები ვართ, ძირითადად ხმაზე და ემოციაზე ვაკეთებთ აქცენტს.
– ხელოვანის ბედი საქართველოში…
– საქართველოში ახალგაზრდა ხელოვანებს, ჩვენს შემთხვევაში, ოპერის მომღერლებს სამწუხაროდ, არ სწყალობენ. თუ, უცხოეთში წარმატებული არ გახდა, იშვიათად რომ დააფასონ მისი ნიჭი, თავდადება და შრომისუნარიანობა. ამის უამრავი მაგალითია ჩვენს ირგვლივ. უნიჭიერესი ერი ვართ.
ერთი ჩვეულებრივი დღე…
– ერთი ჩვეულებრივი დღე იწყება შხაპით, საუზმით, გასეირნებით და ახალი პროგრამის სწავლით. ძირითადად, 13:00 საათზე ვსადილობ, ისევ ვცდილობ, გავისეირნო და ორი საათით დავუბრუნდე სასწავლო პროგრამას. საღამო უმეტეს შემთხვევაში თავისუფალი მაქვს. შაბათ-კვირას ვცდილობ, სადმე გავიდე, რაღაც ახალი ვნახო, დავათვალიერო ან უბრალოდ პარკში დავჯდე და ვიკითხო.
– გეგმები…
– მომავალ გეგმებს რაც შეეხება, მაისში, ორი თვით ბრიტანეთში , გლაინბურგის ფესტივალზე მივდივარ, დონიცეტის ოპერა პოლიუტოს სამღერად, სადაც სევეროს როლს განვასახიერებ.

მზევინარ ხუციშვილი

11124825_842574555791598_277709505_n

11168985_842574522458268_439529599_n

11173684_842574529124934_515216276_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები