ახალგაზრდა ანსამბლი „ორბები“ დაარსებისა და მოღვაწეობის ორწლიანი მუშაობის შედეგად მართალია მცირე ისტორიით შემოიფარგლება, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მათ გარკვევულ წარმატებას უკვე მიაღწიეს. გუშინ ანსამბლმა სიღნაღში გამართულ სიყვარულის ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, სადაც კიდევ ერთი ჯილდო დაიმსახურა. მისი ხელმძღვანელი ქორეოგრაფი შალვა ბიწაძე გახლავთ, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია და ანსამბლისა და საკუთარი პერსონის შესახებ თავად გვიამბობს.
სიღნაღში სიყვარულის ფესტივალზე მიიღეთ მონაწილეობა. ვინ მიგიწვიათ და რა ცეკვები შეასრულეთ?
წელს პირველად ანსამბლმა სიღნაღში გამართულ სიყვარულის ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, რომელზეც თენგიზ ქიმაძემ მიგვიწვია. სიღნაღში გამართულ ფესტივალს „მზიანი საქართველო“ ერქვა და მართლაც საუცხოდ წარიმართა. ეს დღე ნამდვილი მზის ზეიმი გახლდათ. ჩვენმა ანსამბლის წევრებმა რამდენიმე ცეკვა შეასრულეს და დიპლომები მიიღეს. ბედნიერი ვარ, რომ გარდა ცალკეული მონაწილის შრომის დაფასებისა, ანსამბლი მედლითაც დაჯილდოვდა. ეს ჩვენი ბავშვებისთვის დიდი სტიმულია.
როგორ გაჩნდა ანსამბლის ჩამოყალიბების იდეა?
ყოველთვის მინდოდა ისეთი ანსამბლი ჩამომეყალიბებინა , სადაც ბავშვი მუდმივად დაკავებული იქნებოდა და თან ქართული ცეკვის ხელოვნებას ეზიარებოდა. ჩვენ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები ვართ. “ორბი” ისეთ ვაჟკაცებს აღზრდის, რომელთაც არასდროს მოუნდებათ ქუჩაში უქმად დგომა. გარდა ინტელექტუალური ზრდისა, ჩვენი პირდაპირი მიზანია მოზარდის ფიზიკურ და ესთეტიურ სიჯანსაღეზე ზრუნვა. ყოველწლიურად თანმიმდევრულად გართულებული ცეკვის ილეთები და ზოგადად პროგრამა, მოსწავლის ასაკისათვის შესაფერის ფიზიკურ დატვირთვას უზრუნველყოფს. მოგეხსენებათ, სისტემატიური ვარჯიშით მოსწავლეებში სხეულის მოვლისა და სიჯანსაღის შენარჩუნების ჩვევები ადრეული ასაკიდან ვითარდება. გუნდური მუშაობა , დისციპლინა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, მათში ნელნელა განვითარებული ყველა ეს თვისება მომავალ ცხოვებაში მათთვის ბევრი წარმატების საწინდარი იქნება. ჩემი სურვილია, ყველა მოზარდს ჰქონდეს საშუალება, ქართულ ხელოვნებას ეზიაროს. ჩემი მიზანია, მქონდეს ისეთი სტუდია, სადაც ბავშვები უფასოდ ეზიარებიან ქართული ცეკვის ხელოვნებას, რასაც ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. მე მახსოვს ჩემს ბავშვობაშიც იყვნენ ოჯახები, რომელთა შვილებსაც ძალიან უნდოდათ ცეკვა ესწავლათ, თუმცა მშობლები ვერ ახერხებდნენ მათთვის ეს სურვილი შეესრულებინათ. ახლაც ასეა, რუსთავში არიან ოჯახები, რომელებსაც მძიმე სოციალური პირობების გამო, არ აქვთ ამის საშუალება.
მოგვიყევით თქვენს შესახებ
პროფესიით ქორეოგრაფი გახლავართ. ხუთი წლიდან ვცეკვავ. ცეკვა ჩემთვის ყველაფერია. ხელოვნებისადმი სიყვარული მშობლებისგან გადმომეცა. დედა– პროფესიით მუსიკოსი გახლავთ, მამა ინჟინერია, თუმცა ხელოვნების დიდი მოტრფიალე. სწორედ მათ მაზიარეს ცეკვის ხელოვნებას. ხუთი წლიდან დავდივარ ცეკვაზე. პირველად ანსამბლ “ერისიონში” ვცეკვავდი, შემდეგ ჩავაბარე ქორეოგრაფიულ უნივერსიტეტში. 4 წლის დასრულების შემდეგ განვაგრძე ცეკვა ანსამბლ “სეუში”. მიღებული მაქვს დიპლომები,სიგელები,მედლები და მრავალი მადლობა წარმატებული მოღვაწეობისათვის. ყველაზე დიდი წარმატება ჩემთვის ჩემი ანსამბლის ჩამოყალიბება გახლავთ, რომელსაც სახელწოდება თავად მოვუფიქრე. მოგეხსენებათ,რომ ფრინველი ორბი გამოირჩევა თავისი სიძლიერით და მიზანდასახულობით.
მყავს მეუღლე და ერთი შვილი. ვცდილობ ჩემს პატარა ბიჭს აქედანვე შევაყვარო ქართული კულტურა. მოგეხსენებათ, ყველა ის თვისება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, სწორი აღზრდის შედეგად ძალიან პატარა ასაკიდან ყალიბდება ადამიანში.
ანსამბლს უკვე გარკვეული წარმატებები აქვს
დიახ, ასეა. ახალბედა ანსამბლი აქტიურად მონაწილეობს საქართველოში გამართულ ფესტივალებში და კონცერტებში, როგორც ანსამბლი „ორბები“-ს საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევარი, ორი წლის განმავლობაში მიღებული გვაქვს ოთხი სერთიფიკატი და სამი მედალი. ახლა უკვე მეოთხე სიღნაღიდან ჩამოვიტანეთ. ანსამბლი ორი ქორეოგრაფის, სამი მუსიკოსის და ოცი მოცეკვავესგან შედგება. ყველა წევრმა კარგად იცის , რომ შრომით ბევრის მიღწევა შეგვიძლია.
ახლახანს ქალაქ ალანიადან მიიღეთ მოწვევა შვიდ დღიან ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად, თუმცა არ იცით, მოახერხებთ თუ არა გამგზავრებას . რა ფესტივალია ეს?
ეს ფესტივალი ყოველ ზაფხულს იმართება თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში. წელს მიწვეული ვარ ანსამბლ „ორბებთან“ ერთად . ამ ფესტივალში წინა წლებში ვიღებდი მონაწილეობას, როგორც მოცეკვავე. მათი ინტერესიც სწორედ აქედან გაჩნდა . ჩემი ანსამბლის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაგზავნის შემდეგ მივიღე მოწვევა. მონაწილეობა უფასოა, მაგრამ გზა და ადგილზე ცხოვრების თანხა ანსამბლმა უნდა დაფაროს, სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის ანსამბლს არ აქვს ბიუჯეტი, რადგან არ ფინანსდება სხვა წყაროებიდან. სიღნაღი ახლოს არის და ფესტივალზე წასვლის ხარჯები მშობლებმა გასწიეს, რადგან მათი დიდი სურვილია თავიანთი შვილები თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ვერა, ქვეყნის შიგნით მაინც იყვნენ წარმატებულნი. თურქეთში გამგზავრებას რაც შეეხება, ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ გამოჩნდება ვინმე, ვინც დაინტერესდება ანსამბლის ბედით და დახმარების ხელს გამოგვიწვდის, რაც მისცემს ანსამბლს განვითარების საშუალებას.
მომავლის გეგემები
რა თქმა უნდა, ბევრი გეგმა მაქვს, როგორც პირადი ასევე ანსამბლთან დაკავშირებული. თუმცა გეგმებზე წინასწარ საუბარს ვერიდები. სჯობს საქმემ გამოგვაჩინოს.
ირმა მირზაშვილი