„ნამდვილი, ნაღდი, სამართლიანი პროტესტი დღეს აღარავის სჭირდება…“
„პროფესიის არჩევა ცხოვრებაში არცთუ ისე იოლი საქმეა. გამოუცდელი ახალგაზრდა ირჩევ რაიმე პროფესიას და მერე მთელი ცხოვრება ნანობ ამ არჩევანს. ნანობ, რომ სხვა, შენთვის უფრო სასარგებლო საქმეს არ აკეთებ და ასე გადის წლები. სკოლის დამთავრების შემდეგ მეც აღმოვჩნდი ასეთი არჩევანის წინაშე. რადგან „უმაღლესი“ აუცილებელი იყო, ჩავაბარე უცხო ენათა ინსტიტუტში, მხოლოდ იმის გამო, რომ გერმანული ენა, კულტურა და ფეხბურთი მიზიდავდა, ანუ უნდა გამოვსულიყავი გერმანული ენის სპეციალისტი ან მასწავლებელი. მაგრამ მეოთხე კურსის დროს საქართველო დავტოვე და გერმანიაში წავედი. მაშინ გატაცებული ვიყავი წერით. მინდოდა მწერლობა და მთელს მსოფლიოში მოგზაურობა. მაშინ გერმანულ ენაზე წერისთვის ჯერ მზად არ ვიყავი, ქართული კი ვის რად უნდოდა გერმანიაში (შემდგომში გერმანულად გამოვეცი ორი წიგნი, ერთი მოთხრობების კრებული და ერთი რომანი). დავიწყე თარჯიმნობა და ასე გავატარე რამდენიმე წელი. მერე მივხვდი, რომ დამეკარგა მშობლიური ენა და მივყევი ჩემს ბავშვობის გატაცებას – ხატვას. ფერწერა გახდა მას მერე ჩემი პროფესიაც და მოწოდებაც. ვცდილობ, ყოველდღიურად გავიღრმავო ცოდნა ამ დარგში და გავაღვივო ცეცხლი, რათა ყოველთვის საინტერესო იყოს ჩემთვის ეს პროფესია და არასდროს მომწყინდეს. არც ისე დიდი ხნის წინ, მივიღე დამატებითი განათლება ფსიქო და არტთერაპიაში. ასე რომ, ვარ მხატვარი და არტთერაპევტი…“ – მხატვარი ბეჟან ენუქიძე, გერმანიაში ფსევდონიმით Be´shan ცნობილი.
– როდის და რატომ დაიწყეთ ხატვა, რა იყო თქვენი შთაგონების წყარო?
– რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავდი. ბავშვობაში, უმეტესწილად, რელიგიური თემები მიტაცებდა და, ძირითადად, ქრისტეს და ჯვარცმას ვხატავდი. ეს იყო სადღაც 80-იანი წლების შუახანები. მარტო დავდიოდი სიონში და ვათვალიერებდი ფრესკებს. ბევრს მაშინ ალბათ არანორმალური ვეგონე – რას დადის ეს ბავშვი ეკლესიებში, ნუთუ პატრონი არ ჰყავსო (ეს იყო გაგანია სოციალიზმის ხანა). ერთხელ რაჭაში (ჩემი წინაპრების სამშობლო) ერთ მიუხედავ და მინგრეულ სალოცავში ღვთისმშობლის ხატი ვნახე, იავარმქმნილი და საშინელ მდგომარეობაში. ჩამოვიტანე თბილისში და დავიწყე მისი შეკეთება. გაგიჟდნენ მშობლები და ყველა, ვინც ეს გაიგო – ეკლესიიდან ხატი როგორ წამოიღე, ღმერთი დაგსჯისო. მე კი ღმერთს ვუთხარი – მთავარია შენ ხვდები, რისთვის გავაკეთე ეს საქმე და სხვა, ვინ რას იფიქრებს, ან იტყვის, არ მაინტერესებს-მეთქი. სამ თვეში განახლებული ხატი ჩავუტანე ისევ იმ სალოცავს.
დედაჩემს სულ უნდოდა ჩემი წაყვანა სამხატვრო სკოლაში, მაგრამ მაშინ ყველაფერს ფეხბურთს ვამჯობინებდი, ვთამაშობდი „ნორჩ დინამოელში“, ვიყავი მეკარე.
– ფერი თქვენს შემოქმედებაში…
– ფერები სიცოცხლეა! სადაც კი გაიხედავ, ყველგან ფერია და სინათლის მიხედვით ყველაფერი ყოველ წამს იცვლება. თუ კარგად დააკვირდებით, ფერები გვეთამაშებიან, სულ გადადიან ერთმანეთში, ეზავებიან ერთმანეთს, ესიყვარულებიან და ეტრფიან ერთმანეთს. იქნება ეს ბუნების მიერ თუ ხელოვნურად შექმნილი ფერები. ამიტომ, მართლაც რომ ერთი სიამოვნებაა მათი თვალიერება და ხატვა. ფერთა არიალი არასოდეს დაილევა, ჩვენს ირგვლივ მილიონობით ნიუანსია და ისინი ალბათ ათასობით მომავალ თაობას ეყოფა დასახატად. სამწუხაროა, რომ საქართველოში ფერთა სიუხვე ადამიანთა ჩაცმულობაზე და სახლების გაფორმებაზე არ აისახება. ერთდროინდელი მზისა და ვარდების ქალაქი თბილისი, მართლაც, რომ რუხ ქალაქად იქცა. და ხალხი უკვე ისე მიეჩვია ამას, რომ ყოველნაირი ფერთა გამოვლინება, ვთქვათ არქიტექტურაში, ვიღაც-ვიღაცების ახირებად მიაჩნია.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდებათ?
– გარემოს, მართლაც, რომ დიდი ზემოქმედების უნარი აქვს, გარემო ქმნის განწყობას. ასეთი გარემოა, მაგალითად, ქალაქი, სადაც ცხოვრობ, უბანი, ადამიანები შენს ირგვლივ, მეზობლებიც კი. ისინი ჩვენზე უფრო მეტ გავლენას ახდენენ, ვიდრე ვფიქრობთ, უმეტესად, ქვეცნობიერად. მხატვრისთვის ასეთი გარემოა, უპირველესად, მისი სახელოსნო, და ასეა ჩემთვისაც. რადგან მე მთელი ცხოვრება დიდ ქალაქებში გავატარე, გამიჭირდება მუშაობა სადმე გარიყულ ადგილას, ჩემს ირგვლივ უნდა დუღდეს ცხოვრება, ისე რომ, როცა მე ჩემს სახელოსნოში ჩავიკეტები, ხელს არავინ მიშლიდეს. აუცილებელია მუსიკა! არაფერი მოქმედებს ისე სწრაფად ადამიანის ფსიქიკაზე, როგორც მუსიკა. ნაცნობი და საყვარელი მელოდია სულ რაღაც წამებში ქმნის იმ ატმოსფეროს, რაც იმ მომენტში გჭირდება. ასეთ დროს ვუსმენ ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა: PINK FLOYD, URIAH HEEP, YES, LED ZEPPELIN, ანუ 70-იანი წლების პროგრესულ არტროკს, თანამედროვე მუსიკა საერთოდ არ მაინტერესებს. ჯაზი მეხმარება, რომ საერთოდ დავიცალო გრძნობებისგან, როცა ეს მჭირდება. ვუსმენ ასევე კლასიკურ მუსიკას, იმისდა მიხედვით, თუ როგორ სურათს ვხატავ. ველური, დინამიკური სურათების შესაქმნელად ვუსმენ მძიმე როკს ან ჯიმი ჰენდრიქსს. ამ პროცესში წითელ ღვინოსაც დიდი ადგილი უკავია. ვაფრქევ ოთახში საკმეველს, რათა ირგვლივ კარგმა ენერგიამ დაისადგუროს.
– გამოფენები და შთაბეჭდილებები…
– გამოფენებს, ძირითადად, გერმანიის მასშტაბით ვმართავ. საერთოდ, გერმანიაში ძალიან ბევრი მხატვარია და ძნელია რაღაცით გამოიჩინო თავი. მსოფლიოში არასოდეს ყოფილა იმდენი ხელოვანი, რამდენიც დღესაა. ეს, რასაკვირველია, ერთი მხრივ, კარგია, რადგან ჯობს იყო ხელოვანი, ვიდრე ვთქვათ, პოლიციელი ან ჯარისკაცი, მეორე მხრივ კი დიდი კონკურენციაა. არსებობს ასეთი აზრიც, რომ ყველაფერი უკვე შეიქმნა და ახალს ვეღარაფერს შექმნი. რადგან ჩემი სურათები, ძირითადად, ემოციებზეა აგებული, მათ უფრო სამხრეთული სულის ადამიანები ეტანებიან, ჩრდილოეთ გერმანია კი დიდ ემოციურ კრიზისშია და აქ უფრო ისეთი ხელოვნება მოსწონთ, რომელიც კონცეფციებზე და ახსნა-განმარტებებზეა აგებული, ის, რასაც უკვე ადამიანის ხელი და გული აღარ ატყვია. ან ის, რაც სენსაციური მოტივებით გამოირჩევა.
– როდის და რატომ წახვედით საქართველოდან?
– საქართველო 1992 წლის თებერვალში დავტოვე. ეს ის პერიოდია, როცა ქაჯური წარმომავლობის მაფიოზურმა კლანებმა ჩემს თვალწინ გადაბუგეს თბილისი. მაშინ ვსწავლობდი უცხო ენების ინსტიტუტში და, როგორც სტუდენტი მეც ვიყავი იმდროინდელ ე.წ. ეროვნულ მოძრაობაში ჩაბმული. ვემხრობოდი ზურაბ ჭავჭავაძეს, ვიცნობდი მას და მჯეროდა მისი. ზურა ძალზე საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა დიდად იმოქმედა ჩემზე. სამწუხაროდ, მაშინდელი ფართო საზოგადოება ზურას იდეებისათვის მზად არ იყო და ხალხი უფრო აგრესიულ და ყალბ ნაციონალურ ლოზუნგებს აჰყვა (ამის შედეგებს დღესაც იმკის ქვეყანა). ალბათ, ვგრძნობდი, რომ მოდიოდა ბნელი ხანა და არ მინდოდა ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები უშუქო, აგრესიულ და ფეოდალურ ხანაში დაბრუნებულ შავ ქვეყანაში გამეტარებინა. ჩემი თაობა მაშინ განებივრებული იყო კარგი ცხოვრებით. სპორტი, კულტურა, ადამიანთა შორის ურთიერთობები მაღალ დონეზე იდგა და ქართველობა, მართლაც, რომ საამაყო ცნება იყო. მერე ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დამთავრდა და მხოლოდ მოგონებად დარჩა, დადგა თავის გადარჩენის საკითხი. მე გერმანული ენის გასაღრმავებლად ისედაც ვაპირებდი დასავლეთში წამოსვლას, მაგრამ ოფიციალურ დონეზე ეს უკვე აღარ ხერხდებოდა, ამიტომ დიდ ფასად ავიღე ტურისტული ვიზა, საგზური და წამოვედი აქ დასარჩენად. ძალიან დამეხმარა მაშინ ამ საქმეში მთელი ინსტიტუტი და, კერძოდ, მაშინდელი რექტორი, პროფესორი, ცხონებული გურამ რამიშვილი. დავრჩი და ეს ერთი წუთითაც არ მინანია. მხოლოდ იმას ვნანობდი, თუ ვის ხელში დარჩა ერთ დროს ასეთი აყვავებული და თბილი ფერებით სავსე ქვეყანა.
– ემიგრაცია და ნოსტალგია…
– პირველი პერიოდი, მართლაც, ძალიან რთული აღმოჩნდა. ველოდი სულ სხვა გერმანიას და დამხვდა, საერთოდ, კოშმარი! პირველ დღეებს დავახასიათებდი, როგორც ჩამოსვლას ცივ, არქტიკულ ჯოჯოხეთში. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემი დარჩენა მოხდა საკმაოდ მიამიტურ ნიადაგზე – მინდა დარჩენა და ვრჩები, მორჩა! მაშინ ხომ საერთოდ არ იყო არავითარი ინფორმაცია, თუ როგორ, სად, ვისთან… არავითარი რჩევა-დარიგება არავის მიერ. აქ ხომ არავინ გელოდა და ბევრი, როგორც უცხოელს ზიზღით გიყურებდა. ქართველების უმეტესობა კი, თუ ვინმე ვნახე, კრიმინალით იყო დასაქმებული, აქაც კი ხალხს ტყავის ქურთუკების გამო კლავდნენ, იყო ერთი ასეთი შემთხვევა.
მაშინ გერმანიას უამრავი ლტოლვილი მოაწყდა, მთელი ყოფილი სოციალისტური ბანაკი აქეთ გამოეშურა და მიდიოდა გერმანელების ძარცვა. აქ იყო მთელი იუგოსლავია (მაშინდელი ომის გამო). იმ დღეებში უცბად შემძულდა ყოველივე გერმანული. მაგრამ უკან წამოსვლა ყველანაირად გამოვრიცხე. იყო შიმშილობის პერიოდებიც, უცნაური შეგრძნებაა, როცა იმყოფები ასეთ მდიდარ ქვეყანაში, შენს ირგვლივ გამძღარი და დასიებული გერმანელები დადიან და შენ კი პურის და წყლის ფულიც არა გაქვს… მაგრამ ნელნელა აეწყო ყველაფერი და შევეგუე აქაურობას. გავიცანი ერთი პარიზელი გოგონა, შეგვიყვარდა ერთმანეთი და მოვაწერეთ ხელი, ასე შევრჩი ამ ქვეყანას. უნდა ითქვას, რომ გერმანული და ქართული მენტალობა ერთმანეთისგან სრულებით საპირისპიროა, ძნელია მათი შეთავსება. ბევრი რამ მისაღებია, ბევრი საერთოდ მიუღებელი.
ნოსტალგია არ მქონია. რასაკვირველია, მენატრებოდა თბილისი, მეგობართა წრე, ის სილაღე, რაც ჩვენ ერთ დროს გაგვაჩნდა, მაგრამ ხომ ვიცოდი, რომ აღარ იყო არც ის თბილისი, მე რომ დამამახსოვრდა და მეგობართა უმეტესობას კი ჩემნაირად დატოვებული ჰქონდა საქართველო. პირიქით, დასაწყისში სულ მქონდა ისეთი სიზმრები, ვითომ საქართველოში ვარ ისევ და უკან ვეღარ მოვდივარ. ვიღვიძებდი, დავინახავდი ჭერს, რომ ისევ ჰამბურგში ვარ და ვმშვიდდებოდი…
– ამბობენ, ხელოვანმა საკუთარი შემოქმედებით უნდა გამოთქვას საკუთარი აზრი, პროტესტი და ა.შ. თქვენ რისი თქმა გინდათ თქვენი შემოქმედებით? რა არის თქვენთვის ხატვა?
– ამჯერად ჩემთვის ყველაზე მთავარია ფერებით და ფორმებით გადმოვცე ის, რაც უმეტესწილად ადამიანებში უთქმელი, დაუნახავი და აღუქმელი რჩება. მოვიხმარდი კანდინსკის სიტყვებს – საინტერესოა დახატო ის, რაც არ ჩანს, ვიდრე გადახატო ის, რაც ჩანს. ეს იყო ჩემთვის ხიდი აბსტრაქტული ფერწერისაკენ. ის, რაც ჩვენ ყველას გვიზიდავს, რასაც ვეტრფით, მაგრამ ყოველთვის სახელს ვერ ვუძებნით და ვერ გამოვხატავთ. ის, რაც არ მოიპოვება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ქვეცნობიერად სულ რომ მისკენ მივისწრაფვით. ვიცით – ის არსებობს სადღაც, აქვს რაღაცნაირი ფორმები თუ ფერები… აი, ვცდილობ ეს შეგრძნებები გადავიტანო ტილოზე. ხან გამომდის, ხან არა. როგორც იტყვიან – თავად გზა არის მიზანი. და ამ გზის გავლა და იმ „რაღაცის“ ძებნა მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას.
ასევე ვცდილობ, დავხატო შედარებით უფრო კონკრეტულ ფორმებში სიტუაციები ადამიანთა ცხოვრებიდან, ის, რაც შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ არასოდეს რომ არ მოხდება. ანუ ჩვენთვის ნაცნობი წესები რომ შევცვალოთ და დავინახოთ ყველაფერი ახლებურად (ასეთ ხერხებს მიმართავდნენ ადრე სიურეალისტები, მაგ. სალვადორ დალი), ასეთ სურათებში, ძირითადად, ვიხმარ შავ-თეთრ ფერებს.
ხანდახან კი ჩემში იღვიძებს პროტესტის გრძნობა და ვხატავ, ვთქვათ, ომის საწინააღმდეგო სურათს, ან დღევანდელი დასავლელი მომხმარებლის კრიტიკას, რომლის ცხოვრების აზრი მხოლოდ ჭამით, სმით და ტელევიზორის ყურებით ამოიწურება, რომელთაც ლამის უკვე მთლად გადახრეს და გადაჭამეს მთელი დედამიწა… სამწუხაროდ, ასეთი ნახატები არავის უნდა. საერთოდ, დღეს პროტესტის გრძნობა ხელოვნებაში მთლად გამქრალია, არადა თემების მეტი რაა. განადგურების პირასაა მიყვანილი ლამის ადამიანის ფსიქიკა. ნამდვილი, ნაღდი სამართლიანი პროტესტი დღეს აღარავის სჭირდება.
– ცხოვრობთ გერმანიაში, სად და რაზე მუშაობთ?
– გერმანიაში ჩამოსვლიდან ვცხოვრობ საპორტო ქალაქ ჰამბურგში. ამჟამად ვმუშაობ არტთერაპევტად. არტთერაპია ევროპაში საკმაოდ გავრცელებული თერაპიის ფორმაა და მოიცავს 100- წლიან ისტორიას. უკვე მეცნიერულადაც არის დასაბუთებული, რომ ხელოვნება ადამიანს კურნავს. არტთერაპიით მკურნალობენ პაციენტებს საავადმყოფოებში, პენსიონერთა სახლებში (შემოქმედებითი მუშაობა დადებითად მოქმედებს ალცჰაიმერით დაავადებულ პაციენტებზე), თვით ციხეებშიც კი ასაქმებენ უკვე პატიმრებს ხელოვნებით. არტთერაპია ასევე გამოიყენება, მაგალითად, ადამიანებისათვის, ვისაც ძალიან გადატვირთული აქვს გონება და გადაწვის პირასაა. ხდება მათი განტვირთვა შემოქმედებითი დასაქმებით. არსებობს კიდევ ღრმა ფსიქოლოგიური არტთერაპიაც (ფროიდი, იუნგი), რომლის მეთოდებითაც შესაძლებელი ხდება ადამიანმა საკუთარ სურათებში არტთერაპევტის დახმარებით გამოიკვლიოს ბევრი რამ, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოუთქმელი ან გაუაზრებელი რჩებოდა და ამით უფრო უკეთესად აღიქვას საკუთარ თავში მიმდინარე პროცესები… აი, ამით ვარ დღეს (მხატვრობასთან ერთად) დაკავებული.
– ყველაზე საინტერესო პროექტი, რომელზეც იმუშავეთ?
– ჩემთვის ნებისმიერ სურათზე მუშაობა საინტერესოა და ძნელია, რომელიმეს გამოყოფა. იმ მომენტში, როცა დასაქმებული ხარ, ის უნდა იყოს შენთვის ყველაზე საინტერესო და საოცნებო პროექტი. მაგრამ მე მაინც გამოვყოფდი ბოლოდროინდელ ცხოვრებას, ამჯამად ვმუშაობ გონებრივად და ფიზიკურად შეზღუდულ ადამიანებთან არტთერაპევტად. ვხატავთ ასე ერთად და გვიხარია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყოველმხრივ მოკლებულნი არიან იმ სიხარულს და სიამოვნებებს, რაც ჩვენთვის ყოველდღიურობას წარმოადგენს. არ არის მათთან მუშაობა მთლად ადვილი, მაგრამ როცა მათ თვალებში ხედავ ბევშვურ გულიან სიხარულს და მადლიერებას, ეს გაძლევს რაღაც საოცარ ენერგიას, გხდის თავმდაბალს და მოკრძალებულს ცხოვრების მიმართ. ვისურვებდი, რომ მთელი მსოფლიოს მილიარდერებმა და პოლიტიკოსებმა რამდენიმე დღე გაატარონ მათთან… ალბათ, ისინიც სასიკეთოდ შეიცვლებოდნენ…
– ხომ არ გაქვთ გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით?
– მთელი ჩემი გეგმები იმით ამოიწურება, რომ ასე ორ წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ, რათა ჩემი ოჯახი, ნათესავები და ძველი მეგობრები მოვინახულო.
მზევინარ ხუციშვილი