„დილით რომ მიხვალ, პინგვინს მოეფერები და ასე დაიწყებ დღეს, მერე ყველაფერი სხვანაირად მიდის…“

„პროფესიით გრაფიკოს – დიზაინერი ვარ. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი ამ მიმართულებით, მაგრამ ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დავიწყე რადიოსა და ტელევიზიაში მუშაობა. ამიტომ, ეს პროფესია ნელ-ნელა მეორე პლანზე გადავიდა…“ – თბილისის ზოოპარკის პიარმენეჯერი მზია შარაშიძე.

– სამხატვრო აკადემია…11125291_837113139671073_1848506279_n
– მამა პროფესიით არქიტექტორია. როგორც წესი, მშობლებს უნდათ, რომ შვილებიც მათ გზას გაჰყვნენ, თუმცა ხატვის ნიჭიც მქონდა. ამიტომ, როცა მამამ სამხატვრო აკადემია მირჩია, იდეა მომეწონა, რადგან იმ პერიოდში აკადემია განსხვავებული სასწავლებელი, უფრო შემოქმედებითი და საინტერესო იყო. ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, მომზადებას ვერ ვახერხებდი, მამა მამეცადინებდა და პარალელურად სამხატვრო აკადემიაში თავისუფალ მსმენელად დავდიოდი. შეიძლება ითქვას, რომ მამის დამსახურებაა, ეს მიმართულება რომ ავირჩიე.
– თუმცა, ბავშვობაში ჟურნალისტობისთვისაც ემზადებოდი…
– ბიძაჩემი  ჟურნალისტი, ფოტოკორესპონდენტი იყო. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, როცა გადაწყვიტა ჩემი ჟურნალისტობა და ხელს მიწყობდა, ბევრი მეწერა. ბიძაჩემის დახმარებით ვწერდი სტატიებს და ვაქვეყნებდი „ნორჩი ლენინელში“, შემდეგ იყო საბავშვო გაზეთში „ნერგი“. ცოტა რომ გავიზარდე, რატომღაც დავივიწყე ეს პროფესია.
– რადიო და ტელევიზია…11125792_837113136337740_883864674_n
– სამხატვრო კადემიაში რომ ვსწავლობდი, მაშინ მხოლოდ რამდენიმე რადიოსადგური იყო. მათ შორის, ერთ-ერთი პოპულარული და პირველი „რადიო 106.4“ იყო. ზოგადად, ყოველთვის ძალიან გამბედავი ვიყავი. პირდაპირ მივედი და ვუთხარი, თქვენთან მინდა მუშაობა-მეთქი. ფურცელი მომცეს, რომელიც უნდა შემევსო და ყველა ჟანრის შემსრულებელი ჩამეწერა. ფურცელი შევავსე, დირექტორს ვესაუბრე და წამოვედი. იმ საღამოს დამირეკეს და მითხრეს, რომ შემიძლია მუშაობა დავიწყო. იმ დღიდან 10 წელი ვიმუშავე რადიოში. პარალელურად ვმუშაობდი სერგი გვარჯალაძესთან გადაცემა „კომუნიკატორში“. ამ გადაცემაშიც, შეიძლება ითქვას, შემთხვევით მოვხვდი. უბრალოდ ელექტრონულ ფოსტაზე მივწერე სერგის, რომ მათთან მუშაობა მინდოდა და ამიყვანეს. გადაცემის დახურვის შემდეგ, ტელეკომპანია მაესტროში, მამუკა ღლონტის დიდი თხოვნით დავიწყე მუშაობა და ტელეკომპანიის დახურვის ბოლო დღემდე ვიმუშავე. მე ერთ-ერთი უკანასკნელი წამყვანი ვარ, ვინც ტელევიზია დატოვა. მოგვიანებით ვმუშაობდი ტელეკომპანიებში: „რუსთავი-2“ და „იმედი“.
სიმართლე გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავისით ხდებოდა. ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც სახლში ზის და წუწუნებს, არავის ვჭირდებით, საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ვახდენთ. მე სახლში არასდროს არ ვიჯექი და არ ველოდებოდი, ვინ როდის შემამჩნევდა. უბრალოდ, ხანდახან საჭიროა აქტიურობა და ინიციატივის გამოჩენა, რაც აუცილებლად დაგიფასდება, რადგან საქმის პარალელურად აუცილებლად მოვა ახალი შემოთავაზებები.
– კომპანია „რედიქსი“ და პიარი…11130037_837113129671074_831616118_n
– სიმართლე გითხრათ, ტელევიზია მობეზრებული მქონდა და ძალიან დაღლილი ვიყავი. საოცარი გრაფიკით ვმუშაობდით. თითქმის შვიდი საათი ვიყავით გადაბმულად ეთერში. გამოფიტულები ვიყავი და მივხვდი, რომ რაღაც სხვა მინდოდა. ბევრი ვიფიქრე, გადავხედე ჩემს შესაძლებლობებს და ჩავაბარე (ჯიპა) საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. დავამთავრე კომუნიკაციების მენეჯმენტი. დიპლომი რომ ავიღე, დავიწყე სამსახურის ძებნა.
პირველივე ვაკანსია, რომელიც ვნახე – დეველოპერულ კომპანია „რედიქსს“ სჭირდებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. გავგზავნე ჩემი რეზიუმე, მეორე დღეს დამირეკეს და გასაუბრებაზე მივედი. ამიყვანეს და ასე დაიწყო ჩემი პიარის ეპოქა. „რედიქსში“ შვიდი წელი ვიმუშავე და მქონდა ძალიან ბევრ სხვადსხვა მიმართულებასთან შეხება, რადგან კომპანია გაფართოვდა და ნელ-ნელა დაგვემატა სასტუმროები, რესტორნები, სპორტული კომპლექსი, ტურისტული კომპანია, საბავშვო ბაღი, თეატრალური პრემია „დურუჯი“, რომელსაც ექვსი წელი ვაკეთებდი და ძალიან საინტერესო იყო. თავიდან ყველას ეგონა, რომ ერთი რიგითი პრემია იქნებოდა, რომელსაც მხოლოდ ერთ წელს გავცემდით და მერე როგორც ხდება ხოლმე, დაასრულებდა არსებობას. მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ „დურუჯი“ ძალიან პრესტიჟული პრემია გახდა თეატრალურ სფეროში, რომელიც წელს ჩემს გარეშე ჩატარდება.
ამ დროის განმავლობაში მივხვდი, რომ პიარს მრავალმხრივი განათლება და მუდმივად სწავლა სჭირდება. რაც მთავარია, ამომწურავად უნდა ფლობდე ინფორმაციას იმის შესახებ, რასაც აკეთებ.
– ზოოპარკი…11086696_837113126337741_319457617_n
– 2012 წელს ბავშვი რომ გავაჩინე, ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. რაღაცები უფრო ღირებული გახდა, რაღაცები – ნაკლებად მნიშვნელოვანი. უფრო მძაფრად დავიწყე რაღაცებზე რეაგირება. დავიღალე „რედიქსში“, სტრესული სამუშაო იყო. ძალიან ბევრი პროექტი იყო და დიდი დრო, ენერგია მიჰქონდა. ვატყობდი ორშაბათის დადგომა აღარ მიხაროდა. მინდოდა ბავშვთან უფრო დიდი დრო გამეტარებინა. იმ გრაფიკის პირობებში კი აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. მივხვდი, დადგა დრო, უნდა წამოვსულიყავი. რამდენიმე თვე დავისვენე. სახლში კერძო შეკვეთებს ვიღებდი პიარის მიმართულებით და პროექტებს ვაკეთებდი. ისეთ კომპანიებთან ვთანამშრომლობდი, რომლებსაც პიარის და მარკეტინგის მიმართულებით თანამშრომელი არ ჰყავდათ. მომწონდა ეს სიტუაცია და საერთოდ არ ვაპირებდი სამსახურის დაწყებას.
ერთ საღამოს, სოციალურ ქსელ ფეისბუქში, რაღაცებს ვათვალიერებდი და ვნახე, რომ თბილისის ზოოპარკს პიარმენეჯერის თანამდებობაზე ვაკანსია ჰქონდა გამოცხადებული. ზოოპარკთან ბოლო შეხება ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობისას მქონდა. მაშინ ზოოპარკის დირექტორს ვუთხარი, ერთხელაც იქნება,  მოვალ თქვენთან სამუშაოდ-მეთქი. მას შემდეგ, 7 წელი გავიდა. ეს ვაკანსია რომ ვნახე, ვთქვი, ვინ უნდა იყოს ზოოპარკის პიარი, თუ არა მე. განცხადებების მიღების ვადა უკვე გასული იყო, მაგრამ მაინც გავაგზავნე რეზიუმე და ჩემი აფრიკაში გადაღებული ფოტოები. მესამე დღეს დამირეკეს და მითხრეს, ჩვენი თანამშრომელი ხარო. ასე დაიწყო, ჩემი ზოოპარკული, ძალიან საინტერესო და სახალისო ცხოვრება გასული წლის იანვარში.
მინდა გითხრათ, რომ, საერთოდ, ზოოპარკები ბავშვობიდან ჩემი სისუსტეა. ძალიან მიყვარს. ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და, ყველა ქვეყანაში, პირველ რიგში, ზოოპარკში მივდივარ.
– ერთი წელი ზოოპარკში…11128815_837113103004410_442552165_n
– უნდა ვთქვა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მომცა ზოოპარკმა. რაც მთავარია, დავმშვიდდი. ბევრი საქმე მაქვს, საკმაოდ დატვირთული ვარ, მაგრამ ნაკლებად სტრესული გარემოა და თან ის საქმეა, რომელიც ძალიან მომწონს, მიყვარს და გულით ვაკეთებ. ორშაბათი რომ თენდება, სამსახურში წასვლა ჩემთვის ტრაგედია არ არის. მერე გარემო, ცხოველები, რომლებიც ძალიან მიყვარს.
თავიდან ხალხი ვერ აღიქვამდა, რა მინდოდა ზოოპარკში. ყველა „რედიქსიდან“ მიცნობდა, ისეთი დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ „ა“ კლასის ოფისიდან წამოვედი და აღმოვჩნდი ზოოპარკში, რაც ჩემი წარმატებული კარიერის კრახი იყო. მაგრამ ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბევრისთვის შესაშურია ჩემი სამსახური. ახლა უკვე აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, როგორ შეიძლება  ზოოპარკში მუშაობა, რაიმე ვაკანსია ხომ არ გაქვთ, ან მოხალისედ იქნებ ამიყვანოთო. განსაკუთრებით მაშინ არის აურზაური,  პატარა ბოკვრებთან, მაიმუნებთან, ლომებთან გადაღებულ ფოტოებს რომ ვდებ.
– პრობლემები, რომლებიც დღეს თბილისის ზოოპარკს აქვს…11149074_837113119671075_1609279022_n
– ამჟამად, ზოოპარკის საქმე გაცილებით კარგად არის, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. რატომღაც არსებობს სტერეოტიპი, რომ ზოოპარკში ცხოველები გალიაში მშიერები და გასაცოდავებულები არიან. მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის და ცხოველებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი კვება აქვთ, ხოლო ვეტმომსახურება უმაღლეს დონეზეა, რადგან 24 -საათიანი მორიგეობაა, რაც ევროპის ზოოპარკებში ნამდვილად არ არის. ძალიან კარგი პირობებია, უბრალოდ მერე თანხა არ გვრჩება იმისთვის, რომ გარედან მოვაპირკეთოთ. რატომღაც ევროპის ქვეყნების ზოოპარკებს ადარებენ, სადაც ვიზუალურად ძალიან ლამაზად გამოიყურება ყველაფერი, რაც ადამიანებისთვის ესთეტიკური თვალსაზრისით კეთდება. ჩვენს შემთხვევაში, ბიუჯეტი მხოლოდ  ცხოველებისთვის  მაქსიმუმის გაკეთების საშუალებას იძლევა.
მე რომ ზოოპარკში მივედი, ფეისბუქის გვერდი გადმოვიბარე, ჩემი პირველი მიზანი იყო, ხალხისთვის მეჩვენებინა, რა ხდება შიგნით, რაც ვთვლი, რომ ძალიან კარგად გამომივიდა. ფეისბუქის გვერდზე ყოველდღე ვწერ ზოოპარკის ისტორიებს, ვდებ ფოტოებს და ახლა, ხალხი ჩვენს ცხოველებს უკვე სახელებით იცნობენ. ცხოველების თვისებებიც კი იციან.
ყოველწლიურად შენდება ახალი ვოლიერები. ახლა ლომებისთვის დიდი ევროპული სტანდარტების გაკეთდა და იქ გადავიდნენ თეთრი ლომები. ასევე მზადდება ახალი ვოლიერები ლეოპარდებისთვის, რომლებიც მალე ჩამოვლენ. ზოოპარკისთვის დიდი მოვლენა იყო გადაშენების პირას მყოფი სახეობის, აფრიკული პინგვინების ჩამოსვლა. თბილისის ზოოპარკი არის ევროპის ზოოპარკების და აკვარიუმების ასოციაციის წევრობის კანდიდატი. თუ ამ ასოციაციის წევრი არ ხარ, არ გაძლევენ პინგვინების ყოლის უფლებას. თბილისის ზოოპარკი  პირველია, რომელსაც მისცეს ამის უფლება, რადგან ჩათვალეს, რომ ჩვენ შეგვეძლო მათზე ზრუნვა.
რამდენიმე წელიწადში ალბათ, უკვე ძალიან ლამაზი ზოოპარკი გვექნება. თუმცა, ვთვლი, რომ უკვე კარგი ზოოპარკი გვაქვს, რადგან გვყავს ძალიან მოვლილი და ჯანმრთელი ცხოველები, რომლებიც მრავლდებიან. თუ ცხოველს კარგი პირობები არ აქვს, ვერ მრავლდება. ჩვენთან კი, ბოლო ორი წლის განმავლობაში 15 ვეფხვი და ლომები გაჩნდნენ, რომლებიც სხვა ქვეყნების ზოოპარკში მიდიან. მსოფლიო მასშტაბის მოვლენაა, რომ ჩვენთან ამდენი თეთრი ლომი დაიბადა.11134248_837113113004409_587335445_n
თბილისის ზღვაზე 50 ჰექტარი მიწა გვაქვს, სადაც სამომავლოდ იგეგმება საფარი პარკის გაკეთება და ზოოპარკის გადასვლა. მაგრამ  ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ყველაზე მინიმალური – 100 მილიონია საჭირო. ეს თანხა, სამწუხაროდ, არავის არ აქვს და ჩვენი სახსრებით, ნელ-ნელა ვიწყებთ მშენებლობას. ახლა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დათვებისთვის თავშესაფრის აშენებაა. როდესაც მონადირეები დედა დათვს კლავენ, ტყიდან ბელები მოჰყავთ. ამ ბელებით ერთი- ორი თვე თამაშობენ, მერე არ იციან, სად წაიყვანონ და რესტორნებთან გალიებში საცოდავად, გაუსაძლის პირობებში ჰყავთ. რამდენიმე წლის წინ ამ კერძო პირებს ჩამოართვეს ბელები და ჩვენთან მოიყვანეს იმ პირობით, რომ თავშესაფარს ააშენებდნენ, რომელიც, სამწუხაროდ, არ გაკეთდა. არადა, 14 დათვს უზარმაზარი ტერიტორია სჭირდება, რომელიც ზოოპარკს არ აქვს და ძალიან ცოდოები არიან. მერე ხალხი მოდის და ზოოპარკს ლანძღავს, ცხოველები რა პირობებში გყავთო, მაგრამ, სად წავიყვანოთ? ახლა, უბრალოდ ვეღარ ვიღებთ. არადა, მათ ძალიან ტრაგიკული ისტორია აქვთ. მოგვიყვანეს ეპილეფსიანი  დათვი. რესტორანთან ცხოვრების დროს გალოთდა, იმიტომ, რომ ლუდს ასმევდნენ და იყო ბრმა, რადგან ბოთლებს თავზე ამტვრევდნენ. ასეთი ცხოველი როგორ არ უნდა მივიღოთ.
გვინდა კამპანიის წამოწყება, რომ თანხები მოვიძიოთ და დათვებისთვის თავშესაფარი ავაშენოთ. საბედნიეროდ, ერთი წლის განმავლობაში საზოგადოება ძალიან გააქტიურდა. ადრე თუ ზოოპარკი არ მოიაზრებოდა მათთვის საყვარელ ადგილად, ახლა ძალიან დაგვიმეგობრდნენ, თანაგრძნობა და პასუხისმგებლობა გაჩნდა მათი მხრიდან.
– როგორც ვიცი, თბილისის ზოოპარკზე წიგნის გამოცემა იგეგმება…11118719_837113123004408_1962185677_n
– დიახ, როგორც გითხარით, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ზოოპარკის გვერდის ადმინისტრატორი ვარ და ცხოველებზე ყოველდღე ვწერ ამბებს. რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთი გამოცემლობა დაინტერესდა, ჩემი პოსტების კრებული გამოსცეს. ძალიან კარგი ინიციატივაა და დავთანხმდი. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, იმიტომ, რომ მსოფლიოს არცერთ ზოოპარკს არ აქვს ასეთი გზამკვლევი, რომელიც არის ასევე ლიტერატურული ნაწარმოები. თბილისის ზოოპარკი  პირველია, რომელსაც ასეთი წიგნი ექნება – სქელტანიანი, ფერადი, დასურათებული, რეალურ ბინადრებზე, რეალურ ისტორიებზე, არა მხოლოდ ბავშვებისთვის, უფროსებისთვისაც. ალბათ, შემოდგომაზე, წიგნის ფესტივალისთვის უკვე გამოვა. გარდა ამისა, რადიოსადგურ MED FM-ზე გვაქვს გადაცემა ზოოპარკის შესახებ, რომელიც მე და ზოოპარკის დირექტორს ზურაბ გურიელიძეს მიგვყავს.

მზევინარ ხუციშვილი

11117949_837113116337742_470349684_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები