გია ვოლსკი: რუსეთი არ გვაწყობს, რადგან ქვეყანა არის კორუფციული…

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რუსეთი საქართველოსთვის არახელსაყრელია, რადგან ქვეყანა კორუფციულია და რეგრესული.
“რუსეთი არ გვაწყობს არა იმიტომ, რომ ეს მოდაშია, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა და სისტემა არის კორუფციული, თავისი შინაარსით რეგრესული”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მანვე, სხვადასხვა საკითხთან ერთად გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთთან შესაძლებელია კარგი სამეზობლო, სავაჭრო-ეკონომიკური და კუთხით, ოღონდ ორბიტაში ყოფნა არაა მიზანშეწონილი. ეს, ვოლსკის თქმით, საქართველოს სტრატეგიული ამოცანაა, რომელიც ქვეყნის მომავალს გადაარჩენს.
“რაც არ უნდა ვიკამათოთ, ტერიტორიები დაკარგული და ოკუპირებულია. რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში თავისი სტრატეგიული ამოცანა შეასრულა. ეს სტრატეგიული ამოცანა არ მდგომარეობს იმაში, რომ ოსეთის ან აფხაზების ინტერესები დაიცვას, ან ეზიზღება ქართველები და რაც მოხდა, ამიტომ გააკეთა. საკითხი მნიშვნელოვანია, რომელიც სიყვარულთან და სიძულვილთან დაკავშირებული არ არის – კასპიის და აზიის რეგიონიდან დასავლეთისკენ ტრილიონობით ენერგორესურსი მიედინება. ერთადერთი ვართ ჩვენ – ალტერნატიული დერეფანი, რომელსაც შეუძლია, შეუქმანს ალტერნატივა არა მხოლოდ ამ ბიზნესს, არამედ რუსეთის ბიუჯეტს. აქედან გამომდინარე, შენ უნდა იმოქმედო ისე, რომ გაძლიერედეს შენი ზურგი. შეიძლება იყო კარგ ურთიერთობაში – კარგი სამეზობლო, სავაჭრო, ეკონომიკური, საზოგადოებრივი თუ სადღეგრძელოს კუთხით, ოღონდ არ უნდა იყო ორბიტაში. ეს არის სტრატეგიული ამოცანა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა მომავალი გადაარჩინოს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები