უცხოელთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების მიზნით დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტში ხვალ განიხილავენ
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების მიზნით დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტში ხვალ განიხილავენ.
“უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იმსჯელებენ.
კანონპროექტის მიზანია, საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის დადგინდეს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად შეღავათიანი პირობები; საქართველოს ვიზების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები განისაზღვროს არა საკანონმდებლო, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, სადაც გათვალისწინებული იქნება თითოეული კატეგორიის ვიზის გაცემასთან დაკავშირებული თავისებურებები; საქართველოს ვიზის გამცემ ორგანოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაზღვრა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრონული ვიზების გაცემის შესაძლებლობის მინიჭება. კანონპროექტის მიღების მიზანია, ასევე, კანონით განსაზღვრული ბინადრობის ნებართვის სახეებს დაემატოს ახალი სახე – მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება გააჩნია, რომლის საბაზრო ღირებულება 35000 აშშ დოლარს აღემატება.