ვახტანგ გომელაური: უცნობმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი დღეს დილითაც გაუხსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უცნობმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი დღეს დილითაც გაუხსნა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შემთხვევა ვაზისუბნის გადასახვევთან გამთენიისას მოხდა. გომელაური ვარაუდობს, რომ ეს იგივე პიროვნება იყო, რომელმაც გუშინ ორი პოლიციელი დაჭრა.
„ეჭვი შეიტანეს პიროვნებაზე, რომელსაც ასევე მოუწოდეს შეჩერება და ასევე არ შეჩერდა და ასევე ცეცხლი გახსნა, რომელსაც ეკეთა პარიკი და, სავარაუდოდ, შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი იყოს გუშინდელი შემთხვევის და დღევანდელის დროს. პარიკი დააგდო და გაიქცა, მიიმალა. ისევე ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს. ამჟამად, საბედნიეროდ, არავინ არ დაზიანდა პოლიციელი“, – განაცხადა გომელაურმა.
ვახტანგ გომელაურმა ბორჯომში მომხდარ ინციდენტთან შესაძლო კავშირის შესახებაც ისაუბრა.
„მსგავსი სცენარი იყო იქაც და აქაც. როგორც იქ ჩაიდინა ამ ადამიანმა, იქ დაზუსტებული იყო, რომ იყო შალვა აბულაძე. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რა თქმა უნდა. დიდი შანსია, რომ იყოს ეს ადამიანი, ძალიან ჰგავს მის ხელწერას, რაც გააკეთა ბორჯომში, თითქმის იგივე ხელწერა იყო გუშინ საღამოს რაც მოხდა“ -აღნიშნა შს მინისტრმა.
შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.