ესპანეთში ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მიგრანტების შეტაკების შემდეგ რვა ადამიანი დააკავეს
ესპანეთში ულტრამემარჯვენე ჯგუფებსა და მიგრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა.
კვირას ღამით, ტორე პაჩეკოში რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ პოლიციის მიმართულებით შუშის ბოთლები და სხვა საგნები ესროლა. პოლიციამ არეულობის ჩასახშობად რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ხელისუფლების განცხადებით, მათ ორი უცხოელი დააკავეს, რომლებიც თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილები, თუმცა მთავარ დამნაშავეს კვლავ ეძებენ. მისი ვინაობა უკვე დადგენილია.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანარჩენი ექვსი – ხუთი ესპანელი და ერთი ჩრდილოეთ აფრიკული წარმოშობის პირი – თავდასხმის, საზოგადოებრივი არეულობის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ან ქონების დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
ცნობისთვის, ტორე პაჩეკოში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 68 წლის მამაკაცმა ესპანურ მედიას განუცხადა, რომ ჩრდილოეთ აფრიკული წარმოშობის სამმა ახალგაზრდამ ქუჩაში სცემა.