“როდესაც ქართველ ხალხს ემუქრებიან, რომ ამ ერის მთავარი მონაპოვარი, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან, იყოს დროებით შეჩერებული ან წართმეული, ანუ ხდება ზეწოლის მცდელობა ქართველ ხალხზე” – მათიკაშვილი

“ქართველი ხალხი არ ექვემდებარება შანტაჟს. როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ემუქრებიან, როდესაც ემუქრებიან ქართველ ხალხს იმით, რომ ამ ერის მთავარი მონაპოვარი, რასაც ჰქვია უვიზო მიმოსვლა, ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან იყოს დროებით შეჩერებული ან წართმეული, როცა ხელისუფლების კონკრეტულ პირებს ემუქრებიან სადამსჯელო ოპერაციით, ანუ ხდება ზეწოლის მცდელობა ქართველ ხალხზე, შანტაჟი ქართველ ხალხზე”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

აღნიშნულით ის ბრიუსელში დაგეგმილ, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომას გამოეხმაურა.

„მათ არ იციან ან კარგად ვერ შეისწავლეს ჩვენი ერის ბუნება და ჩვენი ერის სწრაფვა თავისუფლებისთვის, რომ ქართველი ხალხი არ ემორჩილება შანტაჟს და კარგად გაიაზროს ყველამ, მათ შორის ბრიუსელში პირველ რიგში. მეორე, ვიზალიბერალიზაცია და უვიზო მიმოსვლა არის კონკრეტულ საერთაშორისო ხელშეკრულებაზე დაფუძნებული მოცემულობა. ეს საერთაშორისო ხელშეკრულება შესაბამის პუნქტებს და განაწესებს შეიცავს, რომელსაც ქართული მხარე ზედმიწევნით ასრულებს. ახლა კი ჰქონდათ მცდელობა მოქნილი გაეხადათ გადაწყვეტილების მექანიზმი და რაღაც პუნქტები დაამატეს მაგრამ სათითაოდ პუნქტით არის ქართული მხარე პირწმინდად ხელშეკრულების შესრულებაში მართალი. თუ კი აქ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, თუ კი ამ ფსკერს ქვემოთ დაეცემა ის სისტემა, რომელიც ევროპულ ღირებულებებს უნდა იცავდეს და არა ფეხქვეშ თელავდეს და მაინც მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას ეს იქნება პირდაპირი ანგარიშსწორება ქართველ ხალხზე, იმ ხალხზე, რომელიც ევროპული დიდი ერთობის თანაშემოქმედია როგორც ღირებულებით ნაწილში ასევე, ნებისმიერ საკითხში. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ უღირსობამდე არ დაეშვებიან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები