შს მინისტრი: „დაჩმორებული“ პოლიციელი ვერ არ გამოეკიდებოდა არც მკვლელს, არც რეციდივისტს და არც კრიმინალს
ძალიან სამწუხაროა, როდესაც გამოდიან და იძახიან, რომ პოლიცია დემორალიზებულია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ე.წ. არამიანცის საავადმყოფოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მან გუშინ დაჭრილი პოლიციელი მოინახულა.
გომელაურს მიუღებლად მიაჩნია, პარტიის წარმომადგენლების, ორგანიზაციების და ინსტუტების მხრიდან პოლიციის კრიტიკა, რადგან მისი თქმით, ამ ადამიანებს გამხნევება სჭირდებათ.
„მე მინდა განცხადება გავაკეთო ძალიან ვწუხვარ ხოლმე, მინდა ყველას მოვუწოდო, მნიშვნელობა არ აქვს, რომელიმე პარტიის წარმომადგენელი იქნება, რომელიმე ინსტიტუტების თუ ორგანიზაციების. ძალიან სამწუხაროა, როდესაც გამოდიან და იძახიან, რომ პოლიცია დემორალიზებულია, პოლიცია, ბრჭყალებში ვიტყოდი, ბოდიშს მოვუხდი ჩემს კოლეგებს, „დაჩმორებულია“. პოლიცია „დაჩმორებული“ ამას ვერ გააკეთებდა, არ გამოეკიდებოდა არც მკვლელს, არც რეციდივისტს და არც კრიმინალს. პოლიცია არის ძალიან მოწოდების სიმაღლეზე და არ შეიძლება ამ ადამიანებს სული ჩაუკლა, რომლებიც მართლაც დღე და ღამე იცავენ როგორც ჩემს შვილებს, ასევე თქვენს შვილებს, ყველა თქვენთაგანის შვილებს. ამ პოლიციელებს გვერდზე დგომა უნდა და არა, კიდევ ვიძახი, ყოველი ეთერიდან იქნება თუ პრესიდან – მედიიდან მათ ძახილი, რომ დემორალიზირებულია, დაჩმორებულია. ბოდიშს ვუხდი ამ პოლიციელებს ყველას. ესენი არიან ჩემი კოლეგები და არ შეიძლება მარტო ვიდგეთ შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი და მარტო ამას ვიძახდეთ ჩვენ, რომ არ არის ესე. მართლა არ შეიძლება, ძალიან ვწუხვარ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ეს იქნება რომელიმე პარტიის წევრი, რომელიმე ორგანიზაცია იქნება თუ არასამთავრობო იქნება. პირიქით უნდა გავამხნევოთ და გვერდით უნდა დავუდგეთ. ესენი არიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენი ოჯახების“, – განაცხადა მინისტრმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გუშინ ვარკეთილის მეტროსთან მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მოინახულა. მინისტრი ასევე შეხვდა და გაესაუბრა დაჭრილი პოლიციელის ოჯახის წევრებს. ვახტანგ გომელაური ექიმს დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ესაუბრა და მისგან ინფორმაცია მიიღო. ექიმის განცხადებით, ვალერიან გრძელიშვილს რთული ოპერაცია ჩაუტარდა, პოლიციელი ამჟამად რეანიმაციურ განყოფილებაშია მოთავსებული და მის გადასარჩენად ყველაფერი კეთდება. დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრი გარდაცვლილი პოლიციელის – ბექა მარგიშვილის ოჯახის წევრებთან მივიდა და მიუსამძიმრა.