საბერძნეთში საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმის (VLAP) შესახებ ვიზიტი შედგა

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის ხელმძღვანელობით, საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენელთა ერთობლივი ვიზიტი შედგა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მდივანი გიორგი ჯაში, იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა სამხარაძე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნინო სარიშვილი.
ვიზიტის მიზანს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ საბერძნეთის რესპუბლიკის შესაბამისი სტრუქტურებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და მათი სათანადო მხარდაჭერის მოპოვება წარმოადგენდა.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, პოლიციის, საზღვრის დაცვის, საემიგრაციო და თავშესაფრის სამსახურების წარმომადგენლებთან გაფართოებულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი და ამ კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ბერძნულ მხარეს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია VLAP-ის მოთხოვნებისა და ევროკავშირის სტანდარტების თანახმად ცალკეული მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიგრაციის მართვის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, დოკუმენტების უსაფრთხოების, საზღვრის გადაკვეთის რეგულაციებში შეტანილ ცვლილებებსა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. შეხვედრები ძირითადად მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ბერძნული მხრიდან პოზიტიურად შეფასდა VLAP-ის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული შესაბამის ასახვას ჰპოვებს ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ალექსიოს მიტროპულოსთან, საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიულ მინისტრთან ევროპულ საქმეებში ნიკოლაოს ხუნტისთან და ევროკავშირის საქმეთა გენერალური დირექციის დირექტორთან დიმიტრის კარამიცოს-ძირასთან.
შეხვედრებზე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის მიმდინარეობისა და საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები