„ნებისმიერი პატარა როლით შეგიძლია აგრძნობინო ადამიანს თავი ბედნიერად, ან უბედურად, ან დააფიქრო…“

„მამას უნდოდა ექიმი გამოვსულიყავი და გადაწყვიტა, ფიზიკა-მათემატიკაში მოვემზადებინე. ორი კვირის შემდეგ, პედაგოგმა დაიბარა და უთხრა, ან შენი შვილი წავა კლასიდან, ან მე შევწყვეტ პედაგოგობასო. არ ვჩერდებოდი, სხვანაირი იუმორი მქონდა, გამბრაზებაც კი უჭირდათ და ხშირად ვშლიდი გაკვეთილებს…“ – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი ნიკოლოზ ფაიქრიძე.

– იუმორის გარდა, გარემოც იყო…11091200_834368356612218_2005037146_n
– დიახ. დედა და ბაბუა მსახიობები არიან, ბიძაჩემი – რეჟისორი. ზესტაფონის თეატრის მთელი კოლექტივი ბაბუის უახლოესი მეგობრები იყვნენ. მათ წრეში გავიზარდე და გარკვეულწილად მომზადებულიც ვიყავი. ოჯახის უფროსი ირჩევდა სხვა გზას, თორემ შინაგანად მე მოწოდებით ყოველთვის მსახიობი ვიყავი. სხვანაირი ბავშვობა მქონდა და ალბათ, ამ ფაქტმაც იმოქმედა, რომ თეატრალურ ინსტიტუტში გამოცდებზე არ დავიბენი და არ ვინერვიულე.
მე სამი წლის ვიყავი, როდესაც დედა ჩემს დაზე ფეხმძიმედ იყო და რვა თვის ორსული სცენაზე იდგა. მახსოვს, ბაბუაჩემის განწირული ყვირილი – სანამ სცენაზე არ გააჩენს, მანამდე სახლში არ გაჩერდება. შეიძლება ითქვას, რომ დედამ იაქტიურა, ეს გზა გამეგრძელებინა.
თეატრალურ ინსტიტუტში გოგი თოდაძის ჯგუფში მოვხვდი. ეს იყო სოხუმის მიზნობრივი ჯგუფი და ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლდა. ოთხი წელი ვისწავლე მასთან და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. ჩვენი ასისტენტი თამარ ხიზანიშვილი იყო, მეტყველების პედაგოგი ნატო ჩიტაია, და დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, ამ სამი ადამიანის დამსახურებაა.
– პირველი სპექტაკლი…11091218_834368343278886_2001146316_n
– პირველი სპექტაკლი „სამანიშვილის დედინაცვალი“ იყო, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში დავდგით და, რომელმაც პირადად მე დიდი წარმატება მომიტანა. ორ როლს ვთამაშობდი – პლატონ სამანიშვილის ცხენს და არისტო ქვაშავიძეს. დაახლოებით, 20-ჯერ მაინც ვითამაშეთ ეს სპექტაკლი და სულ ანშლაგი იყო. სამი წელია დავამთავრე ინსტიტუტი და ხალხს დღესაც ახსოვს ჩემ მიერ შექმნილი ეს როლები. ხალხი რომ მხედავს, ამბობს – „აი, ის, ცხენი მოდის“ და ვგრძნობ, რომ ეს უკვე დიდი გამარჯვებაა.
ძალიან კარგად მახსენდება, რადგან სპექტაკლს დიდი სათქმელი ჰქონდა. ვითომ თანამედროვეობასთან ცოტა შორს დგას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თემა აქტუალური იყო.
– მოზარდმაყურებელთა თეატრი…
– თეატრალური ინსტიტუტი რომ დავამთავრეთ, სადიპლომო სპექტაკლი დავდგით: „მერე რა, რომ სველია, სველია იასამანი?!“, რომელიც ავთო ვარსიმაშვილმა ნახა. მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი სეზონიდან თავისუფალ თეატრში უნდა გვეთამაშა. უკვე სამი სეზონია მთელი ჩემი ჯგუფი ამ სპექტაკლს თავისუფალ თეატრში ვთამაშობთ. კარგი გამოხმაურება მოყვა, ხალხი არ გვაკლია, ანშლაგებია და მუდმივად ბილეთების პრობლემაა.
გარდა ამისა, თითქმის ყველა თეატრში მივიტანეთ ჩვენი ანკეტები. სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი არ გაგვიმართლდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, სოხუმის თეატრიდან მივიღე შემოთავაზება. მართალია, თეატრის შტატიანი მსახიობი არ ვიყავი, მაგრამ საშუალება მქონდა დაკავებული ვყოფილიყავი. ამ დროს, მოზარდმაყურებელთა თეატრში მმართველად დიმა ღვთისიაშვილი მოვიდა და კასტინგი გამოაცხადა. მივედი, გავიარე კასტინგი, ორ დღეში დამირეკეს და თანამშრომლობა შემომთავაზეს. შევთანხმდით პირობებზე და დღეს უკვე მეორე სეზონს ვასრულებ ამ თეატრში. ვთვლი, რომ ეს პერიოდი ძალიან ნაყოფიერია.
– რეჟისორები…11092654_834368339945553_1499973073_n
– საბედნიეროდ, ბევრი კარგი რეჟისორია. მე ოთხი წელია ამ სფეროში ვიზრდები და რაღაცებს მივხვდი. ყველაზე მთავარია, რეჟისორმა იცოდეს, რა უნდა. როგორც კი აცდენა აქვს, არ იცის, რა უნდა, არის ძიების პროცესში, ეს მსახიობისთვის ძალიან რთულია. ვერ გებულობ. ამას ემატება გაღიზიანებაც და შენ იჩაგრები. ყველაზე რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე, სტაბილურობა, გჯეროდეს მისი, რომ ის აუცილებლად სწორ გზას იპოვნის. თუ რეჟისორი კარგი პიროვნებაა, ეს მის სპექტაკლებს, სამუშაო გარემოს და ატმოსფეროსაც ეტყობა. არავინ არ თქვას, რომ ცუდი ხასიათის რეჟისორია, მაგრამ საქმე იცის. ეს წარმოუდგენელია. თუმცა მე გამიმართლდა, ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. მე შემხვდნენ რეჟისორები, რომლებსაც ჩემი ესმით, ისინი არ გიყურებენ, როგორც ჭადრაკის ფიქგურებს. თუ რეჟისორი არაადამიანურად გექცევა, შენგან ვერაფერი ვერ წამოვა. ვერც შენ და ვერც მაყურებელი ვერ მიიღებს სიამოვნებას.
– ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული როლები….
– დიახ, ერთიმეორისგან გრძნობათა ბუნებით რადიკალურად განსხვავებული როლები ვითამაშე, რაც უფლებას მაძლევს ვთქვა, რომ არ ვკვდები, როგორც არტისტი და მიხარია. რამდენიმე სახის მორგება, თითქოს გაცოცხლებს და ვფიქრობ, დიდი გამოცდილებაც მომცა. რაც მთავარია, ვგრძნობ, რომ ერთ ადგილზე არ ვდგავარ. მომავალში რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ დღეს შემოქმედებით გზას თვალს რომ ვავლებ, კმაყოფილი ვარ და ვთვლი, რომ გამიმართლდა.
– პარტნიორი სცენაზე…11106512_834368363278884_565096410_n
– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მანანა ბერიკაშვილმა გვითხრა, ჩემი თეატრი რეპეტიციებზე ზუსტად ის არის, რომ შენ თამაშობ და იხარჯები ჩემთვის, მე მერე ვიხარჯები შენთვის. მერე ჩვენ ორივენი ერთად ვიხარჯებით მაყურებლისთვის. მე ვთვლი, რომ სწორედ ეს არის სპექტაკლის გამარჯვებაც და შემოქმდებაც. ყველა პარტნიორი ერთმანეთისთვის უნდა იყოს. პარტნიორებიდან თუ რომელიმე ვერ წავიყვანთ რამეს, ისე როგორც საჭიროა, მთელი სპექტაკლი დაინგრევა. მათ ერთმანეთის უნდა ესმოდეთ, მთელი ენერგეტიკით ერთმანეთთან უნდა იყვნენ, ორივემ ყველა პრობლემა უნდა გადადოს. მე შენთვის, შენ ჩემთვის – მაშინ არის თეატრი.
– მაყურებელი…
– ჩვენს თეატრს ყველაზე რთული მაყურებელი ჰყავს. რთული იმ გაგებით, რა გაგებითაც ბავშვია რთული. რთულია, იმიტომ, რომ ვერ გათვლი, რა დროს რას იზამს და არაფერს გაპატიებს. მე ვგრძნობ, როგორც კი ჩემს თავს მივცემ უფლებას, ერთი სცენა შევისვენო, მაშინვე სხვა რეაქციაა დარბაზში.  ჩვენთან სააბონენტო სისტემაა და შეიძლება ერთად 350 ბავშვის წინაშე ითამაშო. უბრალოდ უნდა იყო მართალი და გიყვარდეს შენი საქმე. თავს უფლება არ უნდა მისცე, მოდუნდე. როგორც კი შენ ხარ მოწოდების სიმაღლეზე, შენს საქმეს ისე აკეთებ, როგორც საჭიროა, არ ატყუებ მაყურებელს, განიცდი, მაშინ ყველა მოგყვება და გისმენს.
– გამორჩეული, სასურველი როლი…11116059_834368346612219_1590057106_n
– ამ თემაზე ხშირად ვფიქრობ. სპექტაკლში „რომეო და ჯულიეტა“ რომეოს როლი რომ ვითამაშე, ცოტა დაბნეული ვიყავი. ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან შევედი და ვუთხარი, ვითამაშე შექსპირის რომეო, რომელიც საკმაოდ რთული როლია, ამის მერე რა უნდა იყოს? მან კი მითხრა, ნუ გეშინია, ყველაფერი იქნებაო. სწორედ, ამ როლის მერე ვითამაშე სპექტაკლში „მე ვხედავ მზეს“ – სოსოია, სპექტაკლში „ამიკო“,  სპექტაკლში „ჯუჯა-ცხვირი“, რომლებიც ერთმანეთზე უკეთესი როლებია. უბრალოდ, ვხვდები, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება არის აღმოჩენები. არასდროს უნდა იფიქრო, რომ რაღაც მთავრდება. პირიქით, როცა მთავრდება, იმ დროს იწყება ყველაზე მაგარი ეტაპი. ჩემს ცხოვრებაში ასე მოხდა, ამიტომ, რომ გითხრათ, რაღაცას ველოდები და რაღაცაზე ვოცნებობ, მოგატყუებთ. მე ვიცი, რომ ხვალინდელი დღე იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე დღევანდელია. ამაში არაერთხელ დავრწმუნდი. ახლა ვცდილობ, ვიყო ჯანმრთელი, მქონდეს მშვიდი ფსიქიკა და ნელ-ნელა ვაკეთო ის, რაც მიყვარს. თუ რაღაც იქნება, ის თავისით მოვა.

მზევინარ ხუციშვილი

11131950_834368349945552_131835163_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები