საკრებულოს უმრავლესობის წევრი საბავშვო ბაღებში მერიის კორუფციულ თემაზე საუბრობს
საბავშვო ბაღებში თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ კორუფციაზე დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – თბილისელების” თავმჯდომარე, გულიკო ზუმბაძე საუბრობს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გულიკო ზუმბაძემ განაცხადა, 2008 წელს თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სპეციალურად თბილისის საბავშვო ბაღების აუდიტორული მომსახურებისთვის კომპანია “დაუ პლიუსი” შეიქმნა. ზუმბაძის ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია წლების განმავლობაში აფორმებდა ხელშეკრულებებს თბილისის საბავშვო ბაღებთან და 250-300 ლარის ფარგლებში მათ ბუღალტრულ აუდიტორულ მომსახურებას უწევდა. “ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ “დაუ პლიუსს” დაწყებული აქვს ახალი ხელშეკრულებების გაფორმება ბუღალტრული მომსახურებისთვის თითოეულ საბავშვო ბაღთან უკვე თვეში 400 ლარის გადახდის პირობით. ხელშეკრულების პირობებს დაემატა იურიდიული მომსახურება 2019 წლამდე, რაც ჯამში შეადგენს 3 მილიონ 792 ათას ლარს. ეს გახლავთ კორუფციის კლასიკური ნიმუში. ამ შემთხვევით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ”, – აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.
მან საბავშვო ბაღების დირექტორებს მიმართა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ბიუჯეტის თანხების ხარჯვასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და იქვე განმარტა, რომ დირექტორებს აქვთ სრული უფლება, გარკვეული მომსახურების გაწევისათვის, თავად აირჩიონ ნებისმიერი იურიდიული პირი.
ამასთან, საკრებულოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელმა გიორგი ბურჯანაძემ განმარტა, რომ კომპანია “დაუ პლიუსი” დაარსდა 2008 წელს და მას ხელმძღვანელობდა თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსის დავით ხოსიტაშვილის წარმომადგენელი დავით უთმელიძე. მისივე ინფორმაციით, 2010 წელს, მას შემდეგ, რაც ხოსიტაშვილმა თანამდებობა დატოვა, იგი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა და “დაუ პლიუსში” საქმიანობა დაიწყო.
გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, მისი მიმართულება საბიუჯეტო სახსრების გადასროლა იყო “იმ ჯიბეებში, რომლებიც გარკვეულწილად რაღაც საქმიანობას აფინანსებდნენ”. ამასთან, ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი მიმართულებები იკვეთება სხვა კუთხითაც, კერძოდ, მისი ინფორმაციით, ბაგა-ბაღების მომარაგებას აწარმოებს კომპანია “ფუდსერვისი”, რომელიც, ბურჯანაძის თქმით, გეგენავების ბიზნესია. როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე შპს ჩანაცვლების მექანიზმზე მუშაობს “ფუდსერვისთან” მიმართებაში და შედეგად პროდუქტის ხარისხი გაუმჯობესდა და ფასმა დაიწია. გიორგი ბურჯანაძის თქმით, ანალოგიური მექანიზმი ამუშავდება უახლოეს მომავალში ბაგა-ბაღებში სხვა მომარაგების კუთხითაც.