„ყველაფერი, ოღონდ, არა – არასაინტერესო ცხოვრება…“
„მუდმივად მუსიკა მესმოდა, ბაბუას ლექსებსაც კი მუსიკად აღვიქვამდი. გარემო მქონდა ასეთი, რომ ძალიან შემიყვარდა და როიალს არ ვეშვებოდი. დედას ვენანებოდი ამ პროფესიისთვის, რადგან ძალიან რთულია და დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნით, ხუთი წლის მუსიკალურ სასწავლებელში შემიყვანა. პირველივე წელს გავმართე კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან და მქონდა სოლო კონცერტიც. უკვე ექვსი წლის იტალიაში საერთაშორისო კონკურსზე წავედი, სადაც გავიმარჯვე და გრან პრი ჩამოვიტანე…“ – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტი ირმა გიგანი.
– ბავშვებს ხშირად ეზარებათ ფორტეპიანოზე სიარული…
– ჩემს შემთხვევაშიც იყო დღეები, როცა არ მინდოდა წასვლა, მაგრამ ეს ჩვეულებრივია და ნორმალური. მუსიკის გამო ბევრი რაღაცის დათმობა მიწევდა. შეიძლება ბავშვობაში გული მწყდებოდა, რომ სადმე ვერ მივდიოდი, მაგრამ დღეს ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად და წყნარად ვუყურებ. ახლა, არანაირი სინანულის გრძნობა არ მაქვს. პირიქით, რომ ვაანალიზებ, ვფიქრობ, კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა, პროფესიული თვალსაზრისით ხომ ბევრი რამ მომაკლდებოდა და არ ვიცი, ცხოვრება რა იქნებოდა. მუსიკის გარეშე ყველაფერი წარმოუდგენელია. ბავშვობიდან ისეთ შრომას მოითხოვს, რომ ასაკს ანგარიშს არ უწევს.
– წარმატება…
– ღმერთის წყალობით წარმატება ბავშვობიდან მოვიდა, მაგრამ ვფიქრობ, თუ ადამიანი ერთი წამით მაინც დაიჯერებს, რომ წარმატებულია, იქ შეიძლება ყველაფერი დამთავრდეს. მე ერთი წამითაც არ დამიჯერებია, რომ წარმატებული ვარ, რაც არ უნდა იყოს, წარმავალია. ჩემი ცხოვრების მიზანი სხვა რამ არის – წლების შემდეგ, რომ დავბერდები, ვთქვა, რომ, მუსიკის საშუალებით, ისე ვიცხოვრე, როგორც მინდოდა. ახლა, ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, უამრავი გეგმა, ბევრი საქმე ბოლომდე მისაყვანი და ვცდილობ, ამ წუთებით ვიცხოვრო. აქედან გამომდინარე, ძალიან ნაადრევია ზოგად წარმატებაზე ფიქრი.
-კონცერტები…
– ჩემთვის ყველა კონცერტი საინტერესოა. მიყვარს სხვადსხვა გარემოში დაკვრა. ემოციურად გარემოს სწორად აღვიქვამ და ზუსტად ვერგები. უბრალოდ, ძალიან ბევრი კონცერტი მქონდა და მიჭირს გამორჩევა.
შემიძლია მხოლოდ ერთი კონცერტი გამოვარჩიო. მე თენგიზ ამირეჯიბის მოსწავლე ვარ. ეს იყო გენიალური პიროვნება და მუსიკოსი. მისი გარდაცვალების შემდეგ, უცებ თავი მარტოდ ვიგრძენი. მან გამზარდა და უზომოდ დიდი სიყვარული მაკავშირებდა ამ ადამიანის მიმართ. მის მოსწავლესთან მანანა დოიჯაშვილთან გავაგრძელე მუშაობა და პირველი კონცერტი უნდა მქონოდა მასთან, ბატონი თენგიზის სახელობის ფესტივალზე. პირველად მის გარეშე უნდა დამეკრა და მისთვის მიმეძღვნა, განსაკუთრებული ემოცია მქონდა და დიდი მონდომებით მოვეკიდე.
ზოგადად კი, მე ახლა ისეთ ასაკში ვარ, როცა ყოველდღე ვიცვლები, ვიზრდები, ბევრი რამ იცვლება ჩემს ხედვაში. მქონია პერიოდი, როცა შინაგანად არც თუ ისე კარგ განწყობაზე ვყოფილვარ, გავსულვარ კონცერტზე და ჩემი ემოციების გამოხატვის შემდეგ კარგად გავხმდარვარ.
– რას გრძნობ როდესაც კონცერტზე გადიხარ?
– ზედმეტი ნერვიულობა არ არის კარგი და არ ვნერვიულობ. ძალიან ვღელავ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ემოციისთვის კარგია. საკუთარ მხრებზე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, სცენაზე ხომ სულ მარტო ხარ, ვერავინ ვერაფრით დაგეხმარება, დამოუკიდებელი ვარ და ერთ-ერთი მიზეზია, რომ სცენა ძალიან მიყვარს. დარბაზს კი ყურადღებას მხოლოდ მაშინ ვაქცევ დაკვრას რომ ვასრულებ, მანამდე არ მცალია.
– ყველაზე რთული, მთავარი და მნიშვნელოვანი პიანისტისთვის…
– გარდა იმისა, რომ ბუნებით უნდა გქონდეს მონაცემები, აუცილებელია მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა. მართალია, არის სისუსტეები, რომლებიც გტეხავს, მაგრამ არ არსებობს, რამე მიზნად დაისახო და ვერ გააკეთო.
სიმართლე გითხრათ, სირთულეზე არც მიფიქრია. ემოციური თვალსაზრისთვის სირთულე ის იქნებოდა, დაკვრა რომ ამეკრძალოს. პიანისტობა ისეთი რამ არის, მთელი ცხოვრება მისთვის უნდა გადადო, და თუ ამ გზას დაადგები, ბოლომდე უნდა მიყვე. თვითდაჯერებულობა კარგია, კომპლექსით და შიშით არაფერი გამოვა, მაგრამ თუ ამბიციურ წარმატებაში გადაიზარდა, დაღუპული ხარ. ეს იმდენად დიდი სფეროა, რომ ძალიან პატარა ხარ და შენი თავი პატარა ადამიანად უნდა იგრძნო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუსიკა ძალიან დიდია და ეგრევე ჩაგყლაპავს. გარდა ამისა, ზეცაში ასვლა ძალიან ადვილია, უცებ დაცემა კი ძალიან რთული. ამის კონტროლი აუცილებელია.
– რისი გჯერა ყველაზე მეტად…
– ღმერთის, დედის და საკუთარი თავის…
– ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას ვის მიმართ გრძნობ?
– პირველ ყოვლისა, ჩემი მშობლების მიმართ. შეუძლებელია ასე არ იყოს, რადგან ჩემი დაბადებისთანავე ისინი ისეთ პასუხისმგებლობას გრძნობენ ჩემ მიმართ, უმადურობა იქნებოდა ჩემი მხრიდან. გარკვეულწილად და დიდწილად ჩემი წარმატება მათ მიმართ პასუხისმგებლობა არის, თავს მათ წინაშე ვალდებულადაც კი ვგრძნობ, მადლობა გადავუხადო.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდება…
– ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. 100 კაციც რომ იყოს ოთახში, 15 წუთით ადრე მე გათიშული ვარ, არავის ნათქვამი არაფერი არ მესმის. თუმცა ოჯახში ეს პრობლემა არც მაწუხებს.
– გამორჩეული ნაწარმოებები გაქვს?
– ყველა ნაწარმოები მიყვარს იმ დროს, იმ წამს, როცა ვასრულებ. ნაწარმოების სხეულში შევდივარ.
– როგორც ვიცი, ხატავდი…
– პირველი ნახატი 2008 წელს დავხატე. აბსოლუტურად არაფერ შუაში არ იყო ომთან, მაგრამ პერიოდს დაემთხვა. ბორჯომში ვისვენებდი, ომი რომ დაიწყო. ცოტა უცნაური ნამუშევარი გამოვიდა – უფორმო, წვერებიანი, მოხრილი, მუქი ლურჯი კაცი სამყაროს გულში და გარშემო ძალიან ჭრელი სამყარო. ერთგვარი ემოციები გადმოვეცი. საერთოდ, მუსიკა და ხატვა წარმოსახვის უნარით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ახლა დიდი ხანია უკვე აღარ ვხატავ. დრო არ მაქვს. თავისუფალ დროს მუსიკას ვუსმენ. შემიძლია კლასიკური მუსიკა, ერთი და იგივე ნაწარმოები სხვადასხვა პიანისტის შესრულებით მოვისმინო. დიდ სიამოვნებას ვიღებ, როცა ვგრძნობ, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა ინტერპრეტაციაა, განსხვავებული აღქმა და ერთნაირად გენიალურია. გარდა ამისა, საშუალებას გაძლევს საკუთარი პლუსები და მინუსები ამოიცნო.
– მინდა, რომ…
-ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ჩემს საყვარელ ადამიანებს ეხებათ. მინდა, რომ ძალიან დიდხანს მყავდნენ გვერდით. მე რაც არ უნდა ვიძახო, ჩემთვის ვუკრავ, მაინც ყველაფერს მათთვის ვაკეთებ. ჩემი ცხოვრების დევიზია, არსდროს ვიყო ცარიელი და ყოველთვის საინტერესო ცხოვრება მქონდეს.
მზევინარ ხუციშვილი