იცნობდა თუ არა ბესო ხარძიანი მკვლელს – „უთქვამს: ვიცი, მომკლავენო“
ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრება გავრცელდა. არსებობს მრავალი ეჭვი და მოსაზრება, თუმცა არსებობს ისეთი ფაქტებიც, რომელებსაც ვერავინ გაექცევა. ცივსისხლიანმა მკვლელმა, რომელიც „მოპედით“ მოძრაობდა, ბიზნესმენს სადარბაზოში ზურგიდან სამი ტყვია ესროლა. ხარძიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბიზნესმენის მკვლელობის საქმეს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი იძიებს. მკვლელობის შემდეგ კილერი შემთხვევის ადგილიდან „მოპედით“ მიიმალა. „მოპედი“ სამართალდამცველებმა კეკელიძის ქუჩაზე იპოვეს. რას აცხადებენ ხარძიანის მეუღლე, დედა და ოჯახის მეგობრები “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
თამარ გეგეშიძე, ბესიკ ხარძიანის მეუღლის მეგობარი: „ქეთის (ბესო ხარძიანის შვილი) უთქვამს, ორი დღე ვიღაც გვითვალთვალებდაო. ბესოს რომ თავის ბიზნესთან დაკავშირებით სასამართლო დავები ჰქონდა, ყველამ კარგად იცის, შესაბამისად, მკვლელობის ვერსია აუცილებლად დაკავშირებული იქნება მის ბიზნესსაქმიანობასთან”.
თამარ ქადაგიძე (ხარძიანების მეზობელი): “მკვლელი ჟვანიას ან შატბერაშვილის ქუჩით გაიქცეოდა, სხვა გზა არ ჰქონდა. ამ ქუჩებზე კი სათვალთვალო კამერებია”. “ბესომ დაიყვირა, რას შვრებიო”.
ბიზნესმენის მკვლელობას მისი მეუღლე, ეკა ხარძიანი შეესწრო:
“პირდაპირ გეტყვით, რომ გია უდესიანმა და ქურასბედიანმა დაიქირავეს კილერი და მოკლეს ბესო. სადარბაზოში მომიკლეს ქმარი. აივნიდან დავინახე ვიღაც ჩაფხუტიანი ბიჭი, რომელიც ჩემს ქმარს სადარბაზოში შეჰყვა. გავიგონე ბესოს ყვირილი, რას შვრებიო, მაგრამ სროლის ხმა არ გამიგონია. ცოტა ხანში ახალგაზრდა გამოვიდა სადარბაზოდან და წავიდა. დარწმუნებული ვარ, ქურასბედიანისა და უდესიანის ნახელავია, სხვა მტრები ბესოს არ ჰყოლია. პირველ ინსტანციაში მოვიგეთ საქმე და პროცესი 13 მაისისთვის გადაიდო. სწორედ ამ დავას ვუკავშირებ მის მკვლელობას”.
ასმათ ხარძიანი, ბესო ხარძიანის დედა, შვილის მკვლელობის სცენას ასე აღწერს: “საშინელი სცენა ვნახე – ჩემი შვილი სახლის კართან ჩაცხრილეს. სახლთან მანქანით მოვიდა, უკან მოტოციკლისტი (მოპედი) მოჰყვებოდა… მანქანა რომ გააჩერა, მოტოციკლისტიც გადმოჰყვა და იძიძგილავეს, ბესომ მოტოციკლეტს სარკეც მოატეხა. მერე ჩემი შვილი სახლისკენ წამოვიდა. მოტოციკლისტი კიბემდე მოჰყვა…”.
თუ ბიზნესმენის დედა არ ცდება, შესაძლოა, დავუშვათ ვერსია, რომ ბესო ხარძიანი კილერს იცნობდა (მას ჩაფხუტი ეხურა, თუმცა, შესაძლოა, ხმით იცნო). არ არის გამორიცხული, რომ არც იცნობდა და ძიძგილაობა იმას მოჰყვა, რომ კილერმა ხარძიანის ვინაობის დაზუსტება სცადა. ყოველ შემთხვევაში, ეს დეტალი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: არც ოჯახის წევრებსა და არც იმ პირებს, რომლებიც მკვლელობის მომენტში მარაბდის ქუჩაზე იმყოფებოდნენ, გასროლის ხმა არ გაუგონიათ. სავარაუდოდ, კილერს მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა.