მიხეილ სარჯველაძე: პრემიერის ინიციატივა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით, საზოგადოების საჭიროებების მიმართ სრულად რელევანტურია. ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი პროექტია და არავითარი სპეკულაციის საფუძველს არ აჩენს
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით, საზოგადოების საჭიროებების მიმართ სრულად რელევანტურია. ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი პროექტია და არავითარი სპეკულაციის საფუძველს არ აჩენს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრი, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ აიკრძალება და ჩანაცვლებით მკურნალობაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, არც ერთი მოქალაქე, ვისაც ჩანაცვლებითი თერაპია სჭირდება, სათანადო მკურნალობისა და მომსახურების გარეშე არ დარჩება.
„ამაზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო. ამავდროულად, სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს, რომ აღნიშნული სერვისის მიწოდებისას, მაქსიმალურად დაცული იყოს საზოგადოების უსაფრთხოებისთვის აუცილებელი სტანდარტები. ეს არა უბრალოდ მოსაწონი და კარგი ინიციატივაა, არამედ საკმაოდ ამბიციური და საზოგადოებისთვის ერთმნიშვნელოვნად სიკეთის მომტანი პროექტია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის განცხადებით, ჩანაცვლებითი თერაპიისას, უცვლელი დარჩება პროგრამის დიზაინი.
„ამასთან, პროგრამა ორიენტირებული იქნება არა რომელიმე სუბიექტის გამდიდრებაზე, არამედ, ბენეფიციართა საჭიროებებსა და მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ამას პრემიერ-მინისტრმაც მკაფიოდ გაუსვა ხაზი. რაც შეეხება ჩანაცვლებითი თერაპიის განმახორციელებელი ობიექტების დასახლებული პუნქტებიდან დისტანცირებას – ეს პრობლემა, რეალურად, ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ამ მიმართულებით, ბუნებრივია, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამდით, თუმცა, მუშაობა ახლა გაცილებით ინტენსიური გახდება. პრემიერ-მინისტრისგან მივიღე კონკრეტული დავალება და ბუნებრივია, ეს უალტერნატივოდ, ზუსტად ისე შესრულდება, როგორც მან თავის გამოსვლისას აღნიშნა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ, ასევე, ისაუბრა კერძო კომპანიების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვაზე, რის შემდეგაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.
„არც ერთი პაციენტი, ვისაც ფსიქოტროპული მედიკამენტები სჭირდება, სამკურნალო პრეპარატების გარეშე არ დარჩება. იქნება მკაცრი კონტროლი მათ გაცემაზე, ამასთან, მკაცრად გაკონტროლდება ყველა ჩართული სუბიექტი, რომ გარკვეულმა კომერციულმა ინტერესმა, მეტი ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება არ განაპირობოს. ვფიქრობთ, ამისთვის, აბსოლუტურად სწორი კონსტრუქცია იქნა შემუშავებული, რასაც ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს. საზოგადოებაც სწრაფად დაინახავს და მხარს დაუჭერს იმ დადებით შედეგებს, რაც ამ ინიციატივას ძალიან მალე მოჰყვება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.