ინგა ბერიკაშვილი – ორმა რელიგიამ დამანახა ის, რომ ღმერთი ერთია, რადგან უფალი სიყვარულია

„როდესაც დედა გაჰყვა მამას ცოლად, ოჯახმა უარყო საკუთარი ქალიშვილი, რადგან მამა აზერბაიჯანელი იყო. ჩემს ბებიასა და პაპაზე ბევრი ვისაუბრე. მათთვის თავიდან დიდი ტრაგედია აღმოჩნდა  ეს ამბავი. დროთა განმავლობაში მამამ შეძლო საკუთარი პიროვნული თვისებებით მოეხიბლა ისინი. თუმცა ეს ფაქტი ჩემს მომავალ ცხოვრებაზე მაინც აისახა, რადგან მუდმივად ქართველებისთვის აზერბაიჯანელი ვიყავი, ხოლო აზერბაიჯანელებისთვის კი – ქართველი. ადამიანების სხვადასხვანაირი დამოკიდებულება ჩემ მიმართ დაუცველს მხდიდა და ტრავმას მაყენებდა. შესაძლოა, შემდგომში ჩემი პროფესიული არჩევანი „ადამიანის უფლებების დაცვა“ ამ ფაქტმაც განაპირობა“. – ინგა ბერიკაშვილი „პერსონაში“.

 – საინტერესო ბავშვობა გქონდათ…10671318_947259655308215_619485335520198582_n
–  ცხრა თვის ორსული დედა სტუმრად იყო მშობლებთან, ახმეტის რაიონში. ასე დავიბადე სოფელ მაღრაანში. პატარაობიდან მეამაყებოდა, რომ ხარება და გოგიას სოფელში დავიბადე. მამაჩემი,  ნაღდი ვერელი კაცი ჯუმბერ მამედოვი ფილარმონიის დირექტორის – დორიან კიტიას მძღოლი იყო. დედა – ფილარმონიის მთავარი მოლარე. მოგეხსენებათ, კომუნისტების დრო. ორივეს მეტად საპასუხისმგებლო დატვირთული სამუშაო რეჟიმი ჰქონდა  და სანამ სასკოლე გავხდებოდი, ბებიასთან და პაპასთან, სოფელ მაღრაანში ვიზრდებოდი. ბრძენი ქალი იყო ბებიაჩემი. თუშის ქალი – მარიამ ჯააძე. პროფესიით ფილოლოგი, სკოლის მასწავლებელი გახლდათ. პაპა, გიორგი ბერიკიშვილი, რუსულის სპეციალისტი, იმავე სკოლის დირექტორი იყო. მთის ხასიათი, სიმამაცე და ქვეყნის სხვანაირი სიყვარული გენეტიკურად მათგან გადმომეცა. ისინი იყვნენ ის საოცარი ადამიანები, რომელთაც ჩემს აღზრდაში უზარმაზარი წვლილი მიუძღვით.
მაშინ ჯერ მხოლოდ 3 წლის თუ ვიქნებოდი. საღამოობით, ბუხართან მჯდომი, პაპასთან ერთად ვუკრავდი ფანდურს და ბებიასთან ერთად ვმღეროდი თუშურ სიმღერებს. შაირობაც მეხერხებოდა.  მერე როგორი ბრძნული ზღაპრების გამოგონება იცოდნენ.
მალე სასკოლე ასაკმა მომიწია და მშობლებმა თბილისში წამომიყვანეს. სკოლა მთაწმინდაზე დავამთავრე. სოფელი, ბებია და პაპა სულ მენატრებოდნენ. ძალიან მიყვარდნენ და ამიტომ ხშირად ჩავყავდი მშობლებს.  მე რას შევედრები იმ ბუმბერაზ ადამიანებს, ვინც სოფლად იყვნენ გაზრდილნი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ სოფელი დიდი სკოლაა, სადაც ადამიანობას, სიკეთეს და სიყვარულს სწავლობ. მოყვასის ტკივილის გაზიარება, თანადგომა, ნებისმიერ სიტუაციაში დათმინებით გამოსავლის ძებნა, ადამიანებთან ურთიერთობისას სიხარულის, სიყვარულის გამოხატვა. პოზიტიური გარემოს შექმნა ჩემი ტკბილი ბებიისა და პაპის მაგალითზე ვისწავლე.1960110_947259681974879_4820524585442014110_n
ახლა ხშირად მაგონდება მათი შეგონებანი. მაშინ ყურს რომ არ ვათხოვებდი. ახლა ვხვდები, ისე დალექილა ქვეცნობიერში, რომ ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში მყოფს, თავში უნებლიეთ აღმოცენებული, ყველანაირ პრობლემაზე ანტივირუსივით მოქმედებს. ამიტომ არის, რომ ბავშვს მუდამ უნდა ესაუბრო. რომ გგონია, ყურს არ გიგდებს, მერე დიდობაში, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად გაიხსენებს და გამოიყენებს.
– მომავალი პროფესია როგორ აირჩიეთ?
– ოჯახს ეგონა, რომ მსახიობი გამოვიდოდი, მაგრამ, სრულიად მოულოდნელად, სკოლიდან ერთი საკონკურსო გამოცდით, 1996 წელს, მოვხვდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. ამ დროისთვის ჩემი ოჯახი მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ მე იძულებული გავხდი, რომ დავრჩენილიყავი და მესწავლა. პარალელურად ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე. ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვა ძალიან მიყვარს.
– სპორტის სხვადასხვა სახეობას სერიოზულად მისდევდით…
– დიახ. ტანმოვარჯიშე ვიყავი, ორგზის ჩემპიონი გარბენებში. ასევე 12 წელი ვცეკვავდი. მე-9 მუსიკალური სკოლა დავამთავრე. ვცეკვავდი ასევე „ლაგუნა ვერეზე“ სინქრონს. ჩემი ძმა, ელდარ მამედოვი, საქართველოს წყალბურთის ნაკრების წევრი იყო და ვინაიდან ჩემი ძმის გარეშე ვერ ვძლებდი, მეც სინქრონზე მიმიყვანეს.
– ადვოკატობის პერიოდი…11082515_947260148641499_6227287419102350352_n
– 2003 წლიდან უკვე ადვოკატი გავხდი და უფრო აქტიურად დავიწყე ადამიანის უფლებების დაცვა, შემდეგ 2006 –წლიდან პატიმართა უფლებებს ვიცავდი. სრულიად უანგაროდ სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდში ვმუშაობდი. იმდროისთვის ყველას ეშინოდა ხმამაღლა საუბრის და როდესაც 2006 წელს მე-7 საპყრობილეში არაადამიანურად და სასტიკად აწამეს პატიმრები, მე ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადე ტელევიზიების მეშვეობით,  ასევე გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებსაც ვაცნობე. თუმცა, სანამ 2012 წლის ოქტომბერს არ შევცვალეთ ხელისუფლება, სამართალს ვერ მივაღწიე. 2010 წელს წამების ფაქტები რომ ჩავიტანე პოლონეთის დედაქალაქში, სადაც 60 ქვეყნის წარმომადგენლობა იყო, მიღების დროს ვარშავის აეროპორტში„სოდი“ დამხვდა. მართალია, ჩემი ორგანიზაცია მიცავდა, მაგრამ ხშირად აზერბაიჯანის საელჩოსაც მივმართავდი ხოლმე, რადგან ისეთი ხალხი მყავდა გადაკიდებული პატიმრების გამო, რომ რეალური საფრთხე არსებობდა. სამწუხაროა,რომ ის ღირებულებები, რაც მე გამაჩნია, პოლიტიკაში ვერ ვიპოვე, რადგან ჩემთვის ყველაზე მთავარი სიმართლე და პატიოსნებაა, რაც ქართულ პოლიტიკას აშკარად აკლია.
– იყო მაღალი თანამდებობა, რომელიც მალევე დატოვეთ…
–  როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან საპასუხიმგბელო თანადებობაზე დავინიშნე, კერძოდ, შსს გენინსპექციის ოპერატიულის მოადგილე ვიყავი. ძალიან გამიჭირდა თავიდან შეგუება, რადგან წინა ხელისუფლების დროს იმდენი ცუდი გადავიტანე, რომ პოლიციიის დანახვაზე საშინელი ემოციები მიპყრობდა. ბედის ირონია იყო, რომ უცებ შეიცვალა ჩემ მიმართ დამოკიდებულება. ახლა პატრული მაჩერებდა და საბუთების ნახავის შემდეგ დიდი პატივისცემით მეპყრობოდა.10435662_947260128641501_870579747517376405_n
მე გაზაფხულზე დავტოვე თანამდებობა და ისევ „ოცნებაში“ დავბრუნდი, რადგან ასე ჩავთვალე საჭიროდ. ძალიან მიყვარს ადამიანებთან ახლოს კონტაქტი. თუ შემიძლია დახმარება, ეს დიდ ბედნიერებას მანიჭებს. თუმცა ბევრჯერ გულნატკენიც დავრჩენილვარ საზოგადოების მხრიდან, რადგან ხალხს ძალიან მალე ავიწყდება ყველაფერი. ზოგადად, გული მტკივა ხოლმე, როცა „ოცნებას“ აიგივებენ „ნაციონალებთან“. ამას ვინც ამბობს, აშკარად არ გაუვლია ის ტანჯვა.
– ჯერ კიდევ პატარა, 90-იანი წლების საქართველოს მოვლენების ეპიცენტრში იყავით…
– 
დიახ, ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ იქვე ვცხოვრობდი. 9 წლიდან მოვლენების ეპიცენტრში ვარ. ძალიან აქტიური მოზარდი ვიყავი და ყველა მიტინგზე დავდიოდი. ძმათამკვლელ ომშიც მოვყევი, მაშინ ჩემმა ძმამ ძლივს გადამარჩინა. ცეკვაზე დავდიოდი მაშინდელ პიონერთა სასახლეში და ომი რომ დაიწყო, მიტინგზე ვიყავი გაპარული. ძალიან მიყვარს ეს ჩემი საქართველო.
– ბევრი გულშემატკივარი გყავთ…
– 36 წლის ვარ და ყველაზე დიდ მიღწევად, რაც მიმაჩნია, ეს არც თანამდებობაა, არც კარიერა და არაფერი, გარდა ხალხის სიყვარულისა. არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება, როცა უცხო ადამიანი გეფერება და მადლიერია. მინდა ყველას მივმართო: გვიყვარდეს ერთმანეთი. როდესაც გული სიყვარულითაა სავსე, სიძულვილის ადგილი აღარ რჩება. დრო ყველას გასცემს თავის პასუხს, ჩვენ კი სიყვარული დავიბუდოთ გულებში.
– როგორც ამბობენ: ბედნიერებას სად ეძებთ?
ის ჩვენშია. მხოლოდ სიყვარულით სავსე გულია ბედნიერი.
– თქვენი ძმისგან განსხვავებით, რელიგიად მართლმადიდებლობა აირჩიეთ…11007737_947259925308188_1852843407481221423_n
– მე, 18 წლისა, მოვინათლე ისე, რომ სახლში არავინ იცოდა. როდესაც მეგობრებთან ერთად ლოცვას ვესწრებოდი და მამაო წირვისას იტყოდა კათაკმეველი განვიდეს ეკლესიიდანო, ვერ წარმოიდგენთ, როგორი ატირებული ვტოვებდი  ტაძარს, რადგან ლოცვაზე დასწრების უფლება არ მქონდა. ჰოდა, ერთ დღეს გადავწყვიტე, წავსულიყავი და ჩუმად მოვნათლულიყავი. ქაშუეთში, მამა შიომ მომნათლა. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ. თუმცა ყველა რელიგიას ვცემ პატივს, რომელიც სიკეთისკენაა მიმართული.
– ორი სარწმუნოების ოჯახიდან ხართ. რა დაგანახვათ ორმა რელიგიამ?
– დიახ, როდესაც დედა გაჰყვა მამას ცოლად, ოჯახმა უარყო საკუთარი ქალიშვილი, რადგან მამა აზერბაიჯანელი იყო. ჩემს ბებიასა და პაპაზე ბევრი ვისაუბრე. მათთვის თავიდან დიდი ტრაგედია აღმოჩნდა  ეს ამბავი. დროთა განმავლობაში მამამ შეძლო საკუთარი პიროვნული თვისებებით მოეხიბლა ბებია და პაპა. თუმცა ეს ფაქტი ჩემს მომავალ ცხოვრებაზე მაინც აისახა, რადგან მუდმივად ქართველებისთვის აზერბაიჯანელი ვიყავი, ხოლო აზერბაიჯანელებისთვის კი ქართველი. ადამიანების სხვადასხვანაირი დამოკიდებულება ჩემ მიმართ მაშინ ძალიან დაუცველს მხდიდა და ძალიან მანერვიულებდა. შესაძლოა, შემდგომში ჩემი პროფესიული არჩევანი „ადამიანების უფლებების დაცვა“ ამ ფაქტმაც განაპირობა. თუმცა დღეს ეს ფაქტი ძალიან მეამაყება, რადგან ვხვდები. მამაჩემი ყველაზე დიდი ქართველია, რომელსაც უზომოდ უყვარს თავისი ქვეყანა. ორმა რელიგიამ დამანახვა ის, რომ ღმერთი ერთია, რადგან უფალი სიყვარულია. ასეა, ჩემი ოჯახი ორ სარწმუნოებას აერთიანებს. ჩემი ძმა მამის სარწმუნოების ერთგული დარჩა. მე დედის რელიგია მართლმადიდებლობა ავირჩიე. ეს არის ოჯახი, სადაც მუდმივად ყველა ტრადიცია სიკეთეზეა აგებული. ჩვენს ოჯახში მართლმადიდებლები პატივს ვცემთ მათ სარწმუნოებას, ისევე როგორც ისინი, თავის მხრიდან, ჩვენს ქრისტეს. აქ მთავარი ის არის, რომ ორივე მხარე ერთმანეთისთვის სიკეთის მოტანაზე, ოჯახურ განვითარებაზე ზრუნავს. ასეა სახელმწიფოც: სხვადასხვა კონფესიის ადამიანები ერთ რამეზე, სიკეთეზე, ქვეყნის განვითარებაზე თავისებურად უნდა ზრუნავდნენ.
– პირად ცხოვრებაზე გვიამბეთ…11027481_947260191974828_1749435398591174834_n
– ძალიან რთული და მძიმე პერიოდი გავიარე 1996 წლიდან დღემდე და უკვე ვთვლი, რომ პირად ცხოვრებას უნდა მივხედო, რადგან რაც არ უნდა წარმატებული ქალი ვიყო და მქონდეს ყველაფერი, ყველაზე მთავარი არ მაქვს –ოჯახი! მე ვთვლი, რომ დადგა დრო, ცოტა ხანი პოლიტიკას შევეშვა და ოჯახს მოვეკიდო. ოჯახი ადამიანის სახეა და სწორედ ჩემებური ოჯახის სახე მინდა შევქმნა. ესეც ერთგვარი ვალია ჩემი სამშობლოს წინაშე.
– რამ შეიძლება შეარიგოს ორი დაპირისპირებული მხარე. რას ურჩევდით მათ?
– მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულმა, დათმინებამ, პატიებამ. ამბობენ, როცა ვინმე გაწყენინებს, შეხედე მას, როგორც საკუთარი ოჯახის წევრს, დას, ძმას, ვისაც სიყვარულით მუდამ მიუტევებ და პატიება მეტად გაგიადვილდებაო. ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომდის, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემი ოჯახი ამის ნათელი მაგალითია.
– როგორ ფიქრობ, რატომ ზრდიდნენ ჩვენი თავადები შვილებს გლეხის ოჯახებში?
– ზუსტად იმიტომ, რომ უფალთან ახლოს ყოფილიყვნენ, ენახათ რა არის გასაჭირი, რომ გაეგოთ იმისი ფასი, რაც გააჩნდათ უფლისგან და ასევე ესწავლათ თავმდაბლობა. ახლა კი რას ვაკეთებთ? ჩვენ ვცდილობთ, არაფერი მოვაკლოთ ჩვენს შვილებს. თბილი, ღუნღულა ტანსაცმელი; ყველა სიკეთესთან ერთად უახლესი მოდელის ტელეფონით ავღჭურვოთ და ისე გავუშვათ სკოლაში; მეტიც, ზოგიერთ ორმოცი წლის კაცსაც დედა უწყვეტს პრობლემას. ვიცი ოჯახები, გულხელდაკრეფილ ამხელა კაცებს ცოლ–შვილს ისევ დედ–მამა რომ უნახავს. ეს სირცხვილია. არავისგან სასწავლი არაფერი გვჭირს, რადგან როდესაც საქართველო კულტურულ და რელიგიურ ისტორიის საუკუნეებს ითვლიდა, ზოგი ბუმბერაზი ქვეყანა ჯერ კიდევ არ არსებობდა რუკაზე. ერთადერთი, რაც ჩვენ გვიშლის განვითარებასა და წინსვლაში ხელს, ეს არის ერთმანეთის მიმართ არსებული შური, ბოღმა. სხვისი ნიჭის არდაფასება. საკამრისია ეს გადაილახოს, რომ ჩვენზე ბედნიერი ერი და ძლიერი ქვეყანა არ იარსებებს. ამდენი უბედურებების მერე, დიდი აგრესიაა გარშემო. ამ გასულმა წლებმა ძალიან დიდი დაღი დაასვა ჩვენს საზოგადოებას და ამას დრო სჭირდება, რომ მისი რეაბილიტაცია მოხდეს. მე ვთვლი, რომ საქართველო მსოფლიოში ყველაზე ტოლერანტული ქვეყანა იყო, არის და იქნება. ამას მოწმობს ზუსტად ამდენი ეთნოსის არსებობა ჩვენს ქვეყანაში.

ირმა მირზაშვილი

1484692_947260151974832_7341918423804627199_n

10931139_947260141974833_4803595791794348617_n

11072949_947260158641498_1657135339179075060_n

11081378_947260208641493_8705784678831062027_n

11084240_947259651974882_1963279857155944213_n

11096511_947265498640964_8421773650838849390_n

11102900_947259701974877_8699336437796733370_n

11102998_947259698641544_2754505405613505934_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები