ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები მთავრობისთვის უნდობლობის გადაყენების მცდელობას ამ მომენტისთვის უპერსპექტივოდ მიიჩნევენ

,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია” მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურასთან დაკავშირებით განმარტებას განცხადების სახით ავრცელებენ, რომელსაც “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

“ორგანიზაციის განცხადებით, უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის წამოსაწყებად მთავრობის მეთაურის ან მთავრობის კაბინეტის წევრების მიერ სამართლებრივი გადაცდომა ან დანაშაულის ჩადენა აუცილებელი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ამ გზით დგება მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

ასოციაცია აღნიშნავს, რომ უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენება შეუძლია პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის, ანუ პარლამენტში მოცემულ მომენტში დეპუტატების რაოდენობის ორ მეხუთედს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტში 148 დეპუტატია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გოგი ოჩიაურმა პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინა პარლამენტის თავმჯდომარეს. ორგანიზაციის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტით ჩანაცვლების პროცედურა უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 22 დღეში. შესაბამისად, უახლოეს მომავალში უნდობლობის საკითხის აღძვრის შემთხვევაში საჭირო იქნება 149 დეპუტატის, არანაკლებ ორი მეხუთედის კვორუმი, რაც შეადგენს პარლამენტის 60 წევრს.
,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია” აღნიშნავს, რომ უნდობლობის საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა უნდა გაიმართოს არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 25 დღეში. ხოლო საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუკი ინიციატივას მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ ვერ მოხერხდა 75 ხმის მოგროვება, უნდობლობის საკითხი ითვლება შეწყვეტილად და იმ დეპუტატებს, რომლებმაც მიმართეს პარლამენტს უნდობლობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით, ერთმევათ უფლება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში კვლავ მიმართონ იმავე საკითხზე პარლამენტს.
ორგანიზაციის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე უარის თქმის შემთხვევაში, პარლამენტს შეუძლია არა უადრეს 15 და არა უგვიანეს 20 დღეში კენჭი უყაროს პრეზიდენტისათვის იმავე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენას, სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედის მხარდაჭერით. პრეზიდენტი ვალდებულია პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურა 3 დღის ვადაში. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის დამტკიცება მოხდება, იმავე პრინციპით როგორც პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში. პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადება ავტომატურად გამოიწვევს მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებასა და უფლებამოსილების შეწყვეტას. თუკი პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატურის დასამატკიცებლად ვერ მოაგროვა ხმათა საკმარისი რაოდენობა პრეზიდენტს უფლება აქვს 3 დღის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი.
ასოციაცია მთავრობისთვის უნდობლობის გადაყენების მცდელობას ამ მომენტისთვის უპერსპექტივოდ აფასებს და თვლის, რომ უმცირესობას, პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, არ აქვს პარლამენტში მსგავს საკითხებზე კონსესუსის მიღწევის შესაძლობლობა.
ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტების განცხადებით, უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და იგი შესაძლებელია ორთვენახევრის განმავლობაში გაგრძელდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები