რას აცხადებენ იტალიაში გარდაცვლილი გოგონას ახლობლები – ნესტის ჭიის საწინააღმდეგო წამლით მოიწამლა
იტალიაში ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების მიზეზი ნესტის ჭიის საწინააღმდეგო წამლის ინტოქსიკაცია იყო, – ამის შესახებ „კვირას“ გარდაცვლილი თამარ ტრაპაიძის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.
31 წლის თამარ ტრაპაიძე წარმოშობით ვანის რაიონის სოფელ სალხინოდ იყო. როგორც „კვირასთან“ გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, თამარ ტრაპაიძემ თავი შეუძლოდ 25 მარტს იგრძნო და ვანში დედას და დეიდას სკაიპის საშუალებით დაუკავშირდა.
„25 მარტს, ნაშუადღევს სკაიპის საშუალებით დაგვირეკა. გვითხრა, რომ თავბრუს ხვევები და პირღებინება აწუხებდა. ფეხები ეკვეთებოდა, წნევა 90/ 60 -ზე ჰქონდა. სახლის პატრონმა ნესტის ჭიის საწინააღმდეგო წამალი გაუშვაო. ვურჩიეთ, რძე დაელია. ამის შემდეგ კიდევ შეგვეხმიანა. თამარს ვუთხარი, სახლის მეპატრონესთვის დაერეკა, რათა მას დახმარება გაეწია თუმცა, იტალიელს უთქვამს, რომ იმ დროს ვერ მივიდოდა და მეორე დილას მიაკითხავდა.
იმავე დღეს, ღამის 10 საათზე, უკვე ჩვენ ვურეკავდით სკაიპით, მაგრამ არ პასუხობდა. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ალბათ ჩაეძინა. 26 მარტს, გამთენიისას ისევ ვურეკავდით, მაგრამ ისევ არ პასუხობდა. სკაიპი ისევ ჩართული ჰქონდა, არავინ გვპასუხობდა. მოგვიანებით, უკვე გავიგეთ, რომ ბინაში მისულ იტალიელ მოხუცს თამარი გარდაცვლილი დახვდა“, – აღნიშნა გარდაცვლილის ნათესავმა მთვარისა წკრიალაშვილმა.
თამარ ტრაპაიძე იტალიაში 2013 წლის 28 სექტემბერს გაემგზავრა. მას საშუალო განათლება ჰქონდა და უმუშევარი იყო. ფინანსური პრობლემების გამო კი იტალიაში ჩავიდა და იქ მოხუცს უვლიდა.
ოჯახს გარდაცვლილის გადმოსვენების ფინანსური საშუალება არ აქვს და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.
როგორც „კვირამ“ გაარკვია, ტრაპაიძები სოციალურად დაუცველთა კატეგორიას არ განეკუთვნებიან.
საქართველოს მთავრობის N153-ე დადგენილებით, რომელიც 2013 წლის 20 ივლისით თარიღდება, აღნიშნულია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის გადმოსვენება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკისრება. საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის – 1 მუხლის მე-3 პუნტში ნათქვამია, რომ „ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით ,,სოციალური დახმარებების“ პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან“.
ვინაიდან თამარ ტრაპაიძის ოჯახი სოციალურად დაუცველი არ არის, მათ სახელმწიფო ფინანსურად ვერ დაეხმარება. თუმცა, ამავე წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის დას ან ძმას საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს არ ჰყავს მეუღლე, შვილი ან მშობელი.“
თუ გავითვალისწინებთ, რომ 31 წლის ხათუნა ტრაპაიძე ქორწინებაში არსდროს ყოფილა. მას არ ჰყავს, მეუღლე და შვილი, ხოლო მამაც რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა, დედა კი ავადმყოფი ჰყავს, შესაძლებელია, მთავრობის კეთილი ნებით გარდაცვლილის გადმოსვენების ხარჯები სახელმწიფომ გაიღოს.
იტალიაში საქართველოს საელჩომ ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება უკვე მიიღო, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საელჩო ადგილობრივ პოლიციასთან თანამშრომლობს და დაინტერესებულია, რომ გოგონას გარდაცვალების დეტალები გაარკვიოს.
შეგახსენებთ, იტალიის ქალაქ საპუტინიანოში საქართველოს მოქალაქე, 31 წლის თამუნა ტრაპაიძე გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად იტალიურმა მედიამ გაავრცელა. წინასწარი ვერსიით, ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების მიზეზი საღებავით ინტოქსიკაციაა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში თამარ ტრაპაიძე მეორე ქართველია, რომელიც იტალიაში ტრაგიკულად გარდაიცვალა. მანამდე იტალიის ქალაქ ბარიში ავტოავარიის შედეგად 44 წლის ნონა ზარიძე დაიღუპა, რომელიც საქართველოში 25 მარტს გადმოასვენეს.
იზა შაქარაშვილი