„სათესლე მასალის შესახებ საქართველოს კანონის“ საპილოტე ვერსია განიხილეს

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ სათესლე მასალის შესახებ საქართველოს კანონის საპილოტე ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ,,ADA/FAO – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება“ – პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. კანონპროექტის განხილვას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ. სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ძირითად მიზანს, სპეციალისტებისა და ექსპერტების ერთობლივი ძალისხმევით, განხილვისა და მსჯელობის შედეგად კანონპროექტისთვის საბოლოო სახის მიცემა წარმოადგენდა. ,,თითქმის ერთი წელია, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი საქართველოში სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის შექმნის მიმართულებით მუშაობს. სისტემის დანერგვისა და ამოქმედებისთვის საკანონმდებლო ბაზის არსებობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ქვეყანაში ხარისხიანი სათესლე და სარგავი მასალის წარმოება და ხელშეწყობაა“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. „სათესლე მასალის შესახებ საქართველოს კანონის“ საპილოტე ვერსია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შეიქმნილი სამუშაო ჯგუფისა და FAO-ს ექსპერტების მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა. „სათესლე მასალის შესახებ საქართველოს კანონი“ – საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების და ორნამენტული მცენარეების სახეობების რეგისტრაციის, სათესლე და სარგავი მასალის დამზადების, დამუშავების, სერთიფიცირების, ხარისხის კონტროლის, ეტიკეტირების, ტრანსპორტირების, შენახვა-მიკვლევადობისა და ამ პროდუქტით ვაჭრობის სამართლებრივ საფუძვლებს დაარეგულირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები