საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის პირველ პოზიციაზეა
„საქართველომ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის, ღია მმართველობის ინდექსის მიხედვით, პირველი პოზიცია დაიკავა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია IDFI აქვეყნებს.
ორგანიზაცია 26 მარტს „მსოფლიო სამართლის პროექტის“ (World Justice Project) მიერ გამოქვეყნებულ სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველომ ღია მმარტველობის ინდექსის მიხედვით მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის 29-ე ადგილი დაიკავა. „კვირა“ ორგანიზაცია IDFI – ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
„26 მარტს გამოქვეყნდა „მსოფლიო სამართლის პროექტის“ (World Justice Project) 2015 წლის ღია მმართველობის საერთაშორისო ინდექსი (Open Government Index), რომლის შემუშავებაში ჩართული იყო ბევრი ცნობილი კვლევითი ინსტიტუტი, საერთაშორისო ორგანიზაცია და ექსპერტი. ღია მმართველობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 0.61-იანი შეფასება მიიღო (უმაღლესი 1 ქულიდან) და ამ შედეგით, მან აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის პირველი პოზიცია დაიკავა, მსოფლიო მასშტაბით კი 102 ქვეყანას შორის 29-ე გახლავთ ღია მმართველობის თვალსაზრისით. ამ შედეგით საქართველომ გადაუსწრო ისეთ ევროპულ სახელმწიფოებს, როგორც: სლოვენია, მაკედონია, საბერძნეთი, ხორვატია. ქვეყნებმა, რომელებმაც უმაღლესი შეფასებები მიიღეს არიან: შვედეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები. რეიტინგი შესაბამისი ქვეყნების მოქალაქეთა გამოკითხვის შედეგად მიღებულ შეფასებებსა და აღქმებზე არის დაფუძნებული. საქართველოს შემთხვევაში, შედეგები 2014 წელს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 1000 რესპონდენტის მიერ გაცემულ პასუხებს ეყრდნობა. მათ მთავრობის ღიაობა ოთხ ძირითად ფაქტორზე დაყრდნობით შეაფასეს.
• სამართლებრივი აქტებისა და სამთავრობო მონაცემების გამოქვეყნება/ხელმისაწვდომობა – ასახავს რამდენად ხელმისაწვდომია კანონები, საჯარო ინფორმაცია და ხელისუფლების შესახებ სხვა მნიშვნელოვანი მონაცემები.
• საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა – ითვალისწინებს რამდენად დროულად და სრულყოფილად პასუხობს ხელისუფლება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს, აფასებს ინფორმაციის მოთხოვნის უფლების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების დონეს და საჯარო ინფორმაციის მოსაკრებელის შესაბამისობას.
• სამოქალაქო მონაწილეობა/ჩართულობა – ზომავს მოქალაქეთა შესაძლებლობას გაერთიანდნენ საერთო მიზნისთვის, მოაწყონ მშვიდობიანი დემონსტრაციები, შეაფასონ მთავრობის პოლიტიკა, ხელი მოაწერონ პეტიციას და გააჟღერონ თავიანთი მოსაზრებები მთავრობის საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, ეს კომპონენტი ითვალისწინებს მოქალაქეების მიერ ხელისუფლებასთან უკუკავშირის დამყარების მექანიზმების არსებობას.
• გასაჩივრების მექანიზმები – აფასებს რამდენად შეუძლია საზოგადოებას საკუთარი უკმაყოფილება გამოხატოს საჯარო მოხელეების საქმიანობისა და სერვისების ხარისხის შესახებ. ასევე, გათვალისწინებულია, ხელისუფლების მხრიდან რამდენად ხდება მსგავს განაცხადებებზე რეაგირება. საგულისხმოა, რომ საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება (0.70 – მსოფლიოში მე-16 ადგილი) მეორე კომპონენტში – საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება – მიიღო და იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომელთაც ამ კატეგორიაში უმაღლესი შეფასებები აქვთ. შედარებით დაბალი ქულა კი პირველ კომპონენტში – სამართლებრივი აქტებისა და სამთავრობო მონაცემების გამოქვეყნება/ხელმისაწვდომობა – დაფიქსირდა (0.51 – მსოფლიოში 36-ე და რეგიონში მე-4 პოზიცია) და შესაბამისად, საშუალო რანგის ქვეყნებს შორის აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ გასაჩივრების მექანიზმეების არსებობის შემთხვევაში, მართალია, საქართველოს შედეგი საშუალოზე მაღალია (0.57), მაგრამ იგი რეგიონში მეოთხე და მსოფლიოში 48-ე ქვეყანაა, სადაც მსგავსი საშუალების გამოყენება ეფექტურად ფუნქციონირებს და ხელს უწყობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას“, – ნათქვამია განცხადებაში.