იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე საკრებულოში წარმოდგენილი პროექტების თაობაზე იმსჯელეს

დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული თოთხმეტი საკითხი განიხილეს. აღნიშნულ სხდომაზე კომისიის წევრებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის გიორგი გაგოშიძის გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის საკითხის გარდა, საკრებულოში წარმოდგენილი პროექტების თაობაზეც იმსჯელეს.
სხდომაზე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კერძოდ საბაგირო გზის, რიყე-ნარიყალას მონაკვეთზე, მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის მქონე კატეგორიებისათვის, მერიის სოციალური საქალაქო სამსახურის მიერ პლასტიკური ბარათების გაცემის წესსა და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის, სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების პროექტის საკითხი იქნა განხილული. კომისიის წევრებმა, ასევე „მ.გეგელიას სახელობის ტანვარჯიშის სახეობათა აკრობატიკის სპორტული ცენტრისა“ და „გ. ეგნატაშვილის სახელობის ტანვარჯიშის სახეობათა ოლიმპიური მზადების ცენტრის“ რეორგანიზაციის შედეგად „ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრის“, ასევე, „მ.კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრისა“ და „ქ.თბილისის მერიის მ.კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის“ რეორგანიზაციის შედეგად ა(ა)იპ „კალათბურთის განვითარების სპორტული ცენტრის“ შექნის თაობაზე იმსჯელეს.
სხვა პროექტებთან ერთად, საკრებულოს წევრებმა, „კულა გლდანელის სახელობის ქართული ჭიდაობის სპორტული ცენტრისა“ და კომპლექსური სპორტული ცენტრის „მუხიანის“ დაფუძნების საკითხებიც განიხილეს. დეპუტატებმა სხდომაზე განხილული ყველა საკითხი დადებითი რეკომენდაციით შეაფასეს, რომლებიც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იქნება გატანილი განსახილველად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები