„ლაიტმოტივად გაგვდევს ეკზიუპერის სიტყვები – არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ოდესღაც ჩვენც ვიყავით პატარები…“
„ჩემს შემთხვევაში პროფესიის არჩევა არც ისე რთული იყო. თეატრალების და ხელოვანების ოჯახში გავიზარდე. შესაბამისად, უმაღლეს განათლებაზე რომ ვფიქრობდი, ვიცოდი, ერთადერთი უნივერსიტეტი, სადაც უნდა მესწავლა, თეატრალური იყო და მარტივად ავირჩიე დრამის სარეჟისორო ფაკულტეტი…“ – თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ელენე მაცხონაშვილი.
– ქალი რეჟისორი და დრამის სარეჟისორო…
– რა თქმა უნდა, რთული იყო იმ პერიოდში. 16 წლის ვიყავი და ჯერ კიდევ არსებობდა გარკვეული სტერეოტიპები, რომელსაც მაშინ მხოლოდ ქალბატონი ლილი იოსელიანი ანგრევდა. სწორედ ამიტომ მინდოდა დამემტკიცებინა, რომ სრულიად შესაძლებელია, ქალი იყოს კარგი რეჟისორი. საკმაოდ დიდი კონკურსი იყო, მაგრამ საინტერესო მისაღები გამოცდები. სწავლის პროცესიც ძალიან საინტერესო იყო, რადგან გიზო ჟორდანიას და გია კიტიას ჯგუფი დავამთავრე. გარდა ამისა, აუდიტორიაში პატარა ლაბორატორია გვქონდა მოწყობილი და ჩვენ თვითონ ვთამაშობდით სპექტაკლებში. სამსახიობო და სარეჟისორო კურსს ერთმანეთის პარალელურად გავდიოდით.
თუმცა შემდეგ, გარკვეული პერიოდი თეატრი გვერდით გადავდე. ორჯერ დედა გავხდი, ვმუშაობდი ტელევიზიაში, კულტურის სფეროს ჟურნალისტად. მოგვიანებით დავბრუნდი თეატრში და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებლთა თეატრში ორი სპექტაკლი დავდგი. ხულოში, ჩემი პიესის მიხედვით დავდგი სპექტაკლი „ფიროსმანი“ და მივხვდი, რომ დრამისთვის კარგი მაყურებელი ვარ. არ ვიცი, შეიძლება ოდესღაც ისევ მოხდეს ჩემში ცვლილებები, გამიჩნდეს სურვილი, რაღაც მნიშვნელოვანი ფორმით ვთქვა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი ცხოვრება თოჯინების თეატრს ეკუთვნის. ყველაზე კარგად აქ ვგრძნობ თავს და ვთვლი, რომ ყველაზე საპატიო მაყურებელი – ბავშვები – სწორედ ჩვენ გვყავს.
– დაბრუნების შემდეგ, ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც შეგხვდათ…
– სირთულე ალბათ ის იყო, რომ ასაკით პატარა ვიყავი და შეაბამისი გამოცდილება არ მქონდა. მომიწია გამოცდილ და უკვე ცნობილ მსახიობებთან მუშაობა. თუმცა ეს ყველაფერი მაინც შინაგანი პროცესია, გარეგნულად ვთვლი, რომ კარგად გავართვი თავი. ალბათ ეს ის პროფესიაა, როგორც ჩემი ბევრად უფრო ცნობილი კოლეგები ამბობენ, რომელსაც განსაკუთრებით სჭირდება გარკვეული გამოცდილება, როგორც ამ სფეროში, ისე ცხოვრებისეული. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თანამედროვე ახლაგაზრდა ქართველი რეჟისორები ამ სტერეოტიპს არღვევენ. თუნდაც, დათა თავაძე, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ პერსპექტიული, ნაყოფიერი და საინტერესოა მისი შემოქმედებითი საქმიანობა.
– მთავარი და მნიშვნელოვანი…
– ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მზა პროდუქტია – სპექტაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გემოვნებიანი, კარგ ნაწარმოებზე შექმნილი და აქტუალური თემა. რაც მთავარია, სპექტაკლის თემა მსახიობისთვის უნდა იყოს საინტერესო, მტკივნეული და მნიშვნელოვანი, რომ ყალბი არ იყოს მაყურებლის წინაშე.
– რაზე უნდა ილაპარაკოს თეატრმა?
– ჩვენთან სამწუხარო რეალობაა. ტელესივრცე ბოლო 30 წელია მიზანმიმართულად ცდილობს, მაყურებლის გემოვნების გაფუჭებას. არ გვაქვს შემეცნებითი გადაცემები და ყველაფერი მიმართული და ორიენტირებულია იმაზე, რომ იყოს მხოლოდ გასართობი და დაბალი დონის შოუები. ეს რა თქმა უნდა, მაყურებელზე მოქმედებს, რომელიც შემდეგ თეატრში მოდის და „სასაცილო“ თეატრს ითხოვს. ამიტომ მგონია, რომ თეატრი კლასიკაზე ორიენტირებული უნდა იყოს. ამ კვადრატულ სიტუაციაში, როცა წიგნი აღარ არის პრიორიტეტული და, ზოგადად, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საერთო განათლების დონე დაბალი იყოს, რადგან უფრო ადვილია ამ მასის მართვა, ვიდრე იმ ადამიანების, იმ ჯგუფის, რომლებიც აზროვნებენ, თეატრს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
– თოჯინების თეატრი…
– თოჯინების თეატრში ფაქტობრივად ვიზრდებოდი, რადგან მამა თოჯინების რეჟისორი იყო. ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ თავიდანვე ამ მიმართულებით არ წავედი. ვფიქრობდი, ეს ხომ ისედაც ვიცი და ჩემია.
სანამ თბილისის თოჯინების თეატრში მოვიდოდი სამხატვრო ხელმძღვანელად, რამდენიმე სპექტაკლი დავდგი ბათუმის და ბაქოს თოჯინების თეატრებში. მოგვიანებით ორი სპექტაკლი ამ თეატრში დავდგი და გარკვეულწილად ვიცნობდი ამ თეატრის პრობლემებს, შემოქმედებით და ტექნიკურ პერსონალს. ამიტომ, როცა სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა, განაცხადი შევიტანე.
ამ თეატრში მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია, რადგან მოვხვდი სწორედ იქ, სადაც ყველაზე მეტად მინდოდა. ამას დღითი დღე უფრო ვაცნობიერებ იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანია ამ თეატრის ფუნქცია, სხვა თეატრებთან შედარებით.
ეს არის თეატრი, რომელიც პირველ და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ბავშვზე. თეატრი, რომელიც ბავშვს ზრდის მაყურებლად, სხვა თეატრებისთვის. ამ თეატრს აქვს, ერთგვარი დამცავი სტატუსი ბავშვის აღზრდაში და განვითარებაში. ეს არის 80 წლის ისტორიის თეატრი, რომელშიც არაერთი თაობა გაიზარდა.
შესაბამისად, გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა. სანამ ფარდა გაიხსნება და ბავშვი სპექტაკლს ნახავს, მას უნდა დახვდეს ძალიან თბილი გარემო. ამიტომ, ჩვენთან მუშაობენ პედაგოგები, რომლებიც სპექტაკლის დაწყებამდე, მსუბუქი, მარტივი ფორმით აცნობენ თეატრის ისტორიას და სპექტაკლის მოკლე ანოტაციას, თუ რას ნახავენ და რაზე არის კონკრეტული ნაწარმოები აგებული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს თეატრში მომუშავე თითოეულ ადამიანს გაცნობიერებული აქვს ეს პასუხისმგებლობა, რადგან ვთვლით, რომ იმ პატარა ხელებით დაკრული ტაში და ოვაცია ნამდვილად არის კომპენსაცია იმ მძიმე და რთული პირობებისა, რომლებშიც ჩვენს თანამშრომლებს უწევთ მუშაობა.
– ამბობენ, ყველაზე რთულია საბავშვო სპექტაკლის დადგმა…
– რა თქმა უნდა, ბავშვები არ ცდილობენ, შეფუთონ შთაბეჭდილებები. არიან ძალიან გულწრფელები, როცა ემოციებს გამოხატავენ, რაც ძალიან ზუსტად აქვთ ჩამოყალიბებული.ზუსტად ხვდებიან, რა დროს უნდა დაუკრან ტაში, როდის აყვნენ მუსიკის რიტმს, როდის უნდა გადაარჩინონ საყვარელი გმირი ბოროტი პერსონაჟისგან. ბავშვები არიან ყველაზე კრიტიკულები, მაგრამ ყველაზე გულწრფელი მაყურებელები. ამიტომ, სუბიექტურები რომ არ ვიყოთ, ვცდილობთ, ვითანამშრომლოთ პედაგოგებთან, მშობლებთან, ისინი უფრო კარგად იცნობენ თითოეულ მათგანს, გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები, კონკრეტულად რომელი სპექტაკლის ნახვა სურთ რეპერტუარში.
შევეცადეთ გაგვეზარდა მაყურებლის ასაკიც. ვცდილობთ, თოჯინების თეატრი არ იყოს მხოლოდ სკოლამდელი ან დაწყებითი კლასის მაყურებლისთვის. მსოფლიოში ეს გავრცელებული პრაქტიკაა. ლინდგრენი წერდა ბავშვებისთვის და ამბობდა: მე არ მსურს დიდებისთვის წერა. მე ამას ვაკეთებ არა მხოლოდ მათთვის, არამედ ჩემთვის, რადგან, როცა ვწერ ბავშვებისთვის, თავს ისევ და ისევ ბავშვად ვგრძნობო.
მეტ-ნაკლებად, ვისაც ახსოვს საკუთარი ბავშვობის ემოციები, შთაბეჭდილებები, იმ ადამიანებისთვის არ არის რთული ამ სფეროში მუშაობა. თუ წამის მეასედში მაინც გაიხსენებ, როგორი შეიძლება ყოფილიყავი შენ იმ პარტერში, აუცილებლად მოახერხებ გადასცე ის ემოცია, რაც კონკრეტულად იმ წუთში სჭირდება პატარა მაყურებელს. ემოციურად სულ ვცდილობთ, ეს განწყობა შევინარჩუნოთ. ლაიტმოტივად გაგვდევს ეკზიუპერის სიტყვები – არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ოდესღაც ჩვენც ვიყავით პატარები.
– უკვე წლებია თეატრს შენობის პრობლემა აქვს…
– დიახ, 2011 წლიდან ჩვენ ღია ცის ქვეშ დავრჩით. აქამდე სულ სხვების, ან საკუთარი თავის გასამხნევებლად ვამბობდი, რომ ჩვენ მეზღაპრეები ვართ და გვჯერა, რომ ყველაფერს კეთილი ბოლო ექნება, მაგრამ, საბედნიეროდ, ასეც მოხდა. ამ ეტაპზე კულტურის სამინისტროსთვის ბავშვები და თოჯინების თეატრი პრიორიტეტი აღმოჩნდა. შეიქმნა უწყებათშორისი კომისია, რომელიც გარკვეული პრობლემის მქონე შენობებს შეაკეთებს. კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, მოიძიეს თანხა და ახლა მიმდინარეობს ჩვენი ძველი შენობის შესწავლა. თოჯინების თეატრი სპეციფიკური შენობის განლაგებას მოითხოვს, ამიტომ უნდა შეიქმნას პროექტი. როგორც გვეუბნებიან, ერთ ან ორ წელიწადში უკვე შენობა გვექნება. ემოციურად და დადებითად ვართ განწყობილნი.
თოჯინების თეატრში მხოლოდ სპექტაკლის სანახავად არ უნდა მოდიოდნენ, ის გარკვეული კულტურული კერა უნდა იყოს ამ ასაკის ადამიანებისთვის. გვინდა სკვერი, პატარა ბიბლიოთეკა, ჩვენი თოჯინებით და არქივით შენობაში მუზეუმი განვათავსოთ. გეგმები დიდი გვაქვს, რომ ჩვენი მაყურებლისთვის განსაკუთრებული გარემო შევქმნათ.
მზევინარ ხუციშვილი