„სააკაშვილი 21 მარტის აქციის ჩაფლავების გამო ისეთი გაცოფებულია, რომ ვერ აწყნარებდნენ“

სააკაშვილი 21 მარტის აქციის ჩაფლავების გამო ისეთი გაცოფებულია, რომ ვერ აწყნარებდნენ, – ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას აცხადებს.
იგი „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით გაღრმავებულ დაპირისპირებაზე საუბრობს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაადასტურა, რომ მათი პოლიტიკური კატასტროფა ლეგალიზებულია, მათ დე იურედ ჩამოაყალიბეს ის, რომ პოლიტიკური სიკვდილის პერიოდში შევიდნენ, ამის გამო შიგნით არის სერიოზული პრობლემები, ფაქტობრივად, სერიოზული პრეტენზიები გამოითქვა სააკაშვილის წინააღმდეგ, იმიტომ რომ სწორედ სააკაშვილი გახლდათ ის ადამიანი, რომლის უშუალო ახირებით დაიგეგმა და განხორციელდა ეს აქცია. სამარშრუტო ტაქსები თითქმის ცარიელი იყო, რომლითაც მათ მომიტინგეები ჩამოჰყავდათ. სააკაშვილი 21 მარტის აქციის ჩაფლავების გამო ისეთი გაცოფებულია, რომ ვერ აწყნარებდნენ. მასთან ლაპარაკი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს აღარ სურთ. „ნაციონალები“ დაშლის პირას არიან. საოცრად დიდი გულისწყრომა გამოიწვია ახალაიას კლანში იმ ფაქტმა, რომ მიტინგზე ერთხელ არავის უხსენებია ბაჩანა ახალაია, როგორც პოლიტიკური პატიმარი. ამ მიტინგზე ახალაიას კლანი ბოლომდე გაიწირა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ახალაიას კლანმა კი ამ აქციაზე ყველაზე მეტი ხალხი შეკრიბა. ბაჩანა ახალაიას აქტიურმა მხარდამჭერმა თეა თუთბერიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს პირდაპირ ლაჩრები და „ჩმორები“ უწოდა. ანი ნადარეიშვილი „ნაციონალებთან“ თავის პრეტენზიებს უკვე ვეღარ მალავს და ღიად აფიქსირებს უკმაყოფილებას. როგორც მითხრეს, აქციის დამთავრებას აღარ დაელოდა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ „ნაციონალების“ ბაზაზე შეიქმნება ახალ-ახალი პარტიები და ყველა გააკეთებს იმას, რომ მთელი 9 წლის მანძილზე რაც კი სიბინძურე ხდებოდა, მიხეილ სააკაშვილს შეაწმინდონ, ხოლო თვითონ მაქსიმალურად შეეცდებიან, თავი „გაითეთრონ“, რათა პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩნენ, რაც, ცხადია, წარმოუდგენელია, მაგრამ ამის მცდელობა გამოჩნდება“, – განუცხადა სანდრო ბრეგაძემ „ალიას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები