სასტუმრო “ამბასადორში” მოსამართლეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება
“საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის” ორგანიზებით, სასტუმრო “ამბასადორში” სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლებების განხილვის მიზნით, მოსამართლეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, “საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის” წევრი საადვოკატო ბიუროების იურისტები 2014 წლის ოქტომბრიდან მუშაობენ. ცვლილებების პროექტზე ადვოკატებს მოსაზრებები და შენიშვნები გაუზიარა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსამართლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, ვოშბორნის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორმა, რორი ბაჰადურმა. “სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების ინიციატივა მხარეთა შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის მიზნით წამოიჭრა. შეთავაზებული ცვლილებების შედეგად პრაქტიკაში იქნება რეალიზებული პროცესის ეკონომიკურობის პრინციპი. ამ მიზნით დაიხვეწა მხარეთა ახსნა-განმარტების, მოწმის დაკითხვის და ექსპერტის დანიშვნის წესები. შემოთავაზებულია აგრეთვე ამერიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსზე მოდელირებული დროებითი და ძირითადი უზრუნველყოფის ღონისძიებების დანერგვა.
ასოციაციის წევრების ინიციატივაა, რომ მხოლოდ ადვოკატს გააჩდნეს უფლება, წარმოადგინოს მხარის ინტერესები პირველი ინსტანციის სასამართლოში. გამონაკლისი იქნება ის შემთხვევა, როდესაც პირს სურს თავად, ან ოჯახის წევრის საშუალებით იყოს დაცული მისი ინტერესები პროცესზე. ადვოკატები აგრეთვე მიიჩნევენ, რომ თუ პროცესზე წარმოდგენილია მხარე და ადვოკატი, და მხარე ადასტურებს მის გვერდით მყოფი ადვოკატის წარმომადგენლობის უფლებამოსილებას, აღნიშნული საკმარისი უნდა იყოს მოსამართლისთვის, რომ დაადგინოს მხარის ნება და შესაბამისი ადვოკატის უფლებამოსილება. ამდენად, არ უნდა იყოს საჭირო მოსამართლისთვის დამატებით ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის წარდგენა. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად ზუსტდება ადვოკატის ხარჯები, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევები, საქმის წარმოების განახლების ნორმები; დაიხვეწება მედიაციის და მორიგების მარეგულირებელი მუხლები”, – აცხადებენ ასოციაციაში.