რატომ დაუპირისპირდა თერჯოლის გამგებელი მოქალაქეს
თერჯოლის გამგებელსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა. “კვირას” ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც როსტომ გავაშელიშვილი გამგებლის თემურ ჯაფარიძის კაბინეტში შევიდა და პასუხი მოსთხოვა იმაზე, რომ ის არ დაასაქმეს გამგეობაში.
როგორც ჯაფარიძემ “კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, როსტომ გავაშელიშვილმა გამგეობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში საკმარისი ქულები ვერ დააგროვა და შესაბამისად ვერ დასაქმდა. “მოქალაქე როსტომ გავაშელიშვილი ჩემ კაბინეტში ნასვამ მდგომარეობაში შემოვიდა, გააპროტესტა, რომ გამგეობაში ვერ დასაქმდა, მე მას ავუხსენი, რომ კიდევ გამოცხადდება კონკურსი და თუ დასაქმება სურს, კიდევ მიიღოს მონაწილეობა და მოსინჯოს ძალები, თუმცა ის კვლავ განაგრძობდა ხმამაღალ საუბარს, რის შემდეგაც დაცვამ დაატოვებინა ჩემი კაბინეტი“, – აღნიშნა“კვირასთან„ თერჯოლის გამგებელმა. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ გავაშელიშვილმა გამგებელს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ როსტომ გავაშელიშვილი “ქართული ოცნების“ წევრია, თემურ ჯაფარიძე არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ის ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერია.
მამაკაცი გადაყვანილია პოლიციაში და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 120-ე მუხლით, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას ითვალისწინებს.