ელგუჯა ხოკრიშვილმა ჰიდრომეტეოროლოგებს პროფესიული დღე მიულოცა და ისინი სიგელებით დააჯილდოვა
ჰიდრომეტეოროლოგიის 170 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგებს პროფესიული დღე მიულოცა და თანამშრომლები სიგელებით დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ 23 მარტი მსოფლიო მეტეოროლოგიის დღეა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წელს მეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით მთელი რიგი სამუშაოები განხორციელდა. საქართველოს მასშტაბით 30 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების ავტომატურად გამზომი სტაციონალური ხელსაწყო-დანადგარი დამონტაჟდა, რაც მეტეოროლოგიური პროგნოზის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური 1844 წელს თბილისის მაგნიტურ-გეოფიზიკური ობსერვატორიის ბაზაზე ჩამოყალიბდა, ხოლო 2004 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით ჩამოყალიბდა. ღონისძიებას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და მოწვეული სპეციალისტები დაესწრნენ.